"ვიცი, მე ვუყვარვარ, მაგრამ სხვა ქალებთანაც დაძვრება..." - კვირის პალიტრა

"ვიცი, მე ვუყვარვარ, მაგრამ სხვა ქალებთანაც დაძვრება..."

ამ ამბის გმირი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალია. უკვე 12 წელია, შეყვარებულია და მოთმინებით ელის, როდის დაიწერს ჯვარს გულის სწორთან, არადა, დიდი ხანია, კაცმა თავის ოჯახს საცოლედ გააცნო...

ლიკა: - ერთმანეთი მცხეთის გზაზე გავიცანით. ავტომობილის საბურავმა მიმტყუნა და პირველივე მანქანას დავუქნიე ხელი, რომ დამხმარებოდნენ...

ამ ამბიდან ერთი თვე გავიდა. ერთხელ, სამსახურიდან გამოსულს, ჩემი მანქანის  საქარე მინაზე წერილი დამხვდა: "ასე შორს ვერ წახვალთ, შეხედეთ, რა დღეშია თქვენი საბურავები. ახლავე თქვენთან გავჩნდები და დაგეხმარებით. ალეკო".

მაშინ იმ ბიჭისთვის სახელიც არ მიკითხავს, მაგრამ მივხვდი, რომ ეს ის ხელმარჯვე ოსტატი იყო, მცხეთის გზაზე მხსნელად რომ მომევლინა და გამეღიმა...  მანქანაში ჩაჯდომა რომ დავაპირე, შევნიშნე, საბურავები დაშვებული იყო. გავბრაზდი, ეს რა ოინია-მეთქი და ამ დროს მესმის, - ასეთი უშნო ხუმრობა მიყვარს, ბავშვობაშიც გოგო რომ მომეწონებოდა, თმა უნდა მომეწიწკნა. ამჯერად მეტი ვერაფერი მოვიფიქრეო.

- როგორ მოგაგნოთ?

- მანქანის ნომრით... თუ კაცი მოინდომებს, ქალის პოვნას რა უნდა? საბურავებიც დაბერა და მთხოვა, საღამოა, მშია და სავახშმოდ მარტოს ნუ გამიშვებო. ისეთი თავისუფალი, ლაღი, უშუალო და საყვარელი იყო, უარი ვერ ვუთხარი... ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია.

- რატომ გაგრძელდა ამდენ ხანს თქვენი რომანი? რატომ არ ქორწინდებით?

- თუ დღეს ამ ნაბიჯს ვერ დგამს, იმის ბრალია, რომ პასუხისმგებლობის ასაღებად არ არის მზად. მთელი ცხოვრება გართობაში გაატარა. ვიცი, მე ვუყვარვარ, მაგრამ სხვა ქალებთანაც დაძვრება... უკვე 42 წლისაა და ოჯახის შექმნა ვერ გადაუწყვეტია. მეც აღარ ვარ პატარა გოგო - 40 წლის ვხდები და ცოტა ხანში ალბათ, შვილის გაჩენასაც ვერ შევძლებ. სულ იმას ჩამჩიჩინებს, სად გეჩქარება, ოჯახსაც მოვეკიდებით და შვილებიც გვეყოლებაო...

- და თქვენც ელოდებით?

- მე ის მიყვარს. ამ ხნის მანძილზე ბევრჯერ ვცადე, უარი მეთქვა, მაგრამ არ გამომივიდა. ხან მე მღალატობს მოთმინება, ხან ის ვერ ძლებს, მოდის და მპირდება, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება...

ჩემი ოცნება იყო, ბევრი შვილი მყოლოდა, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის ჯერ ალეკოა და მერე სხვა დანარჩენი. ორი წლის წინ ავარიაში მოყვა და კინაღამ მოკვდა. მაშინ ღმერთს ისიც კი ვთხოვე, მის ახლოსაც არ გავივლი, ოღონდ გადაარჩინე-მეთქი. გადარჩა... მეც ვაპირებდი ჩემი პირობის შესრულებას, მაგრამ ალეკომ არ ქნა...

- რას გეუბნებათ?

- როდესაც ნასვამია, მთხოვს, შინ გავყვე, მშობლებთან. მეც მივდივარ სტუმრად. არაჩვეულებრივი დედ-მამა ჰყავს, ძალიან ვუყვარვარ და სულ მთხოვენ, რომ დავრჩე მათთან. ალეკოს კი მუდმივად ჩასჩიჩინებენ, რომ ბოლოს და ბოლოს, მოიყვანოს ცოლი...

ზოგჯერ მესიზმრება, რომ გზაზე ვარ, სადედოფლო სამოსში გამოწყობილი და სადღაც გავრბივარ, თითქოს ვიღაცას მივდევ. საოცრად დაღლილს მეღვიძება. ჩემი ცხოვრება ჯერ სიზმარივით შავ-თეთრია. როდესაც ჯვარს დავიწერთ, ყველაფერი გაფერადდება...

სოფო გამრეკელი