"ასე ცხელ გულზე არ უნდა გამოვქცეულიყავი" - კვირის პალიტრა

"ასე ცხელ გულზე არ უნდა გამოვქცეულიყავი"

"დამირეკა და ისეთი გაბზარული ხმით მითხრა,  - ეს რა გააკეთეო,  გული ჩამწყდა"

სითამამისთვის ორი ჭიქა გადაკრა და გოგონა საცეკვაოდ გაიწვია

როცა პოლიტიკური ვნებათაღელვა ოჯახშიც შემოდის და ცოლ-ქმრის შეხედულება იყოფა, სიმშვიდეს სამუდამოდ თუ არა, კარგა ხნით მაინც უნდა დაემშვიდობო.

ჩემი რესპონდენტი მაია 45 წლის სანდომიანი ქალბატონია. ის და მისი მეუღლე რამდენიმე წელი მოსკოვში ცხოვრობდნენ. ქართველები სატვირთო თვითმფრინავით საქართველოში რომ გამოისტუმრეს, მაიამ აღარ ინდომა იქ ცხოვრება, სადაც ქართველები ასე სძულდათ.... ქმარი კი იქ დარჩა. რამდენიმეწლიანი განშორების შემდეგ ცოლ-ქმარი შერიგდა, სიყვარულმა პოლიტიკას სძლია, თუმცა მაიას და გიას (მოსკოვურად - გოშა) რომანს თავიდან გიამბობთ:

KvirisPalitra.Geისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. მაია გარეგნობით და ნიჭით გამორჩეული გოგო იყო და ბევრ ბიჭს მოსწონდა. პირველად იგი ზურამ, გიას მეგობარმა, "აღმოაჩინა" - ეს გოგო მომწონსო. ეს მეხუთე კლასში მოხდა. გავიდა დრო და მაიას და ზურას რომანი გახმაურდა. გიამ კი, რომელსაც დანახვისთანავე შეუყვარდა გოგონა, გულში ჩაიკლა გრძნობა. როგორი საქმე იყო, ვინმეს რომ გაეგო, ძმაკაცის შეყვარებული უყვარდა! ხშირად, როცა ზურა შეჯიბრებების გამო (წყალბურთელი იყო) თბილისს ტოვებდა ხოლმე, გიას სთხოვდა, - მაიას მიმიხედეო და ისიც პირნათლად ასრულებდა ძმაკაცის დანაბარებს - მაიას გაკვეთილების შემდეგ სკოლის კართან ელოდებოდა და შინამდე აცილებდა ხოლმე. მაია ვერაფერს გრძნობდა. მხოლოდ ერთხელ, გამოსაშვები კლასის ბანკეტზე უსიამოვნოდ გაჰკრა ფიქრმა - "რა დაემართა? რატომ მიყურებს ასე?" გია იმ წუთებში თავს ებრძოდა, მაიას თვალს არ აშორებდა - ავდგები, მივალ და ყველაფერს ვეტყვი, მოხდეს რაც მოსახდენია. თუ უარი მითხრა, საერთოდ გავქრები აქედანო.

ბოლოს, სითამამისთვის ორი ჭიქა გადაკრა და გოგონა საცეკვაოდ გაიწვია. მაია სიცილით გაჰყვა. ბიჭი ისე დაბნეული მისჩერებოდა, სიცილი შეწყვიტა: რა გჭირს, ცუდად ხომ არ ხარო. ყველა სიტყვა ერთბაშად გამოუფრინდა თავიდან, რაც მისთვის უნდოდა ეთქვა და ესღა ჰკითხა, - ზურა ძალიან გიყვარსო? განცვიფრებულმა მაიამ ცოტა არ იყოს, წყენით მიუგო: - ეს მთელმა სკოლამ იცის და შენ, ზურას ძმაკაცი, ამას ახლა მეკითხები? მალე მისი ცოლი გავხდები. შენ კი შვილს მოგვინათლავო.

გიამ შეუმჩნევლად დატოვა დარბაზი. მალევე ნათესავთან გაემგზავრა მოსკოვში. მანამდე მხოლოდ ზურა ინახულა, მოუბოდიშა, - ვერავის ვემშვიდობები, ნაუცბადევად მომიხდა წასვლა და არ მიწყინოთ. სამედიცინო ინსტიტუტში გამოცდებს ჩავაბარებ და ჩამოვალო... მაგრამ გია აღარ დაბრუნებულა. ზურამ და მაიამ ჯვარი დაიწერეს. ზურამ მეგობარს კი შეუთვალა, - ჩამოდი, ჩემი ბედნიერების დღეს მინდა გვერდში მყავდეო, მაგრამ გიამ რაღაც "მნიშვნელოვანი საქმე" მოიმიზეზა. ჯერ ბიჭი შეეძინათ, მერე გოგონა. გიამ საერთოდ ამოიკვეთა ფეხი თბილისიდან. მეგობრები დროდადრო ეხმიანებოდნენ - რა იყო, ასე რატომ დაგვივიწყეო. გიამ ვერა და ვერ შეძლო მაიას დავიწყება. ყველა ქალში მაიას "ანარეკლს" ეძებდა. ვერ დაოჯახდა. ერთხელ, ზურაც ესტუმრა მოსკოვში. გულით გაუხარდა მეგობრის ნახვა, დიდი ლხინიც გაუმართა... ზურა ერთ რუს ქალთან გაერთო, გია კი ფიქრობდა: მაიკოს ქმარი რომ ვყოფილიყავი, არასოდეს ვუღალატებდიო... ამის მერე ძალიან მალე აფხაზეთში ომი დაიწყო. ზურა საბრძოლველად წავიდა და დაიღუპა. მაია დაქვრივდა. იმ პერიოდში გიამ მედიცინას თავი დაანება და ბიზნესი წამოიწყო. ხელი მოემართა და გამდიდრდა. ზურას დაღუპვიდან წელიწადი იყო გასული, როცა თბილისში ჩამოვიდა... იყო უსაშველოდ გრძელი რიგები პურზე, პროდუქტები ტალონებით იყიდებოდა. უშუქობას და სიცივეს ხალხი ირანული ლამპებით, სანთლებით, მამაპაპური შეშის ღუმელებით ებრძოდა. გიამ მაია მოინახულა, ბავშვები დაასაჩუქრა და... ამდენი ხნის ნაგროვები ერთბაშად ამოთქვა. გაოგნებული მაია ყურებს არ უჯერებდა...

ჩემს ნათქვამზე იფიქრე... ამდენ ხანს უშენოდ ვიყავი და ახლაც დაგელოდებიო, - უთხრა გიამ და კარი გაიხურა. მარტოდ დარჩენილი მაია გონს გვიან მოვიდა და ატირდა... სანამ გია თბილისში იყო, პასუხი მაინც ვერ უთხრა - ჩემთვის არაა იოლი ასე მალე გათხოვება, თანაც ზურას მეგობარზე. ამიტომ ვერაფერს გეუბნებიო... მერე მაიას დედამ, დამ და უახლოესმა მეგობრებმა ურჩიეს, - ასეთ სიყვარულს ხელს ნუ ჰკრავ, გიასავით ვერავინ მიხედავს შენს შვილებსო. ქალი დათანხმდა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე დაფრინავდა გია, მაია და ბავშვები მოსკოვში წაიყვანა, მალე მესამეც გაჩნდა - მარიამი. გიამ საუკეთესო სასწავლებელში მიაბარა ზურას შვილები. მოგვიანებთ უფროსი ინგლისში გაგზავნა სასწავლებლად...

პირველი უკმაყოფილება ცოლ-ქმარს მაშინ მოუვიდა, როცა გიას რუსმა ბიზნესპარტნიორმა ამრეზით თქვა: რა გაკლდათ ქართველებს საბჭოთა კავშირში? არაფერი. ახლა იწვნიეთ, რაც არის უჩვენობა. ბევრჯერ მოგენატრებით. აფხაზეთი ხომ ჩვენია, მალე სხვა კუთხეებსაც გაუჩნდებათ ჩვენთან შემოერთების სურვილი და ასე ნაწილ-ნაწილ დაიშლება საქართველოო... განრისხებულმა მაიამ საკადრისი პასუხი გასცა, რის გამოც, სტუმრების წასვლის შემდეგ გიამ უსაყვედურა, - ჯობდა, თავი შეგეკავებინაო...

მაია: - ჯერ იმ კაცზე გავბრაზდი, ასე არხეინად რომ ლაპარაკობდა საქართველოს დაშლა-დანაწევრებაზე, მერე კი გიაზე. იმის მაგივრად, რომ თვითონ ეპასუხა და გაეჩუმებინა, მე მისაყვედურა. შევყევით და გვარიანად ვიჩხუბეთ. კატეგორიულად ვუთხარი, - თუ არ აუკრძალავ იმ ბრიყვს და მისნაირებს საქართველოსა და ქართველებზე ასე ლაპარაკს, ყველას კუდით ქვას ვასროლინებ, სულაც არ მეშინია, რომ მოსკოვში ვარ-მეთქი. არ ვიცი, რამე უთხრა თუ არა გიამ თავის ბიზნესპარტნიორს, მაგრამ მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ გვესტუმრა და მაშინაც ხმა არ ამოუღია. თითქოს ყველაფერი დალაგდა, ჩვეული ცხოვრება განვაგრძეთ, მაგრამ უთანხმოება მერეც მოგვივიდა. ეს მაშინ მოხდა, როცა ათასობით ქართველი პირუტყვივით შერეკეს საბარგო თვითმფრინავში და თბილისისკენ გამოისტუმრეს. მაშინ გიამ მთხოვა, ცოტა ხანს ქუჩაში ნუ გახვალ და შენი შეხედულებების საჯარო გამოთქმისგან თავი შეიკავეო. ასე რომ მოგვექცნენ, ისედაც დამდუღრული ვიყავი და გიას გაფრთხილებამ ცეცხლზე ნავთი დამასხა. გავბრაზდი. მაშინ ჩემი უფროსი შვილი გიორგი ინგლისში იყო, თეას და მარიამს ხელი მოვკიდე, გიას წერილი დავუტოვე - ახლა მხოლოდ საქართველოში ყოფნა მინდა-მეთქი. ჯერ კიევში ჩავფრინდით, იქიდან თბილისში წამოვედით. დედაჩემმა გამამტყუნა, - დედა ალბათ, მართალია, ასე ცხელ გულზე არ უნდა გამოვქცეულიყავი, მაგრამ მაშინ ისე ვიყავი აღშფოთებული, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი. თანაც ისიც მაღიზიანებდა, რომ გიას აშკარად ვატყობდი გულგრილობას, ის თავის ბიზნესს უფრთხილდებოდა.

თბილისში ჩამოვედი თუ არა, მაშინვე დამირეკა. ისეთი გაბზარული ხმით მითხრა, - მაია, ეს რატომ გააკეთეო, რომ გული ჩამწყდა. მერე, თვითონვე შეარბილა სიტუაცია და შემომთავაზა, - თუ გინდა, ცოტა ხანს დარჩი მანდ, მე ჩამოგაკითხავ ხოლმე და ერთად წავიდეთ დასასვენებლად. მოსკოვში დაბრუნებას კი არ გაძალებ, როცა მოგინდება, მაშინ ჩამოდიო. მართლაც, გია მას მერე წელიწადში სამჯერ ჩამოდის და ხან ერთი თვით, ხან ორი კვირით რჩება. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს მთელი ოჯახით ბოდრუმში ვიყავით დასასვენებლად. კინაღამ გავგიჟდი, გორის დაბომბვის ამბავი რომ გავიგე, გიაც ძალიან ნერვიულობდა. აწი უფრო ძნელი იქნება შენთვის მოსკოვში ცხოვრების გაგრძელება, ამიტომ რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მე უშენობა ძალიან მიჭირსო. ჩემმა მეორე შვილმაც ინგლისში რომ მოინდომა სწავლა, საგონებელში ჩავვარდი. გია ისედაც სოლიდურ თანხას უხდიდა გიორგის ბიზნესკოლეჯში... თეას ვეხვეწებოდი, აქაც ბევრი კარგი სასწავლებელია და აქ ისწავლე-მეთქი. მან კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. მერე გიას გადაუკრა სიტყვა, მან ულაპარაკოდ აუსრულა სურვილი. მე და მარიამი აქ ვართ. გია რამდენიმე დღით ჩამოვიდა და ახალ წელს ჩვენთან ერთად შეხვდა. ერთხანს ვფიქრობდი, როგორმე ჩამოვიყვან-მეთქი, მაგრამ მივხვდი, ეს შეუძლებელია. მოსკოვში კაცს საათივით აქვს საქმე აწყობილი და აქ რომ ჩამოვიდეს, ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. წასვლის წინ მითხრა: - მაია, იქნებ მოერიო თავსო... რახან გია ვერ ახერხებს წამოსვლას, გადავწყვიტე, მე წავიდე მასთან. დედა აქედანვე მმოძღვრავს - მთავარი ისაა, რომ გიას ძალიან უყვარხარ, მას იქ პატივს სცემენ; შენი ქცევით კი გარშემომყოფთ დაუმტკიცე, რა ღირსეული ერის შვილი ხარო... ასეც მოვიქცევი.