"დედამისს უთქვამს, მოვკვდები და ერთადერთ შვილს პროვინციელს ცოლად არ გავატანო" - კვირის პალიტრა

"დედამისს უთქვამს, მოვკვდები და ერთადერთ შვილს პროვინციელს ცოლად არ გავატანო"

"მინდა მკითხველს ჩემი მეგობრების შესახებ ვუამბო. თიკო დედისერთა გოგოა, მშვენიერი და ნიჭიერი, საოცრად თავმდაბალი, კეთილი. ბევრ კარგ ბიჭს მოსწონდა, ის კი არც ერთს აინუნში არ აგდებდა.

ერთ მშვენიერ დღეს კი კახა გაგვაცნო - ჩემი კურსელი და საქმროაო. მშვენიერი გარეგნობისა იყო. მეგრული კილოთი რომ დაგველაპარაკა, გავოგნდით. თიკო ისეთ ბიჭებს ეუბნებოდა უარს, თბილისში რომ სანატრელ სასიძოებად ითვლებოდნენ და უცებ, წალენჯიხელი კახა არ აირჩია?.. თიკომ გვითხრა: ძალიან ნიჭიერი, ალალი ბიჭია. ისეთი ღირსებები აქვს, რაც სხვისთვის უცხოა, ამიტომაც შემიყვარდაო... ეს ამბავი რომ დეიდა რუსუდანმა (თიკოს დედამ) გაიგო, გამეხდა, - მოვკვდები და ერთადერთ შვილს პროვინციელს ცოლად არ გავატანო. თიკოს ბევრი აღარ უფიქრია, კახასთან ერთად გაიპარა. ჩვენ, მისი მეგობრები, ვცდილობდით დეიდა რუსუდანის დამშვიდებას, სიძეზე ერთი-ორი ტკბილი სიტყვის თქმას, მაგრამ გამეხებულ ქალთან ხმის ამოღებას ვერ ვბედავდით. მშობლებმა თიკოს შეუთვალეს, - თუ კახას გარეშე დაბრუნდები, მიგიღებთ, თუ არადა, მკვდრად გამოგაცხადებთო. თიკო მაინც კახასთან დარჩა...

გავიდა სამი წელი. თიკოსთან რამდენჯერმე ვიყავით ჩასული და აღფრთოვანებული დავრჩით. მიუხედავად იმისა, რომ თავზე არ გადასდით, მაინც არ წუწუნებენ. ეს ჩვენი თბილისელი თიკო კი ქმარ-შვილსაც უვლის, სახლ-კარსაც და ქათმებსაც, ძროხასაც წველის და უსაზღვროდ ბედნიერია. თიკო და კახა სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიან. კახა გამოგვიტყდა: ალბათ, ჩემს სიდედრ-სიმამრს ჰგონია, რომ მათი ქალიშვილი ქონების გამო შემიყვარდა, არადა ასე არააო.

თიკოს მეორე შვილი, ერეკლე რომ შეეძინა (უფროსი გოგონა ჰყავთ, გვანცა), ნავსიც გატყდა. რუსუდანი და მიხეილი მიხვდნენ, რომ შვილის დაკარგვა მისი არჩევანის გამო არ შეიძლებოდა (ან კი, რა შემთხვევაში შეიძლება შვილის მოძულება?). ბედნიერი ყველგან შეიძლება იყოს ადამიანი. რაღა ბევრი გავაგრძელო და, მშობლებმა თიკოს სოფელში ჩააკითხეს და შვილიშვილებისთვის უამრავი საჩუქარიც ჩაიტანეს. სიძეს კი სთხოვეს, ოღონდ ჩამოდით და სამსახურშიც მოგაწყობთო. თიკო და კახა თბილისში დაბრუნდნენ... მშობლებს რომ არ დაეთმოთ, თიკო აქეთ გამომხედავი ნამდვილად არ იყო. კახას სიდედრ-სიმამრი თავს ევლება და ასე გამოხატავს სინანულსაც და პატივისცემასაც.

ქეთი დევდარიანი, თბილისი".