თავისუფალმა თემამ ჩემი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა - კვირის პალიტრა

თავისუფალმა თემამ ჩემი ცხოვრების საიდუმლო გაამხილა

"იმ დღეს მასწავლებელს თვალი მიუდევნებია ჩემი ნაწერისთვის და თავზარი დასცემია, როდესაც მისი დანაშაული საკონტროლო წერის რვეულში ამოუკითხავს..."

"სამი კვირის ვყოფილვარ, როდესაც ოჯახის წევრების და ნათესავების დაჟინებული "რჩევით" დედამ ქუჩაში დამტოვა"

"რაც გიწერია, ვერ ასცდები", - ამბობს ეკა დანელია. მან ბავშვობაშივე გაიგო, რომ იმ ქალის ბიოლოგიური შვილი არ იყო, ვინც ზრდიდა. მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ოდესმე მშობელ დედას შეხვდებოდა.

ეკა დანელია: - მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ გამიმხილა, რომ მისი ღვიძლი შვილი არ ვიყავი... მისმა ავადმყოფობამ გული მომიკლა, იმის გაფიქრებაც კი მზარავდა, რომ ჩემი საოცარი დედიკო შეიძლებოდა ერთ დღეს ხელიდან გამომცლოდა...

ერთ დილას ქუჩაში ვუპოვივარ, საბანში გახვეული. წერილში, რომელიც თან მქონდა, ჩემი დაბადების თარიღი და სახელი  ეწერა.

- ძალიან ლამაზი და უსუსური იყავი. შემეშინდა, ვაითუ, ავად იყოს-მეთქი და საავადმყოფოში გაგაქანე. სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდი. პირველად რომ ხელში აგიყვანე, იმ წამიდან მიყვარდი. რახან ქმარი არ მყავდა, შვილად აყვანის უფლებას არ მაძლევდნენ, წელიწად-ნახევარი დამჭირდა შვილად აყვანის უფლების მისაღებად. შენთვის სახელი არ შემიცვლია, წერილიც შენახული მაქვს. თუ ოდესმე სასწაული მოხდება და ნამდვილი დედა გამოჩნდება, იქნებ ერთმანეთის ამოცნობაში დაგეხმაროთ, - მითხრა დედამ. ატირებული ჩავეხუტე, - სულ ჩემ გვერდით უნდა იყო, ჩემი მიტოვების უფლება არ გაქვს-მეთქი.

იმ დღიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. სულ ვცდილობდი დედისთვის მესიამოვნებინა. საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, რაც ყველაზე მეტად ახარებდა. სკოლაში არავინ იცოდა, რაც ხდებოდა ჩვენს ოჯახში, გარდა   ქართულის მასწავლებლისა, რომელიც ისე მიყვარდა, ყველაფერს ვუყვებოდი, მაგრამ ჩემი ოჯახის საიდუმლო მაინც არ გავუმხილე. თუმცა, ერთი-ორჯერ გავიფიქრე, თუ გამზრდელს სიკვდილი წამართმევდა, მასწავლებლისთვის მეთხოვა, დედობა გაეწია. ისიც მარტოხელა იყო...

უკვე მერვეკლასელი დედაჩემის ტკივილებმა ნაადრევად დამაბრძენა. სულ შინ გამირბოდა გული - ნეტავ როგორ დამხვდება-მეთქი. იმ დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში საკონტროლო წერა გვქონდა.  თავისუფალი თემა, "დედა", ავირჩიე. მომინდა მომეთხრო ჩემს გამზრდელ დედაზე, რომელიც უზომოდ მიყვარდა. მივმართავდი დედას, - "მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, შენ შესახებ ყველას მოვუთხრო. მასწავლებელს და ბავშვებს ჰგონიათ, რომ შენ გამაჩინე და რადგან ერთმანეთს არ ვგავართ, ხშირად მეკითხებიან, ალბათ მამას ჰგავხარო, მე კი მეღიმება და ვამბობ, რომ მხოლოდ შენ გგავარ.  მე ნამდვილად შენი შვილი ვარ. არ ვიცი, სად და როდის დავიბადე. ალბათ არც არავინ იცის იმ ქალის გარდა, ვინც გამაჩინა, სახელიც დამარქვა, მერე საბანში გამახვია და წერილთან ერთად ქუჩაში დამტოვა..." უცებ ზურგზე მასწავლებლის ხელი ვიგრძენი, რომელიც მერხებს შორის დადიოდა და  დროდადრო მოსწავლეების ნაწერს თვალს ჩაჰკრავდა ხოლმე. შენიშვნა მომცა, როგორ სწრაფად წერ, ფრთხილად, შეცდომები არ დაუშვაო... უცებ მთელი კლასი შევკრთით, როდესაც მძიმედ დაცემის ხმა გავიგონეთ. მასწავლებელი იატაკზე უგონოდ ეგდო...

რამდენიმე კვირის შემდეგ გავიგე, რომ ერთი ჩვეულებრივი საკონტროლო წერის შედეგად ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო აღმოვაჩინე. იმ დღეს მასწავლებელს თვალი მიუდევნებია ჩემი ნაწერისთვის და თავზარი დასცემია, როდესაც მისი დანაშაული საკონტროლო წერის რვეულში ამოუკითხავს...

ჩემს ბიოლოგიურ დედას 16 წლისას გავუჩენივარ თანაკლასელისგან. მამამისს, ანუ პაპაჩემს, უარი უთქვამს შერცხვენილი ქალიშვილის და შვილიშვილის ოჯახში მიღებაზე. სამი კვირის ვყოფილვარ, როდესაც ოჯახის წევრებისა და ნათესავების დაჟინებული "რჩევით" დედამ ქუჩაში დამტოვა. მას შემდეგ ჩემ შესახებ არაფერი იცოდა.  გამოხდა ხანი და დედა ოჯახიდან წამოვიდა, ისწავლა, მარტო დაიწყო ცხოვრება და ჩემს ძებნას ხელი მიჰყო საბავშვო სახლებში, თუმცა, ამაოდ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, ცხოვრება სხვისი შვილების აღზრდისთვის მიეძღვნა...

ჩემი გამზრდელი დედა გულდამშვიდებული წავიდა იმ ქვეყნად, უხაროდა, რომ პატრონი მეყოლებოდა. სამწუხაროდ, ათი წლის შემდეგ მშობელი დედაც მძიმე სენმა წამართვა - დიდხანს არ დაგვცალდა ერთად ყოფნა, მაგრამ უბედნიერესი ვიყავი მასთან ყოფნით, ვაპატიე, რომ ჩვილი ქუჩაში მიმატოვა. ალბათ, მამის ამბავსაც  იკითხავთ. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ცოლი ჰყავს, ჩემს მეტი შვილი არ ჰყოლია. ახლა მისი გვარი მაქვს. მამასაც  ვაპატიე სისუსტე. ხშირად მეუბნებიან, როგორი გული გქონია, როგორი პატიება შეგძლებიაო. მე ისეთმა ქალმა გამზარდა, ისეთი სიყვარული მასწავლა, რომ ბოღმით და ტკივილით ცხოვრება არ შემიძლია.  დედამიწაზე ხომ მაინც მცირე ხნით ვჩერდებით ყველანი...

სოფო გამრეკელი