"კაცი რომ ავადმყოფ შვილს მიატოვებს, იმას კაცი როგორ ვუწოდო?" - კვირის პალიტრა

"კაცი რომ ავადმყოფ შვილს მიატოვებს, იმას კაცი როგორ ვუწოდო?"

"ჩემმა მამამთილმა ყველაფერი გაყიდა, რომ ბავშვი გამოჯანმრთელებულიყო. სიამაყით ვამბობ, ის მამამთილი კი არა, ჩემი მეორე მამაა"

კაცებს ტკივილის გაძლება უჭირთ, - მიაჩნია ქალების ნაწილს და როგორც ჩანს, უმიზეზოდაც არა. ლევან ა.-მ ოჯახი იმის გამო მიატოვა, რომ მისი შვილი მძიმე სენით დაიბადა. თავიდან მეუღლისთვის უთქვამს, ბავშვი სამშობიაროში დავტოვოთ, თორემ მკურნალობამ რომ შედეგი არ გამოიღოს, ვერ გადავიტან და გავგიჟდებიო. ქმარზე განაწყენებული ქეთი სამშობიაროდან მშობლების სახლში წასულა. თუ ავადმყოფი შვილი არ გინდა, თუ შენს სისხლსა და ხორცზე უარს ამბობ, ერთ დღეს მეც არ გენდომები და სჯობს ახლავე დავცილდეთო.

ქეთი - ორი კვირა დაჩოქილი მეხვეწებოდა შინ წავყოლოდი. დამიბრუნდი და ბავშვს თან გადავყვები, ცივ ნიავს არ მივაკარებ, ფული გვაქვს და მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში ვუმკურნალოთო. ეს ამბავი ჯერ კიდევ იმ წლებში ხდებოდა, როდესაც ქვეყანაში გაჭირვება და არეულობა იყო. საქართველოში ფაქტობრივად, არ არსებობდა ჩვენი ბიჭის გადარჩენის შანსი. მიუხედავად ამისა, მკურნალობა აქ დავიწყეთ... ბავშვის მდგომარეობა უარესდებოდა. სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით გერმანიაში. ჩემმა მამამთილმა ყველაფერი მოაგვარა, რომ ადგილზე ჩასულებს პრობლემა არ შEეგვქმნოდა. იცით, ამ დროს ლევანმა რა გააკეთა? დედამისს უთხრა, შენ წაჰყევი, მე ნერვები არ მეყოფა, აქ საქმეებს მივხედავო. ბოდიში მომიხადა, ასე სჯობსო და ბავშვს არც მოჰფერებია, ისე აგვიშვა ტრაპზე. მაშინ ეს ყველაფერი იოლად გადავიტანე, რადგან მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებდა, შვილი გადამერჩინა.

გერმანიაში ყოფნისას ჩემს მეუღლეს ერთხელაც არ დაურეკავს. მამამთილი იყო ტელეფონზე ჩამოკიდებული. წამდაუწუმ ბოდიშს მიხდიდა, ყველაფერი იღონე ბავშვის გადასარჩენადო.

- დაამარცხეთ სენი?

- საბედნიეროდ, დავამარცხეთ. მკურნალობა რამდენიმე ეტაპს მოითხოვდა, ამას კი წლები სჭიდებოდა. მამამთილმა მითხრა, მანდ იცხოვრე, თუ შეძლებ, ისწავლე კიდეც, ყველა პირობას შეგიქმნი, რომ ბავშვსაც მიხედო და თავსაცო. დედამთილიც გვერდიდან არ მშორდებოდა. საბედნიეროდ, ჩემი ბიჭი ფეხზე დადგა. ამასობაში საქართველოშიც მეტ-ნაკლებად დალაგდა სიტუაცია, მაგრამ დაბრუნება აღარ მინდოდა. მაღიზიანებდა ჩემი ქმარი, რომელიც შინ დამხვდებოდა და გამოჯანმრთელებულ შვილს, ავადმყოფობისას რომ ზურგი აქცია, გულში ჩაიკრავდა. ასე კი ვფიქრობდი, მაგრამ თურმე აზრზე არ ვიყავი, რა ხდებოდა ოჯახში ჩემი არყოფნის დროს...

- გიღალატა?

- მოგვიანებით გავიგე, პირველად მაშინ უღალატია, როდესაც გაიგო, რომ ბავშვი ავადმყოფი დაიბადა. ვიცოდი, ჩვენი საქართველოში არყოფნის დროსაც არ მოიკლებდა ამქვეყნიურ სიამეს. უარესს გეტყვით, მივლინებით იყო შვეიცარიაში და იქიდან გერმანიაში ჩამოსვლაზე არ უფიქრია, რომ შვილი ენახა. ეს ამბავიც სხვისგან გავიგე, მეგობარმა დამირეკა, ლევანი შვეიცარიაშია და ალბათ, მალე გნახავთო. ლევანს ლუკას გამოჯანმრთელება არც აინტერესებდა. ერთხელ აგდებით უთქვამს, ალბათ, დედას აქვს ავადმყოფი გენეტიკა, სხვა ქალთან ჯანმრთელი შვილი მეყოლებაო. ამის გამგონე ჩემს მამამთილს შინიდანაც კი გაუგდია...

დავბრუნდით თბილისში, მშობლების სახლში და მიუხედავად იმისა, რომ ქმრის მიმართ არანაირი გრძნობა აღარ გამაჩნდა, სულ მაინტერესებდა, ნუთუ რაღაც ადამიანური არ არსებობს ამ კაცში, შვილი რომ მოიკითხოს-მეთქი?

- თქვენი ბიჭი ხომ უკვე მოზრდილია, ნუთუ მამა დღემდე არ უნახავს?

- ჩემზე რომ ამბობდა, ქეთის ავადმყოფი გენეტიკა დაჰყვა ჩვენს შვილსო, თვითონ კინაღამ მოკვდა. რომ არა დონორი, რომელმაც ძვლის ტვინი გადაუნერგა, ვერ იცოცხლებდა. დონორი ჩემი ლუკა იყო... დღეს ლევანი ჯანმრთელია და დღე და ღამე ეკლესიაშია... ღმერთმა მისცეს ძალა, რომ ცოდვა გამოისყიდოს. ჩემთვის დიდი ხანია მკვდარია. მან ჩვენი შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა. არ შემიძლია ამის პატიება. დედამთილს და მამამთილს უდიდეს პატივს ვცემ, ამ მხრივ გამიმართლა და მივხვდი, რამხელა ტვირთს მიმსუბუქებენ უხეირო ქმრის ღირსეული მშობლები. მამამთილმა ყველაფერი გაყიდა, რომ ბავშვი გამოჯანმრთელებულიყო და მე მესწავლა. ერთხელაც არ მიგრძნია, რა ძალისხმევის შედეგად აგროვებდა თანხებს, რომ გერმანიაში კომფორტულად გვეგრძნო თავი. სიამაყით ვამბობ, რომ ის მამამთილი კი არა, ჩემი მეორე მამაა. გასაკვირია, რომ ასეთ ხალხს არარაობა შვილი ჰყავთ. კაცი რომ ავადმყოფ შვილს მიატოვებს, იმას კაცი როგორ უნდა უწოდო?

სოფო გამრეკელი