"კაცი ლეკვებს დასტიროდა და საკუთარ შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა" - კვირის პალიტრა

"კაცი ლეკვებს დასტიროდა და საკუთარ შვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა"

რედაქციაში ეს წერილი ერთმა ქალბატონმა მოიტანა -  ჩემი წასვლის შემდეგ ნახეთო....

"22 წლის ვიყავი, პირველად რომ შემიყვარდა ბიჭი. ისეთი იყო, ვის არ შეაყვარებდა თავს. წელიწადი ვხვდებოდით  ერთმანეთს, ბედნიერებისგან დავფრინავდი, მხოლოდ მის სახელს გავიძახოდი, მხოლოდ მასზე ვლაპარაკობდი. ერთ დღეს მივხვდი, ორსულად ვიყავი. მაშინვე მივახარე. დაიკარგა, გაქრა, მე კი არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა მობილური ტელეფონები. სახლის ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული. მუდმივად მამამისი მპასუხობდა, - ლევანი შინ არ არისო და დაახეთქებდა ყურმილს. მეშინოდა, ოჯახში რომ ჩემი ორსულობა შეეტყოთ, ცუდი ამბები დატრიალდებოდა. უკვე ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი, როცა მოვახერხე მისი ნახვა. ახლა ცოლის შერთვის გუნებაზე არ ვარ... რა დროს შენი ბავშვები და დედობაა, ცხოვრებით დატკბიო, მითხრა და გამშორდა.

თავის მოკვლა ვერ შევძელი. ერთ დღესაც მისმა მეგობარმა ლევანის წერილი მომიტანა - ფულს გიგზავნი, ესეც მამაჩემს გამოვართვი, ვიმედოვნებ, გეყოფა. როგორც მითხრეს, ძალიან ძვირიც არ ღირს…აბორტის გაკეთებაო. იქვე ეწერა პოლიკლინიკის მისამართი, სადაც უნდა მივსულიყავი. იმ ღამეს გამოვიგლოვე ჩემი სიყვარული და საკუთარი თავიც. აბორტი გავიკეთე. თურმე ლევანის მამის მეგობარი იყო ის ექიმი, ვინც მე აბორტი გამიკეთა. "შენ ისე გააკეთებ ყველაფერს, რომ შვილი კიდევ ეყოლება, სხვას ვერ ვანდობთო", - უთქვამს მამამისს. გიჟივით ვხარხარებდი, ნერვული შოკი დამემართა, თურმე ჩემზე, ჩემს მომავალზე ზრუნავდნენ და საკუთარ მომავალს კი კლავდნენ... აბორტიდან ერთი კვირა გავიდა და მე ისევ ისეთი სიმპტომები მქონდა, როგორიც მანამდე. იმავე გინეკოლოგთან მივედი. გამიკეთეს ექოსკოპია. თურმე ტყუპზე ვიყავი ორსულად. ერთი მოკლეს, მეორე გადარჩა...

ერთ საკურორტო  ქალაქში მარტოხელა მამიდა მყავდა. დავურეკე, შენთან მოვდივარ-მეთქი. ვნანობდი, რომ თავიდანვე ასე არ მოვიქეცი და ჩემი ერთი შვილის სიკვდილი ჩემივე ნებით დავუშვი.

მამიდა გაგიჟდა, - რატომ აქამდე არ მითხარი, აბორტი როგორ გაიკეთეო?! უკრაინელ მეგობარს დაურეკა, - იფიქრე, რომ შვილს გიგზავნი, მიმიხედე, ყველაფერი გააკეთე, რომ მშვიდობიანად იმშობიაროს და ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოსო. მერე ზღაპარივით მოხდა ყველაფერი... ულამაზესი გოგო გავაჩინე, მამის ასლი. ჩემს მშობლებს მამიდამ გამოუცხადა, - ლიკას მე ვუპატრონებო... პროფესიით ვეტერინარი ვარ. უკრაინაში სხვა პროფესიასაც დავეუფლე, ვმუშაობდი. სამშობლოში რვა წლის შემდეგ დავბრუნდი. კაცებს სათოფეზე აღარ ვეკარებოდი. მეშინოდა, ვაითუ, ვინმე შემიყვარდეს და მანაც ლევანივით გამწიროს-მეთქი.

მალევე ვეტერინარული მაღაზია და კლინიკა გავხსენი. ბედნიერად ვცხოვრობდი მოხუც მამიდასთან და შვილთან ერთად. ვეტერინარული კლინიკა ახლობელ ბიჭს, გიორგის გადავაბარე, მხოლოდ რთულ ოპერაციებზე ვეხმარებოდი ხოლმე. გავიდა რამდენიმე წელი. ერთ დღეს ვირუსისგან მაღალი ტემპერატურა მქონდა, თავი მისკდებოდა. გიორგიმ დამირეკა, - მომაკვდავი ძაღლი მოიყვანეს, უნდა დამეხმარო, ოპერაციას მარტო თავს ვერ გავართმევო. ავიფარე პირბადე, შევიფუთე თავი და წავედი. ძაღლი მაგიდაზე იწვა, პატრონმა თავი რომ ასწია, კინაღამ გული გამიჩერდა. გაჭაღარავებული, დაბერებული ლევანი მაშინვე ვიცანი. თვალებში არც შემიხედავს. რომ შემეხედა, არა მგონია, ვეცნე თავზარდაცემულს. თურმე მას და მის მეგობარს მანქანით ძაღლი წაუყვანიათ სასეირნოდ. უეცრად ტრაილერის მძღოლს საჭე გაჰქცევია და ლევანის მანქანას დასჯახებია. ლევანს და მის მეგობარს გადახტომა მოუსწრიათ, მაკე ძაღლს - ვერა. საწყალი დალეწილი იყო.

ძაღლი გადავარჩინე, ლეკვები - ვერა, მაგრამ საშვილოსნო შევუნარჩუნე, კიდევ დამაკდებოდა ლევანის "ლინა". ძაღლი მძიმედ იყო, ვერსად გავატანდი. გიორგის ვთხოვე, მისთვის მიეხედა, მანამ კი პატრონთან მარტო დამტოვე-მეთქი. ოთახში შემოსულს ბოდიში მოვუხადე - გრიპის გამო პირბადეს ვერ მოვიხსნი-მეთქი. როცა გაიგო, რომ ლეკვები დაიხოცნენ, ბავშვივით აზლუქუნდა. ნერვები მომეშალა, მაგრამ მაინც მოვერიე თავს. მშვიდად ვუთხარი, - კარგი ადამიანი ყოფილხართ, ზოგიერთი კაცი ღვიძლ შვილებს არ ინდობს საყვარელი ქალის მუცელში, თქვენ კი ლეკვებს შვილებივით დასტირით-მეთქი. გაჩუმდა, მერე ფრთხილად ასწია თავი, სახეზე საშინელი სასოწარკვეთილება ეხატა. ვეღარ მოვითმინე და ჩამოვიხსენი პირბადე...

სამი დღე და ღამე ეძინა ძაღლის გვერდით ლევანს კლინიკაში. არ გვილაპარაკია. წავიდა და ისევე, როგორც მაშინ, წერილი დამიტოვა. პატიებას მთხოვდა მისი და მამამისის სახელით, რომელიც გარდაცვლილა საშინელი სიკვდილით - ერთ ღამეს ხანძარი გაჩენილა. ის კაცი მარტო ყოფილა სახლში... ამ ტრაგედიის შემდეგ ლევანს მძიმე სენი შეჰყრია. "ავადმყოფობა კი გადავიტანე, მაგრამ შვილი აღარასდროს მეყოლება. დავიწყევლე შენი შვილის გამოო" - ამ სიტყვებმა სულ გამაგიჟა, შენი შვილისო, თითქოს მას საერთო არაფერი ჰქონდა ბავშვთან. არ სცოდნია, რომ ერთის ნაცვლად, ტყუპს ვატარებდი მუცლით. როგორც ჩანს, მამამისმა არ გაუმხილა. ან იქნებ იმ ექიმმა არ თქვა არაფერი, იქნებ ასე სცადა ჩემი შვილის გადარჩენა.

ლევანმა არ იცის, რომ შვილი ჰყავს. არც ქრისტინემ იცის, რომ მამა ჰყავს. ამ საიდუმლოს სამარეში ჩავიტან. ის კაცი საშიშად მიმაჩნია ჩემი შვილისთვის. აკი, ბოლო წერილშიც მიმანიშნა კიდეც, შენი შვილი გავწირეო... ჩვენი კი არა...

სოფო გამრეკელი