საცობში დაწყებული რომანი, ანუ როცა ქალი "ნიკი ლაუდაა"
05-05-2014
საცობში დაწყებული რომანი, ანუ როცა ქალი "ნიკი ლაუდაა"
მკითხველის რეიტინგის მიხედვით, უმრავლესობას დრამატული ამბები უფრო მოსწონს და როგორც კი ლამაზ სასიყვარულო ამბავს წაიკითხავს, ეჭვობს, მოგონილიაო. არადა, ზოგჯერ გაურკვევლად დაწყებული ამბები ზღაპარივით გრძელდება...


ქეთი:
- "ეს ამბავი ჩემ თვალწინ დაიწყო. ერთი ნახვით შეყვარების არასოდეს მჯეროდა, მაგრამ ნურას უკაცრავად... შარშან რიკოთის უღელტეხილზე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. შემოდგომის დასაწყისში, მუშები 20-ოდე წუთით ხშირად კეტავდნენ გზას, მაგრამ ქართველი მძღოლების დაუდევრობის გამო საათობით იქმნებოდა საცობი. ერთხელ ასეთ საცობში მოვხვდით მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი
ლიკა, რომელიც იმდენად კარგი მძღოლია (მამაკაცებიც ვერ მალავენ ამას), რომ მასთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. მშვიდი ნერვები აქვს, მაგრამ იმ დღეს ძალიან გააბრაზა მამაკაცი მძღოლების თავხედობამ. ერთმა ჯიპით მეტისმეტად შეგვაწუხა. გამუდმებით გვისიგნალებდა, გვეგონა, საცობში გზის დათმობას გვთხოვდა. ჩვენც ჯიუტად არ ვაქცევდით ყურადღებას, მაგრამ როგორც კი კოლონა
დაიძრა და თავისუფალ გზაზე გავედით, ჯიპის პატრონის სიგნალებით გაბეზრებულმა ლიკამ, - აი, ამას, უკან რომ მოგვყვება, ცოცხალი თავით არ გავუშვებ წინო. შიშით კინაღამ სავარძლის ქვეშ შევძვერი. რაღაც პერიოდში ჯიპის მძღოლმა დრო იხელთა და გაგვისწრო. ჯობნა ეგრე არ უნდაო და გავარდა ეს ჩემი უმშვიდესი მეგობარი, გაუსწრო იმ ჯიპს და ხელით ხულიგნური ჟესტიც კი აჩვენა... მას მერე თბილისამდე ისე ვიარეთ, ჯიპის პატრონმა წინ ცხვირის გაყოფაც ვერ შეძლო.

გგონიათ, ყველაფერი ამით დასრულდა? ერთი კვირის შემდეგ ლიკა მირეკავს, - დამირეკა იმ გიჟმა ჯიპის პატრონმა - შენი ნახვა მინდაო. როგორც გაირკვა, თემურს (ასე ჰქვია ჩვენს მომავალ სიძეს) მანქანის ნომრით დაუდგენია ლიკას ვინაობა და ტელეფონი. ცხადია, ლიკამ მისი მოშორება სცადა, მაგრამ "ჯიპიანმა" მოსვენება არ მისცა, პატარა ბიჭივით მესიჯს მესიჯზე სწერდა, შინ ყვავილებსაც უგზავნიდა და მივხვდით, სერიოზულად იყო დაინტერესებული ჩვენი ლიკათი, რომლის მოსაწონი კაცი არა და არ ჩანდა. რამდენიმე თვეში ლიკა 36 წლის გახდება, მაგრამ იმ დროისთვის, ვიმედოვნებ, უკვე გათხოვილი იქნება.

- ანუ საცობში ერთი ნახვით შეუყვარდა შენი მეგობარი?

- თურმე საცობში იმიტომ გვისიგნალებდა, რომ უკან, საბარგულის კარში ბიუსტჰალტერი იყო მოყოლილი. იმ დღეს ზღვიდან ვბრუნდებოდით. სისწრაფეში ტანსაცმელი საბარგულში შევყარეთ და ეტყობა, დაკეტვის დროს მოყვა. ვინ იცის, რამდენმა შეამჩნია და დაგვცინა. თემური და მისი მეგობარიც დაგვცინოდნენ თურმე და სიგნალით ცდილობდნენ ჩვენი ყურადღების მიქცევას... ლიკას ჯერ სიმშვიდემ და მერე ხულიგნურმა ჟესტმა გადარია თემური. თან რომ შეუხედავს, ძალიან მოსწონებია. მანქანის მართვის ხელოვნებითაც აღფრთოვანებულა - ვერაფრით გაეგო, როგორ შეძლო ქალმა, რომ რიკოთიდან თბილისამდე "თავხედი" მძღოლი წინ არ გაეშვა...

- ქალი, რომელიც საჭეს იოლად იმორჩილებს, ბოლოს და ბოლოს, დაიმორჩილა კაცმა?
- ასე გამოდის. მალე ქორწილი ექნებათ. ვხუმრობთ ხოლმე, ბედი საცობში ყოფილა ჩასაფრებულიო. უცნაურია, ზოგჯერ დაბრკოლებამ შეიძლება დიდი ბედნიერება მოიტანოს. რიკოთზე ის ხიდი რომ არ ყოფილიყო გაფუჭებული, რასაც ამდენი რამ მოჰყვა, ალბათ არაფერი მოხდებოდა - ლიკა და მე ჩვენი გზით ვივლიდით, თემური და მისი მეგობრებიც თავისი გზით წავიდოდნენ. ამიტომაც მიმაჩნია, როდესაც პრობლემა გექმნებათ, დამშვიდდით და მიჰყევით პროცესებს, ვინ იცის, იქნებ თქვენთვისაც ასე დაიბადოს ბედნიერება.

ლიკა და თემური საქორწინო მოგზაურობაში მანქანით მიდიან, ევროპას უნდა შემოუარონ. ეს რომ გავიგეთ, შევიცხადეთ, მაგრამ თემურმა დაგვამშვიდა, საჭესთან "ნიკი ლაუდა" (ანდრეას ნიკოლაუს - "ნიკი" ლაუდა. ავსტრიელი ავტომრბოლელი და ბიზნესმენი, ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი) იჯდება და რისი გეშინიათო. მათ ექსტრემალურად დაიწყეს ურთიერთობა და აღარ გამიკვირდება, მუდმივად ექსტრიმის ძიებაში რომ იყვნენ.

სოფო გამრეკელი
tamaz
21 მაისი 2014 14:54
მე 45-ის ვარ და ჩემს დროს ალან პროსტი და ნაუჯელ მენსელი მიდიოდნენ და პიკე მოდიოდა :). ლაუდა ხო მაგათთან შედარებით კიდევ უფრო "ძველია". მე უბრალოდ იმის აღნიშვნა მინდოდა, დღეს მაგარ მძღოლს შუმახერს უფრო შეადარებენ თქო, თორემ ნებისმიერი ჩამოთვლილი ლეგენდა იყო თავის დროზე, პიკე-საუკეთესო.
Tamaz-s
19 მაისი 2014 13:46
ვინც იცის შუმახერი და ალან პროსტი,იმან ნიკი ლაუდაც იცის,ნაიჯელ მენსელი, ნელსონ პიკეც და აირტონ სენაც.36 წლის ტუა საპატარძლო,საქმრო ცოტა უფროსი იქნება და მაგ ტაობა აფანარებდა ამ 'სასტავს.სუმახერიც რა ტქმა უნდა მაგარია,მაგრამ აირტონ სენას,რომ ეცოცხლა,მაშინ ვნახავდით რას შეძლებდა შუმახერი.
tamaz
14 მაისი 2014 09:01
ნიკი ლაუდა არა ალენ პროსტი. ნებისმიერი ბიჭი მაგ შემთხვევაში შუმახერს იტყოდა. დარწმუნებული ვარ, 95%-ს არც სმენია ვინ იყო ნიკი ლაუდა.

რედაქტორის რჩევით