"ცოლმა საქორწინო ხელშეკრულება მომთხოვა" - კვირის პალიტრა

"ცოლმა საქორწინო ხელშეკრულება მომთხოვა"

"თანამედროვე ქალების დიდი ნაწილი ქმარში საყვარელ ადამიანს და მეგობარს კი არა, მარჩენალს ეძებს", - მიაჩნია 26 წლის გიორგის, რომელიც იმის გამო აღშფოთდა, რომ ცოლმა საქორწინო ხელშეკრულება მოსთხოვა.

გიორგი - დაქორწინებამდე ორი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. სანამ ნიას საცოლე ერქვა, ჩემს ჯიბეს ისე უფრთხილდებოდა, ზოგჯერ გაოცებულიც კი ვრჩებოდი. არადა, ფული ყოველთვის საჭიროზე მეტი მქონდა, რადგან შეძლებული მამაჩემი ზრუნავდა ჩემს ჯიბეზე... ნიას კი ხშირად უთქვამს, რა გვინდა ბარში, კაფეში, რესტორანში, იქ რატომ უნდა დახარჯო ფული, როდესაც შინ, ჩემი ხელით მოგიმზადებ გემრიელ სასუსნავსო და ამიტომაც ხან ჩემთან ვიყავით, ხანაც მის ოჯახში...

დავქორწინდით თუ არა, გამომიცხადა, მამაშენმა ქორწილში საკრედიტო ბარათი მხოლოდ შენ რომ გაჩუქა, მე რატომ არაფრად ჩამაგდოო? მამა ბიზნესმენი მყავს, მეც მასთან ვმუშაობ კომპანიაში და ცხადია, მამა მიხდის ხელფასს და სხვა დანამატსაც მაძლევს, მაგრამ საკრედიტო ბარათს გარკვეული საბანკო პრივილეგიები აქვს და ამიტომაც მაჩუქა საზეიმოდ, თორემ "მატერიალურ სიკეთე" მამაჩემისგან ისედაც არ მაკლდა.

მამაჩემმა ნიას მანქანა აჩუქა, ბინა გვაჩუქა, არაფერს გვაკლებს და ამის შემდეგ რაღაც საკრედიტო ბარათზე ამიხირდა. ვუთხარი, ასეთი პრეტენზიებით ჩრდილს აყენებ ჩვენს სიყვარულს-მეთქი... მხოლოდ ორი კვირა ეყო დუმილის უნარი, მერე კი გამომიცხადა, საქორწინო კონტრაქტი გავაფორმოთ, ეს ქონება მამაშენმა ხომ ორივეს გვაჩუქა და მხოლოდ შენს სახელზე რატომ უნდა იყოსო? სახტად დავრჩი, ნიას ვეღარ ვცნობდი - თბილი და მოსიყვარულე გოგო უცებ მომხვეჭელ მონსტრად იქცა. იმის ნაცვლად, რომ დამტკბარიყო უზრუნველი ცხოვრებით, საზიზღრად იქცეოდა...

- გააფორმეთ საქორწინო ხელშეკრულება?

- არა. ისე გავბრაზდი, მამაჩემს ვთხოვე, მინდა, ყველაფერი, რაც გვაჩუქე, შენი და დედაჩემის სახელზე იყოს-მეთქი. გაიკვირვეს, მაგრამ ავუხსენი, რომ ჩემი უბნის ბიჭებისა და მეგობრების გადამკიდე, მეშინოდა, შეცდომა არ დამეშვა, მაგალითად, კაზინოში მეთამაშა და წამეგო ჩემს სახელზე არსებული ქონება. ასე უფრო დაცული ვიქნებით და მეც ნაკლებად მექნება ცდუნება-მეთქი. დავაჯერე მამა. მართლაც გადაიფორმა უკან ყველა საჩუქარი.

- გაიგო შენმა ცოლმა?

- გაიგო და გაცოფდა. არ იცოდა, რომ მამამ ჩემი თხოვნით გადაიფორმა ქონება და მამაჩემს მისდგა, - ვითომ მზრუნველი მშობელია, სინამდვილეში ძალიან ძუნწი კაცია, რადგან რაც გვაჩუქა, უკან გვართმევსო.

მოგვიანებით გავიგე, რომ ნიას დედამისი აქეზებდა. თურმე საგანგებო ტაქტიკაც შეასწავლა, როგორ მოქცეულიყო გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგ. მე კი დედა-შვილი ანგელოზები მეგონა.

- მოაგვარეთ ურთიერთობა?

- ვერ მოვაგვარეთ და როცა გაუსაძლისი გახდა ჩვენი ცხოვრება, დავცილდით. სასამართლოშიც იჩივლეს, რომ თურმე ნიას წილი ეკუთვნოდა ჩვენი ოჯახიდან. მათი ახლობლისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ალქაჯი  დედამისი დანანებით ამბობდა, ნიას დაორსულება და შვილის გაჩენა რომ მოესწრო, ხახვივით გავფცქვნიდი მაგ არამზადებსო.

არ დაგიმალავთ და ახლა ძალიან შეშინებული ვარ, გოგოს ვეღარ ვენდობი. როგორ გამოვიცნო, ადამიანი უყვარს, თუ ქონება?

რაც დრო გადის, არჩევანის გაკეთება ძნელდება. ჩემი ტოლი გოგოების უმრავლესობა ქმარში მარჩენალს ეძებს, ან ლეგალური სექსისთვის თხოვდებიან და როცა ოჯახური ერთფეროვნება მობეზრდებათ, ათას მიზეზს ეძებენ ოჯახის დასანგრევად... არიან ასაკით უფროსი ქალები, რომლებმაც მატერიალურ დამოუკიდებლობას თავად მიაღწიეს და ქმარი სჭირდებათ, როგორც ხელსახოცი და "ლეგალური ობიექტი" შვილის გასაჩენად. მოკლედ, ღირსებებით შემკული გოგოს მოძებნა მიჭირს. მგონი ისინი საერთოდ გარეთ არ გამოდიან, ან გაურბიან იმ გასართობ ადგილებს, სადაც დღეს შეიძლება ბიჭმა გოგოს გაცნობა მოახერხოს.

უკვე აღარ მიკვირს ჩემი მეგობარი ბიჭების დამოკიდებულება გოგონების მიმართ. მათი ურთიერთობები ერთჯერადია და ვიწრო ინტერესებზეა გათვლილი - ერთობიან და შემდეგ ისე მოისვრიან გოგოს სანაგვეზე, არაფერი ანაღვლებთ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ასე მოქცევა არ შემიძლია...

სოფო გამრეკელი