ბებიამ "შემაბა" - კვირის პალიტრა

ბებიამ "შემაბა"

"იმდენად დაუჯერებლად ჟღერდა ასაკოვანი ქალისგან ასეთი ცუღლუტობა, რომ დღემდე ანეკდოტივით ვყვებით ამ ამბავს"

"კუდიანმა" მოხუცმა ბედს მწია

რამდენიმე თვის წინ ვწერდი მაჭანკალზე, რომელიც სოციალურ ქსელში ერთმანეთს ქალებს და მამაკაცებს აცნობს. მაშინ ბევრი გამოგვეხმაურა, - მაჭანკალს დაგვაკავშირეო. იმან კიდევ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ამდენი ადამიანის გაცნობა-დაოჯახებას თავს ვერ გავართმევო.

ახლახან ერთი ახალგაზრდა მამაკაცი შეგვეხმიანა და ისეთი ამბავი გვიამბო, ახლობელ-ნათესავების დაქორწინების მსურველთ უნდა გამოადგეთ გამოცდილებისთვის და მისი გამოყენებაც სცადონ.

ლევანი 41 წლის არის. როგორც გვითხრა, ჯერ სწავლობდა, შემდეგ ბიზნესი წამოიწყო, მთელ დროს სამუშაოს ახმარდა და ცოლის შერთვაზე არც უფიქრია. რომ არა  ერთი საოცარი მოხუცი, შესაძლოა, დღესაც არ მყოლოდა ცოლიო, - გვითხრა და ეშმაკურად მოჭუტა თვალები.

ლევან ბ.: - სკოლის დამთავრების შემდეგ უცხოეთში წავედი - განათლება მივიღე და ბიზნესსაც მოვკიდე ხელი. სამშობლოში იშვიათად ჩამოვდიოდი. დრო თვალსა და ხელს შუა გამეპარა. მეგობრები მაგულიანებდნენ, - მიდექ-მოდექი, მოძებნე ვინმე, ინტერნეტში მაინც დაჩალიჩდი, გოგონები ძალიან აქტიურობენო.

ერთ საღამოს შინ შექეიფიანებული  დავბრუნდი, ჩავრთე სკაიპი და დავიწყე ალალბედზე ქართული სახელების მიხედვით გოგონების გვერდების ამოყრა. ერთი განსაკუთრებით მომეწონა. გავუგზავნე მეგობრობის თხოვნა, მაშინვე თანხმობა მომივიდა. გავაბით მიმოწერა. ძალიან საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. ისე შემიყოლია, რომ მომინდა, მისი ხმაც გამეგონა, დამენახა, თვალებში მეცქირა და ისე მელაპარაკა. ვიდეოთვალი არ მაქვს და ვერ დაგენახვები, ისე კი, ვილაპარაკოთო, - მომწერა.

- ერთხელაც არ გინახავთ და შეგიყვარდათ?

- თქვენ წარმოიდგინეთ კი. ბიზნესის ამბებსაც კი ვუამბობდი და რჩევას ვეკითხებოდი. ერთი სული მქონდა, სამუშაო მალე დამესრულებინა, რომ კომპიუტერს მივჯდომოდი.

- და როდის შეხვდით?

- ინტერნეტურთიერთობიდან 6 თვის თავზე, კიევში. კონფერენციაზე იყო ჩამოსული. აი, იქ მოხდა, რაც მოხდა... მოკლედ,  ვცდილობდი, აეროპორტში ამდენ ხალხში მის ამოცნობას. მერე თვალი ვკიდე ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ქალს... დავურეკე და ვუთხარი, აი, გხედავ-მეთქი და ტელეფონი გამითიშა. დავიბენი, მაგრამ მაინც  მივედი და ხელი ჩამოვართვი, - ლევანი ვარ-მეთქი. ა, თქვენ ხართო? - გამიღიმა ნაზად, - გმადლობთ, რომ შეწუხდითო. უარესად დავიბენი. ნამდვილად ის გოგო იყო, ვისაც ამ ხნის განმავლობაში კომპიუტერის მონიტორზე, ფოტოებში ვხედავდი, მაგრამ უცხოსავით მექცეოდა. კონვერტი ამოიღო და მომაწოდა, - ეს ბებიამ გამოგიგზავნათ, მითხრა, რომ დამხვდებოდით...

კონვერტი უნებურად გამოვართვი, - რა ბებია, ვინ ბებია, რა შუაშია ეს კონვერტი-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ გახევებული ხან კონვერტს დავყურებდი, ხან - გოგოს. ნახვამდისო, -  დამემშვიდობა ღიმილით და წავიდა.

გაოგნებული ვიდექი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა, ან ეს წერილი რას ნიშნავდა, მერე, ცოტა გონს რომ მოვეგე, კონვერტი გავხსენი და... სიცილი ამიტყდა.

- რას გწერდათ?

- იმას, რომ ძალიან მაგარი, უჭკვიანესი შვილიშვილი ჰყავს, რომლის მოსაწონი კაცი ჯერ ვერ გამოჩნდა და გთხოვ, მიმიხედეო. მე ხომ შეგიყვარდი, აი, ზუსტად ჩემნაირი ხასიათი აქვს მაგ გოგოს და თუ მოამტვრევ რქებს, ბედნიერი კაცი იქნებიო. წერილში  სასტუმროს მისამართიც ეწერა, სადაც შვილიშვილი უნდა გაჩერებულიყო და მასთან საკონტაქტო ყველა საშუალება.

მეგონა, ეს ყველაფერი სხვის თავს ხდებოდა. ვერ წარმომედგინა, რომ ვიღაც ბებიამ "შემაბა" და რისთვის - შვილიშვილი რომ გაეთხოვებინა. თანაც მშვენიერი ქალი, რომელსაც სამაჭანკლო არაფერი სჭირდა, ისეთი იყო, ყველას მოსწყვეტდა თვალსაც და გულსაც. ბებიასთან დავრეკე სკაიპში, შენც არ მომიკვდე, გამორთული იყო ყველაფერი. ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე - იქნებ ეს გოგო მართლა ჩემი ბედია-მეთქი და  დავურეკე, სისულელე ვუთხარი, ქართველებთან ურთიერთობას მონატრებული ვარ, იქნებ შემხვდეთ, თბილისის ამბები მიამბოთ-მეთქი. თავპატიჟი არ გამოუდვია. შემხვდა. ურთიერთობის პირველსავე საათში დავრწმუნდი, რომ ბებია შესანიშნავად იცნობდა თავის შვილიშვილს და სწორედ მისი ღირსებებისა და თვისებების გათვალისწინებით "ჩალიჩობდა". იმ ღამით შინ დაბრუნებულს სულელივით მეცინებოდა "კუდიან" მოხუცზე და ერთი სული მქონდა, გამეცნო.

- შვილიშვილმა რომ გაიგო ბებიას ამბავი, რა თქვა?

- კინაღამ შეიშალა. ბებიაჩემს მოვკლავო, მაგრამ მერე ისტერიკული სიცილი აუვარდა. იმდენად დაუჯერებლად ჟღერდა ასაკოვანი ქალისგან ასეთი ცუღლუტობა, რომ დღემდე ანეკდოტივით ვყვებით ამ ამბავს.

ნათელა ბებია მალე 74 წლის გახდება. ჩვენ საოცრად თბილი ურთიერთობა გვაქვს, ან სხვაგვარად როგორ უნდა იყოს, სწორედ მან მწია ბედს...

სოფო გამრეკელი