"სამშობიაროში დედა მოატყუეს, პატარა ვერ გადარჩაო" - კვირის პალიტრა

"სამშობიაროში დედა მოატყუეს, პატარა ვერ გადარჩაო"

ახლახან რედაქციაში ხანში შესული მამაკაცი ვალერი კ. გვეწვია და გვთხოვა, მინდა, დედაჩემის ამბავი საზოგადოებას მოვუყვეო. კაცი ინვალიდია, ცალი მკლავი დაზიანებული აქვს, როგორც გვითხრა, ტრავმა ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას მიიღო.

ვალერი კ.: - ჩემი დედ-მამა მშობლების უნებართვოდ, 17-18 წლისა დაქორწინებულან. მამა მალევე ავარიაში დაღუპულა. ფეხმძიმე დედაჩემისთვის დედამთილ-მამამთილს უთქვამთ, - ვერ გიპატრონებთ, აბორტი გაიკეთე და შენს გზას ეწიეო.  მამიდაც გადაჰკიდებია, - გინდა თუ არა, გაიკეთე აბორტიო. ატირებული წასულა მშობლებთან დედაჩემი, - დამეხმარეთ, შვილი მინდა გავაჩინო ჩემი ნაადრევად დამიწებული სიყვარულის სახსოვრადო.

არ ვიცი, რა ეშმაკი შეუჩნდათ ბებიაჩემს და ბაბუაჩემს - გათხოვება არ გიკითხავს და ახლა რატომ უნდა დაგეხმაროთო!

გამწარებულ და ყველასგან მიტოვებულ ქალს თავის მოკვლა უცდია -  მანქანას ჩავარდნია ბორბლებში. ძლივს გადაარჩინეს. თურმე სისხლისგან იცლებოდა. ექიმებმა იფიქრეს, მუცელი მოეშალაო და აბორტი აღარ გაუკეთეს. მალე დედა რომ მომჯობინებულა, მუცელიც დასტყობია. მაშინ სად იყო ექოსკოპია. გასინჯეს ექიმებმა - ორსულად ხარ, ნაყოფი ჩვეულებრივად ვითარდებაო.

დღენაკლული, 7 თვისა დავიბადე. ცალი ხელი განუვითარებელი მქონდა,  როგორც ჩანს, დედამ თვითმკვლელობა რომ სცადა, მაშინ მუცლად ყოფნისას, დამიშავდა. ინკუბატორში რომ გადამიყვანეს, თურმე ისევ დაიწყეს ნათესავებმა დედაჩემის დარწმუნება, - ბავშვი ავადმყოფი იქნება, რად გინდა მძიმე ტვირთი, ახალგაზრდა ხარ, ცხოვრება წინ გაქვსო. გადარეულა დედა - ჩემს შვილს თავს არ დავანებებო.

ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სამშობიაროდან გაწერეს, მე ინკუბატორში დამტოვეს. დედა მოატყუეს, პატარა ვერ გადარჩაო. არ დაიჯერა. მეძებდა. მედდის დახმარებით ჩვილ ბავშვთა სახლში მომაგნო. მშობლებისგან მალულად მაკითხავდა, მივლიდა, თან ქარხანაში მუშაობდა, - იქნებ ბინა მომცენ და შვილი ჩემთან წავიყვანოო. ჩვილთა თავშესაფრის თანამშრომლებიც ძალიან გულშემატკივრობდნენ. ხანდახან ჩემთან დარჩენის უფლებასაც აძლევდნენ თურმე. სამი წლის ვიყავი, როცა მე და დედას დამოუკიდებლად და ერთად ცხოვრების საშუალება მოგვეცა ერთოთახიან ბინაში, რომელიც, როგორც განსაკუთრებით გამრჯე და კეთილსინდისიერ ადამიანს მისცეს.

მან ღირსეულად გამზარდა. დედაც იყო და მამაც, საოცარი მეგობარიც. ყველა ნათესავზე უარი თქვა - ვისაც შენ არ უნდიხარ, ისინი მეც არ მინდაო. მახსოვს, როდესაც მშობლების გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, არ წასულა. იმ დროს ჩვენ უკვე სხვა ქალაქში ვცხოვრობდით.

ძალიან ლამაზი და ჭკვიანი ქალი იყო და ვინ აღარ დასდევდა უკან. შენს თავს ვერავის დავაჩაგვრინებ, თანაც მამაშენის გარდა, მე სხვა კაცი არ მინდაო, - მეუბნებოდა. მამის საფლავზე დავყავდი. გახსოვდეს, როდესაც მე აღარ ვიქნები, მაშინაც არ უნდა დაარღვიო ეს ტრადიციაო. როდესაც სასაფლაოს მივუახლოვდებოდით, დაზვერავდა, - ვინმე მამაჩემის ოჯახის წევრი ხომ არ იდგა საფლავთან ახლოს. ცდილობდა, არავისთვის შევეხვედრებინე. ნათესავებისგან ისე მიცავდა, როგორც ავი თვალისგან, მაგრამ ბედისწერისგან ვერ დამიცვა. დედაჩემივით მეც მიღალატა იღბალმა. ცოლი, რომელიც ძალიან მიყვარდა, მშობიარობას გადაჰყვა. შვილივით დაიტირა დედაჩემმა. მერე გულით გაზარდა ჩემი პატარა გოგონა. შარშან, გაზაფხულზე, შვილთაშვილსაც მოესწრო. ერთ დღეს, ბავშვს ეთამაშებოდა, უცებ დაგვიძახა, - წყალი მომაწოდეთო. კედელს მიეყრდნო, თვალები დახუჭა და წავიდა...

მე არავინ მყავს ჩემი ქალიშვილის, სიძის, შვილიშვილის და მეგობრების გარდა. როგორც უკვე გითხარით, ნათესავებთან კავშირი გაწყვიტა დედამ, თან მუდმივად მაფრთხილებდა, - როცა აღარ ვიქნები, ისინი მაშინაც არ მოძებნოო. ერთგულად ვასრულებ დედის დანაბარებს, მაგრამ მინდა ყველამ იცოდეს, როგორი ქალი იყო დედაჩემი და რა შეუძლია ქალს, თუ ის ნამდვილ დედად არის დაბადებული.

რამდენჯერაც ტელევიზორში სანაგვეზე ან სადარბაზოებში მიგდებული ჩვილის შესახებ მოისმენდა, გოდებდა, - ვაიმე, შვილოო, საკუთარივით დასტიროდა უიღბლო პატარებს, - ასეთი უჯიშო ქალები როგორ იბადებიან, შვილებს სასიკვდილოდ როგორ იმეტებენო...

მერე რა, რომ დედაჩემი ცნობილი ადამიანი არ იყო და ბევრმა არ იცის, რა ჭირ-ვარამი გადაიტანა. ის გმირი იყო, რომელმაც 17 წლის ასაკში თქვა უარი თავის ცხოვრებაზე და სიცოცხლე მე მომიძღვნა...

სოფო გამრეკელი