"რა მექნა, ვიღაც უნამუსოსთვის მომემართა ხელი და სათუთად ნაშენები ოჯახი დამენგრია?" - კვირის პალიტრა

"რა მექნა, ვიღაც უნამუსოსთვის მომემართა ხელი და სათუთად ნაშენები ოჯახი დამენგრია?"

გადავწყვიტე, არ დამენდო და მეც მომეწყო მისთვის "სიურპრიზი". მაცივარი აივანზე გავიტანე და ქმრის გამოტეხის სცენარი შევიმუშავე

ელენე მეგობრულ შეხვედრაზე გავიცანი, სადაც ქალები ერთმანეთს ასწავლიდნენ, როგორ გააკონტროლონ ქმარი.

ელენე - ალბათ, ჩემი მატყუარა ქმარი დიდხანს ამიხვევდა თვალს, რომ არა საკრედიტო ბარათი. ეს ის ბარათია, თანხას რომ გამოიტან და შემდეგ უპროცენტოდ სარგებლობისთვის თანხა დროულად რომ უნდა დააბრუნო ანგარიშზე. ერთ დღეს ქმარმა მითხრა, ვერ ვახერხებ ბანკში მისვლას და გთხოვ, ჩემი ბარათი შეავსეო. მეც წავედი და ოპერატორს ჩემი ქმრის პირადობის მოწმობა გავუწოდე, ვთხოვე, ჩემი მეუღლის ანგარიშზე შეეტანა თანხა. რას ფარავთ, ბარათს, თუ განვადებას? - მკითხა გოგონამ. დავიბენი, ვიცოდი, რომ ბოლო განვადება კარგა ხნის დაფარული გვქონდა. ამ ეტაპზე ბარათს ვფარავთ-მეთქი, ვუთხარი ძალდატანებითი სიმშვიდით და ფული მივაწოდე. სანამ ოპერაციას ასრულებდა, გონება მოვიკრიბე და ვთხოვე, თუ შეიძლება, განვადების ამონაწერი მომეცით, იქნებ ქმარი დავიყოლიო და წინსწრებით დავაფარვინო-მეთქი... მოკლედ, როგორც დავადგინე, ჩემს მატყუარა და უსინდისო ქმარს მაცივარი განვადებით შეუძენია. დავურეკე დედამთილს, გუგამ მაცივარი ხომ არ გიყიდა-მეთქი? რას ამბობო, შეიცხადა და გახარებულმა მკითხა, აპირებსო? ტელეფონი გავუთიშე და მულს დავურეკე, მისთვისაც არაფერი უჩუქებია... მთელი სხეული მიკანკალებდა ავი წინათგრძნობით. გადავწყვიტე, არ დამენდო და მეც მომეწყო მისთვის "სიურპრიზი". მაცივარი აივანზე გავიტანე და ქმრის გამოტეხის სცენარი შევიმუშავე. საღამოს შინ რომ მობრძანდა, ბარათის შევსების დამადასტურებელი ქვითარი დავუდე და ვკითხე, თურმე განვადებაც გქონია, რამე იყიდე და გვიმალავ-მეთქი? რა განვადება, ალბათ, ოპერატორს შეეშალა, რას უნდა გიმალავდეო, ისე ბუნებრივად გაიკვირვა, რომ უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი, რომ რაღაცას მალავდა. მერე მბრძანებლური ტონით გამომიცხადა, შიმშილით ვკვდები, მაჭამე რამეო და სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში გაბზარული ხმით გამომძახა: - სად არის, ქალო, მაცივარი?

მეც გამარჯვებული ტონით მივახალე, ახალს ველოდები, განვადებით მაცივარი შეგიძენია-მეთქი და სამზარეულოს მაგიდაზე განვადების ამონაწერი დავუგდე.

- ალბათ შეცბა და პატიება გთხოვა.

- რას ამბობთ, შეცბა კი არა, დოკუმენტი ხელში მეკავა და ის ჯიუტად იმეორებდა, რაღაც შეცდომააო. კინაღამ შევიშალე, რომ არა ჩემი საოცარი მოთმინების უნარი, ალბათ, მოვკლავდი.

- ოჯახი დაანგრიეთ?

- არა. ასე იოლად ჩემს აშენებულს არ დავანგრევ. "სიურპრიზი" მხოლოდ ამით არ დამთავრებულა. ვითომ ოჯახურ ვახშამზე დავიბარე დედამთილი და მული. გათვლილი მქონდა დრო, როდის მობრძანდებოდა ვაჟბატონი, რომ ცხელ გულზე ამესრულებინა ჩანაფიქრი. ბავშვები კი მეგობარს გავატანე, დავიდარაბას რომ არ შესწრებოდნენ. მოკლედ, დედამისმა და დამ გამოტეხეს...

- გაიგე, ვის უყიდა მაცივარი?

- კი, კახპა თანამშრომელს, რომელიც თურმე საყვარლად ჰყავდა. იმასაც დედამთილმა და მულმა მიხედეს. მული მყავს მაგარი, ის უნამუსო დედაკაცი ბანკში მიათრია და აიძულა ერთბაშად დაეფარა განვადება.

- ე.ი. აპატიე ღალატი ქმარს?

- აბა, რა მექნა, ვიღაც უნამუსოსთვის მომემართა ხელი და სათუთად ნაშენები ოჯახი დამენგრია? ქმარი მისთვის დამეთმო? ახლა ჩემმა ქმარმა კარგად იცის, რომ ყოველთვის ასე მშვიდად გადავუხდი სამაგიეროს და კი არის ჭკვიანად. იმის მერე ასი ყური და ასი თვალი მაქვს გამობმული, რომ კიდევ არ გადარიოს რომელიმე კახპამ.

გაგიკვირდებათ და აღიარებს, რომ ყოჩაღი ვარ, თორემ მის გვერდით ვერავინ ააწყობდა ცხოვრებას. რას ვიზამთ, ცოლ-ქმრობა არ არის მხოლოდ სარეცლის გაზიარება. გამარჯვებისთვის ბრძოლაც არის, ანუ იმარჯვებ საკუთარ ან ქმრის სისუსტეებზე.

სოფო გამრეკელი