"ვუთხარი, ოჯახიდან წავალ-მეთქი და დედამთილი დამემუქრა, დედობას ჩამოვართმევინებ და..." - კვირის პალიტრა

"ვუთხარი, ოჯახიდან წავალ-მეთქი და დედამთილი დამემუქრა, დედობას ჩამოვართმევინებ და..."

ნუ მიიყვანთ საქმეს საბედისწერო შედეგამდე!

სტატიის წერა უნდა დამეწყო, ჩემმა კოლეგამ რომ დამირეკა, - იქნებ ქალთა უფლებების დამცველი რაიმე ორგანიზაცია იცი, ახალგაზრდა ქალს სასწრაფოდ სჭირდება შველაო. როგორც გაირკვა, ჩვენი ჟურნალისტის ძმის ოჯახმა დროებით შეიფარა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დედა-შვილი.

მაკას, როგორც ძალადობის მსხვერპლს, სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი აღრიცხვაზე აიყვანს. დარეგისტრირებისთანავე მასზე ზრუნვას სახელმწიფო და შესაბამისი სამსახურები იწყებენ. ისინი უზრუნველყოფენ დროებითი თავშესაფრით, შეეცდებიან შეუნარჩუნონ ოჯახი და დაუსტაბილურონ ქმართან დაძაბული ურთიერთობა, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მაკას და მის პატარა შვილს კანონი დაიცავს...

მაკას ამბის მოსმენის შემდეგ მისი ოჯახის გადარჩენის იმედი დავკარგე:

- ოჯახში მე, ბავშვი, მეუღლე და დედამთილი ვცხოვრობდით. ჩემს ქმარს არასოდეს უმუშავია, დედამისისა და ჩემს კმაყოფაზე ცხოვრობს. კარგა ხანია, სასმელს მიეძალა, შეუძლია სრულიად უმიზეზოდ ამიშარდეს, მაგინოს, მიყვიროს. როდესაც პირველად მცემა, დავემუქრე, - პოლიციას გამოვიძახებ-მეთქი. შეშინდა და ერთი წელი ხელი არ დაუკარებია. ამისგან დედამთილიც მიცავდა. როდესაც მისი შვილი შინ გალეშილი ბრუნდებოდა, მე ოთახში ვიკეტებოდი. დედა მისაღებ ოთახში გაუშლიდა ხოლმე ლოგინს, დილით კი ჩემს ქმარს არაფერი ახსოვდა. ბოლო ხანებში ისევ დამიწყო ცემა. ორი დღის წინ დანას წამოავლო ხელი და მიღრიალა - უნდა აგკუწოო. კვლავ დედამთილი ჩადგა შუაში... მერე მივხვდი, რომ მისგან მხარდაჭერის იმედი არ უნდა მქონოდა, მან უფრო თავისი შვილი გადაარჩინა მკვლელობის გამო ციხეში მოხვედრას. დილით კი თვითონ ჩამალაგებინა ბარგი - აქედან უნდა წახვიდეო. ხომ იცით, წასასვლელი არ მაქვს, თქვენი შვილიშვილი მაინც არ გეცოდებათ-მეთქი? შენ მე ვერ მაფასებ და შინ როგორ გაგაჩეროო, - მიპასუხა და კარი გამიღო.

- დედამთილიც უკმაყოფილო იყო თქვენით?

- მასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, დედას ჩააგონა, რომ მძულდა. არადა, მისი საწინააღმდეგო რა უნდა მქონოდა.

ბევრჯერ მიფიქრია, სახლიდან წავალ-მეთქი, მაგრამ არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ჩემი მშობლების ოჯახი დევნილია, სხვა ქალაქში ცხოვრობენ. თან დედა ინვალიდია, ჩემი და მას უვლის, მათაც ვუგზავნიდი ხელფასის ნაწილს. მოკლედ, წასასვლელს ვერ ვხედავდი, არ ვიცოდი, ვისთვის მიმემართა, მაგრამ ახლა, როდესაც ქმარი დანით გამომეკიდა, იქ ვეღარ დავრჩებოდი. დილით ტაქსის გასაჩერებლად გავედი და როდესაც შემოვბრუნდი, ეზოში ჩემი შვილი დამხვდა. თურმე სახლიდან გავედი თუ არა ჩემმა ქმარმა ჩანთები გარეთ გამოაწყო და ბავშვიც გამოისტუმრა. მეორე დღეა, არავის მოვუკითხივვართ. მე თუ არა, ბავშვი ხომ მაინც უნდა ენაღვლებოდეთ? ერთხელ ვთქვი, ოჯახიდან წავალ-მეთქი და დედამთილი დამემუქრა, - დედობას ჩამოვართმევინებ და ბავშვს წაგართმევო...

- არ უთქვამს, რის საფუძველზე აპირებდა თქვენთვის დედობის ჩამორთმევას?

- მაშინ არ ვმუშაობდი, თან სახლიც ხომ არ მაქვს. მაშინებდა, - შენ რა გაგაჩნია ბავშვის შესანახად, სასამართლო ჩვენ მოგვცემს მეურვეობას და მხოლოდ ნახვის უფლება გექნება, ეგეც იმ შემთხვევაში, თუ ჭკვიანად იქნებიო. მერე დავფიქრდი, ვის აქვს უფლება, დედობა ჩამომართვას იმის გამო, რომ სოციალურად დაუცველი ვარ? აქამდე ბევრ რამეზე ვფიქრობდი, მეშინოდა მოძალადე კაცის, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული.

P.S. ვინც მიიჩნევს, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, პოლიციის გამოძახების გარდა, შეუძლია მიმართოს სახალხო დამცველის აპარატში გენდერული თანასწორობის დეპარტამენტს.

ნუ მიიყვანთ საქმეს საბედისწერო შედეგამდე!

სოფო გამრეკელი