"მისი სიყვარული უფლებას არ მომცემს, მარტოსულად ვიგრძნო თავი" - კვირის პალიტრა

"მისი სიყვარული უფლებას არ მომცემს, მარტოსულად ვიგრძნო თავი"

"კაფეში ვხვდებოდით და ვიხსენებდით ბავშვობას"

ეკა გულის გადასაშლელად და თავის პირველ სიყვარულზე სალაპარაკოდ მოვიდა ჩემთან.

- მე და დათო ერთ სკოლაში ვსწავლობდით. ის ერთი წლითაა ჩემზე უფროსი. ვუყვარდი, არც მე ვიყავი გულგრილი. დათო ძალიან მორიდებული იყო, გადაკრულადაც ვერ მეუბნებოდა ვერაფერს. მერე მე თბილისში გავაგრძელე სწავლა, დათო რუსეთში წავიდა. ერთ წელიწადში გავთხოვდი. 15 წელი გავიდა და დათოზე ფიქრი არ მომშორებია. ოჯახი, შვილები, სამსახური და ყოველდღიურობა საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს ქალისგან. ყოველდღე არც მეცალა, რომ გონებით წარსულს დავბრუნებოდი, მაგრამ როცა რაიმე პრობლემა შემხვდებოდა, უნებურად დათოზე ვიწყებდი ფიქრს. რატომღაც მჯეროდა, რომ მასთან ყოველ დაბრკოლებას ადვილად დავძლევდი. მოგვიანებით მივხვდი, რომ თავს ვიტანჯავდი. გადავწყვიტე, თავს მოვრეოდი. მართლაც, ცოტა ხანს "არა მიშავდა", მაგრამ მერე ჩემმა ქმარმა ისე მატკინა გული, ჩემდა უნებურად კვლავ დათოზე დავიწყე ფიქრი.

ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა დამირეკა, - დათო დაბრუნდა რუსეთიდან, ისევ უცოლოა, შენი ნახვა უნდა და მორიდებით მთხოვა, - იქნებ შემახვედროო. სიხარულით კინაღამ გული საგულედან ამომივარდა...

მერე კაფეში ვისხედით გვიანობამდე და ვიხსენებდით ბავშვობას, სკოლის განუმეორებელ და ზღაპრულ წლებს. დათოს ვუყურებდი და ტირილს ძლივს ვიკავებდი. დათო თვალებში მომჩერებოდა, თითქოს ცდილობდა, რაც ვერ ვუთხარი, იქ ამოეკითხა ყველაფერი...

სამად სამი თვე გაგრძელდა ჩვენი შეხვედრები. კაფეში ვხვდებოდით და გაუთავებლად ვლაპარაკობდით წარსულსა და აწმყოზე. მომავალზე არც ერთს სიტყვა არ დაგვცდენია. მიჭირდა იმ დღის, იმ წუთების წარმოდგენა, როცა საბოლოოდ უნდა დავმშვიდობებოდით. მერე ვერ გეტყვით, რა დამემართა... თითქოს საგანგებოდ ვეძებდი მიზეზს, რომ ჩემს ქმარს წავკიდებოდი, დავმდურებოდი. დათომ ფორიაქი შემატყო და ოჯახზე რაღაცები გამომკითხა. გუდას პირი მოვხსენი და რაც ოდესმე ჩემი ქმრისგან მწყენია, ყველაფერი გადმოვულაგე. მისმინა, მისმინა და - ეკა, ვხვდები, ყოველდღიურობისგან დაიღალე, ქმრისგანაც ბევრი რამ არ მოგწონს, მაგრამ სჯობს ოჯახისკენ გული მოიბრუნოო. გავშტერდი. ყველაფერს ველოდი და ასეთ სიტყვებს - არა. ამას მეუბნებოდა კაცი, რომელსაც ბავშვობიდან ვუყვარდი. ჩემი ოჯახის შენარჩუნებას ცდილობდა ადამიანი, რომელსაც ჩვენს საერთო მეგობართან წამოსცდენია - ღამეები გამითენებია ეკაზე ფიქრსა და ოცნებაში და რამე რომ იყოს, არც იმაზე დავიხევდი უკან, ორშვილიანი ცოლად მოვიყვანოო. ახლა ეს კაცი მარწმუნებდა, ოჯახზე გული არ აიცრუოო.

დათო ხუთ დღეში უნდა გამგზავრებულიყო უცხოეთში. ბედნიერება და წარმატება ვუსურვე და წამოვედი. აღარ გამომყოლია. მივდიოდი ქუჩაში და ცრემლებს ვერ ვიკავებდი, საბოლოოდ ვემშვიდობებოდი ჩემს სიყვარულსა და ჩემს ბავშვობას.

ერთ დღეს, ღამის ათი საათი იქნებოდა, მობილურმა დარეკა. დათოს მეგობარი მატყობინებდა: დათო დააკავეს, რესტორანში მთვრალ კაცს მაგიდა აუყირავებია და დათოსკენ დანით გაწეულა. არავინ იცის, თავდამსხმელის დანა დათოს ხელში როგორ აღმოჩნდა და მთვრალი კაცი როგორ დაჭრაო. თვალთ დამიბნელდა, მერე დავჯექი და ფიქრი დავიწყე, როგორ დავხმარებოდი... მას საზღვარგარეთ ელოდა სამსახური (რამდენიმეწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული)... ახლა ვინ იცის, ერთი შფოთიანი კაცის გამო რამდენხნიან პატიმრობას მიუსჯიდნენ!.. ჩემი სამსახურის გამო ბევრ სახელმწიფო მოხელესთან მქონდა კარგი ურთიერთობა. გადავწყვიტე, ნაცნობი თუ უცნობი შემეწუხებინა, ყველასთვის მეთქვა, რომ დათო ღირსეული ადამიანია და უნებურად ემსხვერპლა იმ სიტუაციას, რაც იმ შფოთისთავმა დაატრიალა რესტორანში-მეთქი. იმდენი მოვახერხე, ადვოკატის დახმარებით 5-წლიანი მუხლი ერთ წლამდე ჩამოუყვანეს. დათომ არც კი იცოდა, მის გამო რა ბრძოლა დამჭირდა. არც ვეტყვი. რა საჭიროა?

რამდენიმე დღის წინ მისი დაბადების დღე იყო, 35 წელი შეუსრულდა. დედამისმა დამირეკა და დახმარებისთვის ერთხელ კიდევ მითხრა მადლობა. კინაღამ ტირილი წამსკდა. დათო ღირსეული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, მომავალში ძალიან ბევრ და კარგ საქმეს გააკეთებს. ჩემთვის კი მისი  სიყვარული "საგზალი" იქნება, რომ ამ ერთფეროვან ყოველდღიურობაში მარტოსულად არ ვიგრძნო თავი.