"ჩემი ტრაგედია გათხოვებიდან მალევე დაიწყო..." - კვირის პალიტრა

"ჩემი ტრაგედია გათხოვებიდან მალევე დაიწყო..."

"მამამთილმა საძინებელში მარტო დამინახა თუ არა, მეძგერა..."

ბოლო დროს გახშირდა მკვლელობები ან მკვლელობის მცდელობა ცოლქმრული პრობლემების ნიადაგზე. ამიტომაც ამ საკითხზე ერთ ახლობელ ფსიქოლოგს ვთხოვე კონსულტაცია, იქნებ გამარკვიო, რა განაპირობებს ქმრების ასეთ არაადეკვატურ ქცევას, მეტიც, სადიზმს-მეთქი? უამრავი მიზეზი განიხილა, გაუწონასწორებლობა, ფსიქიკური აშლილობა, კომპლექსები, რაც ხშირ შემთხვევაში არასწორი აღზრდის შედეგია და ვინ მოთვლის კიდევ რა. შემდეგ ერთ ქალზე მითხრა, ჩემი პაციენტი იყო, ქმარმა და მამამთილმა ჯერ კინაღამ ჭკუაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი მეუღლე კლავდა და დედამთილმა გადაარჩინაო. ბოლოს დასძინა, შესაძლოა მოგიყვეს თავის ტრაგედიას, ვეცდები, შეგახვედროო.

ჩვენს რესპონდენტს პირობითად ნანას დავარქმევ. დამთანხმდა, მისი დრამატული თავგადასავალი მოეთხრო. როგორც ნანა ამბობს, მისი ოჯახური ტრაგედიის მიზეზი ავხორცი მამამთილი და სუსტი ნებისყოფის ქმარი იყო, რომელსაც ბოროტი მამა დაუმორჩილებელი რძლის მიმართ მტრულად განაწყობდა და ცდილობდა, შვილი ისე წაექეზებინა, რომ ცოლისთვის სიცოცხლე გაემწარებინა.

ნანა: - ჩემი ტრაგედია გათხოვებიდან მალევე დაიწყო, პატარა გოგო ვიყავი და დიდად არ განმისჯია, როგორი ფსიქიკა ჰქონდა ჩემს ქმარს. ძალიან თბილი და ალერსიანი შეყვარებული იყო და მეც ჩავთვალე, რომ ის იყო ერთადერთი, ვისთანაც ბედნიერი ვიქნებოდი. მაშინ არ დავკვირვებივარ, რომ ეჭვიანი იყო, იოლად ექცეოდა სხვისი ნათქვამის ზეგავლენის ქვეშ და სწრაფად ფეთქდებოდა - როგორც კი რამე ეწყინებოდა, ბუნჩულა ბიჭი სადისტი ხდებოდა.

- რა აცოფებდა?

- ეჭვიანობა. ჩემი მამამთილი გესლავდა.

- მამამთილი რას გერჩოდათ?

- ავხორცი იყო, მექალთანე, და ჩემთანაც მოინდომა ბინძური კავშირის დამყარება.

- ეს გითხრათ თუ რაიმე საქციელით განიშნათ?

- არც სიტყვით მომრიდებია და არც ქცევით. სულ მომენტს ეძებდა, რომ როგორმე დავემარტოხელებინე. მე რომ მეგონა, შინ მარტო ვიყავი, მოვარდებოდა და იწყებდა ბღლარძუნს. გავრბოდი სახლიდან და მეზობელს ვაფარებდი თავს.

- მეზობელი არ დაინტერესდა, ბევრჯერ რომ მიადექით აფორიაქებული?

-  გავუმხილე ჩემი გაჭირვება. მას რაც შეეძლო, იმით მეხმარებოდა, რომ მიფარებდა დედამთილის ან ქმრის მოსვლამდე, ან სახლში გამომყვებოდა ხოლმე. ხვდებოდა ჩემი მამამთილი, რომ ვერ მომიხელთებდა და მემუქრებოდა, ოჯახს მაინც დაგინგრევ, შენს ქმარს გამოვაჭრევინებ შენთვის ყელსო.

ის ქალი, რომელიც მმფარველობდა, სასამართლოშიც  დამიდგა გვერდით, თქვა, მამამთილი ძალადობას რომ ცდილობდა, იმიტომაც გავრბოდი მასთან, როგორც მხსნელთან. ჭკვიანი ქალი იყო. ჩემს მამამთილს შეხვდა თურმე სადღაც, ეჩხუბა, გარეწარი ეძახა და თან მისი ნალაპარაკევი ჩაიწერა. ეს ჩანაწერი დაგვეხმარა, რომ პასუხი მხოლოდ ჩემს ქმარს კი არ აგებინეს მკვლელობის მცდელობისთვის, მამამთილიც გვერდით მიუსვეს წაქეზებისა და ძალადობისთვის. საბედნიეროდ, ციხიდან ვერც გამოვიდა ცოცხალი, რაღაც დაავადება შეეყარა და მოკვდა. ჩემი ქმარი კი ციხიდან რომ გამოვიდა, პატიება მთხოვა. ვკიოდი, გაეთრიე, ცხოვრება ისე დამინგირიე, რომ შენ კი არა, სხვა კაცის დანახვაც არ მინდა-მეთქი.

- როგორ გადაურჩით სიკვდილს?

- იმ დღეს მარტო ვიყავი შინ. მამამთილი სოფელში იყო წასული და არ ველოდებოდით. მეც მშვიდად ვიყავი, თან მეორე ბავშვზე ვიყავი ორსულად და სულ მეძინებოდა. რომ მოსულა, საძინებელში მარტო დამინახა თუ არა, მეძგერა. შიშმა უზარმაზარი ძალა მომცა, საწოლთან, ტუმბოზე მძიმე ვაზა იდგა, ავიღე და ჩავარტყი. გავექეცი და მეზობელთან შესვლა დავაპირე, მაგრამ კარი ჩაკეტილი დამხვდა. ტელეფონს ვეცი და მეზობელს დავურეკე, ამასობაში ის არაკაცი გონს მოვიდა. მეზობელმა გარედან ატეხა კარზე ბრახუნი და ჩემს მამამთილს ეძახდა, კარი გააღე, თორემ პოლიციას გამოვუძახებ და ყველას ვეტყვი, ვინც ხარო. მანაც გააღო კარი და გაიქცა.

ძლივს დავწყნარდი. გადავწყვიტე, ყველაფერი  ქმრისთვის მეთქვა, სხვა გზა აღარ მქონდა. სიმართლე უთხარი, მეც გვერდით დაგიდგებიო, მითხრა დედასავით მზრუნველმა მეზობელმა. ამასობაში ჩემი ქმარი მოვარდა. შეშლილი სახე ჰქონდა, აჰა, კაცთან  შეგისწრო მამაჩემმა და საწყალს თავის გახეთქა დაუპირე არაო? ჯერ მომდგა და სასტიკად მცემა, მერე კი სამზარეულოში გავარდა და დანა გამოათრია. ვკიოდი, იღბლად მომისწრო დედამთილმა. ამასობაში  მეზობელმა პოლიცია გამოიძახა...

მას შემდეგ კარგა ხანი გავიდა, მაგრამ შიში ვერ დავძლიე. ღამე ქუჩაში რომ მივდივარ, მელანდება, რომ ვინმე მოძალადე მომდევს. სამუდამოდ დამიმახინჯეს ცხოვრება და დღესაც კოშმარში ვცხოვრობ.

სოფო გამრეკელი