"ვნანობ, რომ ნაჩქარევად მივიღე გადაწყვეტილება" - კვირის პალიტრა

"ვნანობ, რომ ნაჩქარევად მივიღე გადაწყვეტილება"

ადრე გავთხოვდი: მე და ჩემს ქმარს სამი წელი გვიყვარდა ერთმანეთი, 18 წლისებმა ოჯახი შევქმენით. მყარი ოჯახისთვის კი მარტო სიყვარული არ ყოფილა მთავარი. გოჩა (ჩემი ქმარი) არ მუშაობდა, მალე ჯარში გაიწვიეს. მეც ვერ გავაგრძელე სწავლა. ქმრის ოჯახში მარტოსულად ვგრძნობდი თავს. დედამთილ-მამამთილსაც ვერ გავუშინაურდი. დედაჩემი მირჩევდა, - ქმრის დაბრუნებამდე ჩემთან გადმოდიო. დავყაბულდი. როცა გოჩა ჯარიდან დაბრუნდა, საყვედური არ უთქვამს, მაგრამ შევატყვე, არ ესიამოვნა, დედაჩემთან რომ დავხვდი... როცა დავორსულდი, იძულებული გავხდი, ისევ ჩემს მშობლებთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. ბავშვის გაჩენის შემდეგ გოჩას სურვილით კვლავ მასთან დავბრუნდი. დედაჩემისგან იმდენად ვიყავი შეგულიანებული, რომ ქმარს და დედამთილ-მამამთილს ცალკე ბინა თამამად მოვთხოვე. მახსოვს, დედამთილმა მთხოვა, ცოტა ხანს მოითმინე, ფულს ველოდებით და ცალკე გაგიშვებთ, ამ ბინას ნუ დაგვაშლევინებო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე.

მერე დედაჩემიც ჩაერია საქმეში და დიდი უსიამოვნება მოხდა. გოჩა ძალიან განაწყენდა, - ისეთი რა არის, რომ ერთი წელი ჩემს მშობლებთან ვერ იცხოვროო. მეც გულნატკენი ვიყავი და უკან აღარ დავიხიე, - ჰოდა, სანამ ბინას მიყიდით, დედაჩემთან ვიქნები-მეთქი, - მივაძახე ყველას და კარი გავიხურე.

მეგონა, გოჩა მეორე დღესვე მომაკითხავდა და თვითონაც ჩემთან დარჩებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დამირეკავდა, ბავშვს გამოვუყვანდი, ცოტა ხანს გაასეირნებდა და დამიბრუნებდა... დრო რომ გავიდა და არც არაფერი შეიცვალა, ძალიან გავბრაზდი. გოჩას ბავშვს აღარ ვაჩვენებდი, რის გამოც ჩვენ შორის უფრო დაიძაბა ურთიერთობა. ერთხელ, როცა ნასვამი მოვიდა და შვილის ნახვა მოისურვა, პოლიციას გამოვუძახე. ის დღე იყო და ის დღე, გოჩამ საერთოდ ამომირეცხა გულიდან. რამდენიმე წლის შემდეგ კი მეორე ცოლი შეირთო. დედაჩემს უნდოდა, ბინა მომეთხოვა მათთვის, მაგრამ გოჩამ ერთოთახიანი ბინის საყიდელი ფული მომცა და ამით ამოიწურა ეს საკითხი. ჩვენი შვილი ახლა 29 წლისაა და მამას ხშირად ნახულობს. ერთხელ საყვედურიც შემომაპარა, - რას ერჩოდი იმ კაცს, შეუგუებელი რა სჭირდა, ცოტა ხანს მოგეთმინა ბებია-ბაბუასთან ცხოვრება, მამა რატომ დამიკარგეო. რა უნდა მეთქვა? მართალი იყო. მაშინ რომ არ ავჩქარებულიყავი და რაღაცები დამეთმო, ახლა მეც მექნებოდა ოჯახი.

თამარ ს., თბილისი