"საყვარელი გოგო გავაუპატიურე" - კვირის პალიტრა

"საყვარელი გოგო გავაუპატიურე"

ახალგაზრდობაში ბევრს სძლევს ხოლმე სიფიცხე და თვალებდაბინდულებს სიმართლის დანახვა არ სურთ. ყველას ვემუდარები: ნუ იქნებით წინდაუხედავნი, კარგად დაფიქრდით და ჩემსავით უგუნური ნაბიჯი არ გადადგათ...

- ჩემი ცოდვები უნდა გაგიმხილოთ, - ხრინწიანი ხმით მითხრა მამაკაცმა ტელეფონში. იქნებ სჯობდა სასულიერო პირს დალაპარაკებოდით-მეთქი, ვურჩიე. მე თვითონ ვარ სასულიერო პირი, ერთ-ერთი მონასტრის მორჩილი ვარო, - მითხრა. რედაქციაში მოსვლა არ ისურვა. ბაღში შევხვდი.

- მალე 46 წლის გავხდები. გადავწყვიტე, დარჩენილი ცხოვრება ღვთის სამსახურში გავატარო. რომ არა ღვთის სიყვარული და შიში, შესაძლოა დიდი ხნის წინ მომეკლა თავი - ყველაზე მეტად რომ მიყვარდა, იმ გოგოს დავუნგრიე ცხოვრება.

ნიტა მოწაფეობიდან მიყვარდა. არც ის იყო გულგრილი, მაგრამ რატომღაც მერიდებოდა... უმისოდ ვერ ვძლებდი. გადავწყვიტე, ცოლად შემერთო. ჯერ მას ვთხოვე ხელი, მერე ოჯახში მისვლა მქონდა გადაწყვეტილი. თავი შორს დაიჭირა, - მე და შენ ვერ დავქორწინდებით, სხვადასხვა სოციალური წრის წარმომადგენლები ვართო. გამიკვირდა - ჩვენი ოჯახები ერთნაირად ცხოვრობდნენ. ჩავეძიე - სხვა გიყვარს-მეთქი? არაო. ძალიან გავბრაზდი. ვერ ვისვენებდი - უარის ნამდვილ მიზეზს ვეძებდი. მეგობარს ვთხოვე, - იქნებ ათქმევინო რაიმე-მეთქი. მერე ის მეგობარი კარგა ხანს გამირბოდა, ბოლოს, როგორც იქნა, დავიჭირე. ნიტას უთქვამს, - მაგისი და უღირსია, ბოზობსო. შინ ქმარს გაცილებული და მყავდა. გარეთ მხოლოდ პატარას გასასეირნებლად გადიოდა... სამწუხაროდ, გვიან გავიგე, რომ ნიტა არ ტყუოდა... მანამდე კი საშინლად ვატკინე გული საბრალო გოგოს.

ერთ დღეს მთვრალმა მანქანით მივაკითხე - ჩამოდი, სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მიხვდა, თუ შემეწინააღმდეგებოდა, აყალმაყალს ავტეხდი. ჩაჯდა თუ არა, მანქანა დავძარი. გიჟივით მივქროდი, მევედრებოდა, დავიმტვრევით, ნელა იარეო. ნეტავ დავმტვრეულიყავით. სულ ამერია თავგზა. შენ ჩემს დას ბოზობას როგორ აბრალებ-მეთქი, -  ვღრიალებდი. მერე ტყეში გავაჩერე მანქანა, სამაგიერო უნდა გადაგიხადო ჩემი დის შეურაცხყოფისთვის-მეთქი და გავაუპატიურე. საწყალი, ცდილობდა გამქცეოდა...

- ეს ხომ დანაშაულია, პასუხი არ გაგებინათ?

- კანონით პასუხისგება არ უცდია. როცა გონს მოვედი, პატიება და ცოლობა ვთხოვე. ერთი კვირა ჩემთან მყავდა, ყველას ვეუბნებოდი, ცოლად შევირთე-მეთქი, მაგრამ არ გაჩერდა. წავიდა, გაიქცა... საშინლად მქენჯნიდა სინდისი. ბევრი ვეცადე, შემომერიგებინა, მაგრამ... მონასტერში წავიდა. დიდხანს ვეძებდი. როცა მივაკვლიე, უკვე მონაზვნად აღსაკვეცად ემზადებოდა. ანგელოზივით მშვიდი იყო. მიწაზე დამხობილი ვღმუოდი, - მე დაგინგრიე ცხოვრება-მეთქი. პირიქით, დამეხმარე, რომ ჩემი გზა მეპოვა, თავს ნუღარ იდანაშაულებო.

- თქვენი დის ამბავი როგორ გაიგეთ?

- რა ვიცოდით, რომ ეშმაკი ჰყავდა ჩასახლებული. ერთი თავისი მეგობარი შეუჩნდა, - საბერძნეთში წავიდეთ სამუშაოდ და ცხოვრებას ავიწყობთო. ლიკამაც შეატოვა ბავშვი დედაჩემს და წავიდა. მის გამოგზავნილ ფულს ვზოგავდით, რომ ბავშვისთვის სახლი გვეყიდა. კარგა ბლომად კი გზავნიდა. გვჯეროდა, რომ წელებზე ფეხს იდგამდა. მისი წასვლიდან 4 წლის შემდეგ მეგობარმა მთხოვა, გერმანიაში წამომყევი, მანქანა უნდა ჩამოვიყვანო და გზაში შემენაცვლები, თან ლიკას გავუაროთ საბერძნეთშიო. გადავწყვიტეთ, სიურპრიზი მოგვეწყო ჩემი დისთვის. მან კი აქეთ დაგვახვედრა "სიურპრიზი". ჩემი მეძავი და რამდენიმე მისნაირთან ერთად ცხოვრობდა სასტუმროში.…

- ახლა სად არის ლიკა?

- არ ვიცი. ჩვენთვის მოკვდა. არც შვილთან დაკავშირების უფლებას ვაძლევთ. მისი გოგონა შვილივით გავზარდე, მშვენიერი განათლება მიიღო, მუშაობს კიდეც და ვლოცულობ, რომ კარგი ბედი შეხვდეს.

გული მტკივა. ჩემი დის ასავალ-დასავალი თავიდანვე რომ გამომეკვლია, რამდენ უბედურებას ავიცილებდი და ავაცილებდი ყველას.

მაინც ვფიქრობ, რომ მე დავანგრიე ნიტას მომავალი. ის კარგი მეუღლე და შესანიშნავი დედა იქნებოდა. დღე და ღამე ღმერთს ვთხოვ პატიებას...

- თქვენ აღარ დაქორწინდით?

- მე მხოლოდ ერთი ქალი მიყვარდა - ნიტა. ეს ამბავიც იმიტომ მოვყევი, რომ ახალგაზრდობაში ბევრს სძლევს ხოლმე სიფიცხე და თვალებდაბინდულებს სიმართლის დანახვა არ სურთ. ყველას ვემუდარები: ნუ იქნებით წინდაუხედავნი, კარგად დაფიქრდით და ჩემსავით უგუნური ნაბიჯი არ გადადგათ...

სოფო გამრეკელი