სიყვარული ანკეტით, ანუ დაუჯერებელი ამბავი - კვირის პალიტრა

სიყვარული ანკეტით, ანუ დაუჯერებელი ამბავი

ცოტა ხნის წინ მეგობართან გახლდით. იქ ერთი გოგონა გავიცანი, შორენა. ჭორაობით გული რომ ვიჯერეთ, მაკამ ახლა საოცარ ამბავს მოგიყვებითო და კომპიუტერი ჩართო. დისკზე ქორწილი იყო ჩაწერილი.

- ძვირფასო ირინა და ლევან, დღეს თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა, - საზეიმო ტონით აუწყა ახალგაზრდა წყვილს ქორწინების სახლის თანამშრომელმა ქალბატონმა. ეტყობოდა, ცოტა გაკვირვებული იყო, რადგან სიძის მეჯვარე გოგონა (შორენა, სწორედ ის გოგონა, რომელიც გვერდით მეჯდა) გახლდათ, პატარძლისა კი მამაკაცი. ეგონა, ცერემონიის დროს პატარძლისა და სიძის მეჯვარეებს ადგილები აერიათ.

- სწორად დგანან, - ღიმილით ანიშნა სიძემ და ცერემონია გაგრძელდა.

რამდენიმე საათის შემდეგ ქორწილი გაჩაღდა და სტუმრებმაც მოილხინეს...

სიმართლე გითხრათ, ამ ამბავში საოცრებად არაფერი მომჩვენებია... თუმცა რაც მერე შევიტყვე, საოცრებაზე მეტია.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

შორენა, ლევანის მეჯვარე: - ერთ-ერთ ორგანიზაციაში პიარმენეჯერად ვმუშაობდი. შემოდგომის ღრუბლიანი დღე იყო და რატომღაც მარტოობის გრძნობა გამიმძაფრდა. გამოსავალი მოვძებნე - ერთ-ერთ თაყვანისმცემელს დავურეკე და კაფეში შეხვედრა დავუთქვი. ის კი... მოულოდნელად შვილთან ერთად გამომეცხადა. თვალები გამიფართოვდა.

- ახლა დეიდა ნამცხვარზე დაგვპატიჟებს, - უთხრა მამამ გოგონას.

წყენა უსიტყვოდ გადავყლაპე და მიმტანს ყველაზე გემრიელი ნამცხვარი შევუკვეთე. მერე საქმე მოვიმიზეზე, მამა-შვილს ნაჩქარევად დავემშვიდობე და გაცეცხლებულმა შინისკენ გავწიე.

შინ მისულმა კომპიუტერი ჩავრთე. თან სულ ის ფიქრი მიტრიალებდა, ნუთუ ნორმალური მამაკაცი არასოდეს გამოჩნდება ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. მერე თითქოს გონება გამინათდა - გადავწყვიტე, იდეალური მამაკაცის პორტრეტი "გამომეძერწა" და მისი ანკეტა საიტზე დამედო. ასეც მოვიქეცი. მამაკაცს ლევანი დავარქვი და სურათის შერჩევა დავიწყე. ჩემს კომპიუტერში კარგა ხანს ვიქექებოდი და ბოლოს, ერთ-ერთი უცოლო თანამშრომლის, ლევანის სურათზე შევაჩერე არჩევანი.

"სახელი: ლევანი.

ასაკი: 27 წლის.

ოჯახური მდგომარეობა: უცოლო.

ჩემ შესახებ: ვარ ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი, რომელიც გემოვნებიანი ქალისთვის არის ზედგამოჭრილი.

პროფესია: იურისტი.

ცხოვრებისეული პრიორიტეტები: კარიერა, მატერიალური კეთილდღეობა, ოჯახი.

გავიცნობ: 20-დან 27 წლამდე გოგონას.

გაცნობის მიზანი: მიმოწერა, ფლირტი, სიყვარული... შემდეგ ვნახოთ..."

იმავე დღეს რამდენიმე ქალისგან შეტყობინება მივიღე და მიმოწერა გავაჩაღე. მწერდნენ გათხოვილი ქალები, რომლებიც ქმრის ყურადღებას მოკლებული იყვნენ. ვურჩევდი, მათთვის მეტი ყურადღება მიექციათ და კონტაქტს ვწყვეტდი, რადგან "ჩემი ლევანის" გეგმებში ქმრიან ქალთან ურთიერთობა არ შედიოდა. მწერდნენ გასათხოვარი გოგონებიც, წუწუნებდნენ, რომ ნამდვილი მამაკაცები დინოზავრებივით გადაშენდნენ. ვცდილობდი, გალანტური კავალერი ვყოფილიყავი. თავიდან მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. შემდეგ კი ერთმა ძალიან საინტერესო გოგონამ მომწერა... მოკლედ, "ლევანსა" და ირინას შორის ფლირტი გაჩაღდა. ამ ვირტუალურმა რომანმა ისე გამიტაცა, რომ კომპიუტერთან ღამეებს ვათენებდი. ხშირად ვფიქრობდი, როგორ გამემხილა ირინასთვის, რომ ლევანის მიღმა ქალი იდგა. ბოლოს ხელი ჩავიქნიე და გადავწყვიტე, ყველაფერი დროისთვის მიმენდო. ამასობაში 2 თვე გავიდა.

ერთ დღესაც ირინამ "ლევანს" შეხვედრა სთხოვა. შოკში ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. მერე სამსახურში ნამდვილი ლევანი დავიმარტოხელე და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. ვთხოვე, ირინას შეხვედროდა. თავიდან კინაღამ გადაირია, მაგრამ ბოლოს მაინც დავითანხმე.

მეორე დღეს, ორივე კომპიუტერს მივუსხედით და ჩემი და ირინას მიმოწერა თავიდან ბოლომდე ჩავიკითხეთ, რათა ლევანს ყველაფერი დაწვრილებით სცოდნოდა და არ დაბნეულიყო...

პაემნის შემდეგ ლევანს დავურეკე, მინდოდა ამბები გამომეკითხა, მან კი მოკლედ მიპასუხა - კაფეში რამდენიმე საათი ვისხედით, შემდეგ შინ მივაცილე და ეგ იყოო. 3 თვის შემდეგ კი ლევანმა ბედნიერი ღიმილით გამომიცხადა, ცოლს ვირთავ და მეჯვარე შენ უნდა იყოო. მალე შევიტყვე, რომ ირინას მეჯვარეც საპირისპირო სქესისის იყო...

ქორწილი დასრულდა, სტუმრები წავიდ-წამოვიდნენ და სიძე-პატარძალმაც შინ წასვლა გადაწყვიტა.

- მეჯვარეები ჩვენთან წამოდით, შამპანურზე გეპატიჟებით, - გვითხრა ლევანმა.

უარი არ გვითქვამს. რამდენიმე წუთის შემდეგ ოთხივენი შამპანურს ვწრუპავდით.

- თქვენ ალბათ ირინას ბავშვობის მეგობარი ხართ, - მივმართე  პატარძლის მეჯვარე დათოს.

- ამბობენ, რომ ქორწინება ზეცაში წყდება, - ღიმილით დაიწყო დათომ, და თურმე ზეცაში ინტერნეტსაც იყენებენ. არ მინდა, თქვენი ილუზიები დავამსხვრიო, მაგრამ გეტყვით, რომ ირინა მე მოვიგონე.

- რააა?!. - შამპანური სასულეში გადამცდა და ლამის დამახრჩო.

- მეგობარ გოგონასთან განშორების შემდეგ დეპრესიაში მყოფმა გადავწყვიტე, ანკეტა შემექმნა. იმავე მიზეზით, როგორც თქვენ, შევქმენი იდეალური ქალის ანკეტა და დავიწყე "ლევანთან" ურთიერთობა... შედეგად, ორმა მოგონილმა პერსონაჟმა ერთმანეთი იპოვა და ოჯახი შექმნა. როდესაც შეხვედრაზე მიდგა საქმე, აღარ ვიცოდი, რა მექნა და გადავწყვიტე, ჩემი ბავშვობის მეგობარ ირინასთვის მეთხოვა დახმარება. ლამის მომკლა, ისეთ დღეში ჩამაგდო, მაგრამ მაინც დავითანხმე, რომ ლევანს შეხვედროდა. ეს არის და ეს...

გაოგნებული ვუსმენდი დათოს. ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო...

გვიან ღამით მე და დათო ერთად წამოვედით ახალდაქორწინებულების სახლიდან. დათომ სახლამდე მომაცილა და დამემშვიდობა.

P.S. - ძვირფასო შორენა და დავით! დღეს თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა, - საზეიმო ტონით აუწყა ახალგაზრდა წყვილს ქორწინების სახლის თანამშრომელმა ქალბატონმა და უეცრად, გაჩუმდა.

- მე თქვენ გიცნობთ. 3 თვის წინ  წყვილს მეჯვარეებად ახლდით, ხომ ასეა?..

მარი ჯაფარიძე