"'ეს სენი სიყვარულმა დამაძლევინა, ახლა თათიას ჯერია..."
31-03-2014
"'ეს სენი სიყვარულმა დამაძლევინა, ახლა თათიას ჯერია..."
"მზად ვარ, მისთვის სიცოცხლე დავთმო... ჩვენ მოვერევით იმ საშინელებას, რომელიც ცდილობს თათია წამართვას"

სევდიანი, მაგრამ ძალიან ლამაზი ამბის გმირი ახლობელთან გავიცანი. როცა ნიკამ სიყვარულის ამბავი მიამბო, ვიფიქრე, იქნებ ბევრისთვის მანუგეშებელი იყოს-მეთქი...


ნიკა:
- სამი წლის წინ ონკოლოგიური დაავადება აღმომაჩნდა. საბედნიეროდ, მკურნალობა დაგვიანებული არ იყო. ამის მიუხედავად, დეპრესიამ შემიპყრო, თავის მოკვლის სურვილიც კი გამიჩნდა, მაგრამ  სამედიცინო გამოკვლევებისა და კონსულტაციების რიგებში მშობლები ჩვილ ბავშვებთან ერთად რომ დავინახე, საკუთარი თავის შემრცხვა, ასეთი რამ
როგორ გავიფიქრე-მეთქი. გული მხოლოდ იმაზე მწყდებოდა, რომ არასდროს არავინ მყვარებია. გოგოებთან ყოველთვის აგდებული, მაპატიეთ და მომხმარებლური დამოკიდებულება მქონდა. ვერთობოდი და არც მაწუხებდა, როგორ იცვითებოდა ჩემი გრძნობა.

ერთხელ, ქიმიოთერაპიის წინ ექიმი უნდა მენახა და რიგში დგომამ მომიწია. ათი კაცი იდგა ჩემ წინ. დერეფანში სული მეხუთებოდა და
ეზოში გავედი. კიბეზე გოგონა შევნიშნე, თავი მუხლებში ჩაერგო და ჩუმად  ტიროდა. თავზე ორი ქალი ედგა, დროდადრო ხან ერთი, ხანაც მეორე გულში იხუტებდა და რაღაცას ხმადაბლა უხსნიდა. როგორც მოგვიანებით გავიგე, დედა და დეიდა იყვნენ. გოგო თავჩაქინდრული იჯდა და კანკალებდა.
არ ვიცი, რა დამემართა. თითქოს რაღაც ძალამ მიბიძგა და მასთან მივედი, კიბეზე ჩამოვჯექი და ვუთხარი, - მე ნიკა ვარ, მეც სიმსივნე მაქვს, მაგრამ ვცდილობ, თავს მოვერიო. შენც ნუ დანებდები, ქალები ხომ კაცებზე ასჯერ ძლიერები ხართ-მეთქი. მერე ათასი ჭკვიანური და სულელური აზრი ვაფრქვიე, რომ როგორმე მისი ყურადღება მიმეპყრო. ბოლოს, ანეკდოტებზეც გადავედი და ისიც კი დამავიწყდა, რიგი რომ მქონდა დაკავებული. იმ გოგოს ხელი ხელში მეჭირა და იქამდე ვლაპარაკობდი, სანამ დედამისმა არ მითხრა: გმადლობ, რომ ასეთი კარგი ხარ, მაგრამ შენთვისაც არ შეიძლება დაღლაო. თურმე ოფლად ვიღვრებოდი, მაგრამ ვერ ვგრძნობდი. ასე უცნაურად შემიყვარდა ის გოგო.

იმ დღეს საავადმყოფოდან ერთად წამოვედით. მაშინ გავიგე, რომ თათიას საშვილოსნოს სიმსივნე ჰქონდა... მას შემდეგ ერთად ვართ. საავადმყოფოში ახლა მე დავყვები, მათი ოჯახის ხშირი სტუმარიც ვარ, ვცდილობ, თათიას ტკივილი შევუმსუბუქო და იმედი გავუჩინო, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამწუხაროდ, მისი დაავადება ხან სად გამოყოფს თავს, ხან - სად. მიუხედავად ყველაფრისა, ისე მიყვარს, მზად ვარ, მისთვის სიცოცხლე დავთმო...
დავქორწინდეთ-მეთქი, შევაპარე ერთხელ. სასტიკად იუარა, - შენ გადარჩენის შანსი გაქვს, მე კი არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ და ცხოვრება რატომ უნდა დაგინგრიოო.

- შენი ოჯახი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- დედა მომეხვია, ღმერთმა დიდი სიყვარულის უნარი მოგმადლაო. შევაპარე, - თუ ის ჩემი ცოლი გახდება, ვერასოდეს ვიყოლიებთ შვილებს-მეთქი. ჩემთვის შენი ბედნიერებაა მთავარი, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანიაო... მამაჩემი კი სიცოცხლეში პირველად ატირდა, მიხარია, ასეთი კარგი ადამიანი რომ ხარო. მერე თათია შინ მივიყვანე და მშობლებს გავაცანი. მას შემდეგ ხშირად მოდის ჩვენთან, ხანაც მთელი ოჯახი ქალაქგარეთ გავდივართ...

დრო გადის და თათია მაინც უარზეა - ჯიუტად იმეორებს, შენი ცოლი სხვა უნდა იყოს, ვინც შვილებს გაჩუქებს და შენსავით კეთილ ადამიანებად გაზრდიო. როგორ მინდა გამიგოს, რომ სულაც არ ვიყავი კეთილი და მასთან შეხვედრამ მაქცია ასეთად...

- თუ ცოლად არ მოგყვება და შენს სიყვარულს არ პასუხობს, რატომ არის შენთან?
- ეს არ მიკითხავს... ყველაფრით გამოხატავს, რომ თუ დღეს ებრძვის სენს, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ მის გვერდით.
იმედს არ ვკარგავ, მოვერევით იმ საშინელებას, რომელიც ცდილობს მისი თავი წამართვას. ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ დიდ განსაცდელს დიდი სიყვარული შემთხვევით არ მოჰყოლია... აშკარად რაღაც მნიშვნელოვანისთვის გვტოვებს ღმერთი დედამიწაზე! ამიტომაც, როდესაც თათიას ეტყვიან, რომ საბოლოოდ დაუძვრა სენს, ჩვენ ვიშვილებთ ბავშვებს და ისევე ვაჩუქებთ სიყვარულს, როგორც ღვიძლ შვილებს.

- სიყვარული წამალია?
- ჩვენს შემთხვევაში, ნამდვილად. თათია რომ არ შემხვედროდა, ერთ დღეს მეც ჩავიქნევდი ხელს. მასთან შეხვედრის შემდეგ ძალიან მომინდა მეცხოვრა და დავუძვერი გასაჭირს. ახლა თათიას ჯერია...

სოფო გამრეკელი
mayvala
13 სექტემბერი 2015 17:20
ufalma daglocot, zlieri adamiani xar da yvelaferi kargad iqneba. mtavaria gjerodes da zlieri iyo.
elen
07 აპრილი 2014 17:20
ღმერთმა გაგაძლიერით და დაგიფაროთ განსაცდელისგან, ილოცეთ და რწმენა გქონდეთ
nino
07 აპრილი 2014 11:22
კარგი მშობლები გყოლია, ნამდვილი ადამიანები. შენც მაგიტომ დაღვინდი კარგ ადამიანად.ეგ პერიოდი, სანამ ავადობას გაიგებდი როგორც იქცეოდი, თითქმის ყველა ახალგაზრდის თავს ხდება, მთავარია, არ გაბოროტდი და ღმერთმა სიყვარულიც გაჩუქა-თანადგომით, რუდუნებით და მოთმინებით შენი გოგოც განიკურნება და ულევ სიყვარულს და სიხარულს გისურვებ და ბედნიერებას, შვილებს და მომავალს! ღმერთი შეგეწიოთ!

რედაქტორის რჩევით