"ყოფილ დედამთილს ნიშნის მოგებით უთქვამს, ალქაჯია და მაგას რომელი ქმარი იგუებდაო"
07-07-2014
"ყოფილ დედამთილს ნიშნის მოგებით უთქვამს, ალქაჯია და მაგას რომელი ქმარი იგუებდაო"
თამარი 42 წლის არის. უკვე სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად ქართველი ქმარი ჰყავდა, ორჯერ - უცხოელი. ოჯახის დანგრევას ქმრებს აბრალებს და ამბობს, მითია, თითქოს უცხოელი კაცი სჯობს ქართველსო. ის ახლაც უცხოეთში ცხოვრობს. სამშობლოში დროდადრო ჩამოდის მშობლებისა და ნათესავების სანახავად. დიდი ხნით ქვეყანას ვერ დატოვებს - მესამე ქმარი, ვისთანაც შვილები ჰყავს, ამის წინააღმდეგია...

თამარი
- პირველად 17 წლისა გავთხოვდი. ქმარი ათი წლით უფროსი იყო.  გაიარა თაფლობის თვემ და ხელში შემრჩა უქნარა, მამის
კისერზე წამომჯდარი მეუღლე. მას სთხოვდა ყოველდღიურ ფულს, რათა მასავით უქნარა ძმაკაცებთან ერთად ეწანწალა, დაელია და ეთამაშა. მოვიდოდა შინ გამოშტერებული, ხშირად მთვრალი, მე კი დღეებს მის მოლოდინში ვაღამებდი. ფულიც
არ მქონდა, რომ ელემენტარული რამ მეყიდა და მამაჩემსაც ვერ ვთხოვდი, უქნარა ქმარი მყავს და შემინახე-მეთქი.

- ქმარს არ უთხარი, რომ ასე ცხოვრება გიჭირდა?

- რომ ვუთხარი, მოწყენილი სულ შენს მოლოდინში ვარ, სახლში როდის მოხვალ-მეთქი, გამომიცხადა, ღამით ხომ შენ გვერდით ვარო. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე და სწავლა დაიწყო, სამგზავრო ფულს ქმარს ვთხოვდი, ის - მშობლებს. მშობლები ბუზღუნებდნენ - მეორე უსაქმურიც დაგვემატაო. თითქოს ჩემი ქმარივით აღმა-დაღმა სახეტიალოდ მინდოდა ფული. ერთი წლის თავზე დაინგრა ჩვენი ოჯახი. შვილი არ დამრჩენია. იმის ნაცვლად, რომ ჩემს დედამთილს თავისი შვილის უვარგისობა ეღიარებინა, მე დამდო ბრალი, - უშვილოა და ტყუილად ხომ ვერ შევინახავდითო! უმაღლესი რომ დავამთავრე, სასწავლებლად უცხოეთში წავედი. აქ ბოროტ ენებს ხომ არ შევაჭმევდი გულს. თან, როგორც განათხოვარს, ყველა კაცი საკბილოსავით მიყურებდა.

ვსწავლობდი, სტიპენდია მქონდა, ვმუშაობდი კიდეც. მოკლედ, დამოუკიდებელი ადამიანი ვიყავი და  ხელებში არავის შევყურებდი. რამდენჯერმე პაემანზეც წავედი, რესტორანში კაცმა თავის დანახარჯი გადაიხადა, მე - ჩემი. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება მომწონს, არაფრით ხდები მასზე დამოკიდებული. ბევრი რამ შეიძლება მოგეწონოს უცხოელ კაცთან ურთიერთობისას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უცხოელი და ქართველი კაცი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან - უცხოელებიც ისევე ცდილობენ ქალი საკუთარ ინტერესებს მოარგონ, როგორც ჩვენები. თუ უცხოელი ქმარი გყავს და მასთან შვილი შეგეძინა, გაყრაზე შესაძლოა იოლად დაიყოლიო, მაგრამ ბავშვებთან დაკავშირებით ბევრ პრობლემას გიქმნიან. მეორე ქმარი უცხოელი იყო, ევროპელი.

- რატომ გასცილდი?
- ხშირად მთვრალი იყო. დაქორწინებამდე გულმოდგინედ მალავდა ნაკლოვანებებს, მაგრამ ერთად ცხოვრების სამი წლის მანძილზე ლოთობით თავი მომაბეზრა, მის გვერდით ცხოვრება აუტანელი გახდა. გგონიათ, ევროპელი ქმარი არ იგინება, არ ყვირის, ძალადობის სურვილი არ უჩნდება? შესაძლოა ზოგიერთ ქალს უმართლებს და ხვდება ნამდვილ მამაკაცს, უმრავლესობას კი მანკიერი კაცის ატანა გვიწევს, ან ვერ ვიტანთ და ვშორდებით. მეორე ქმარს რომ გავშორდი, თბილისელ ყოფილ დედამთილს ნიშნის მოგებით უთქვამს, ალქაჯია და ვინ იგუებდაო. მეორე ქმარმა გაცილების შემდეგ ბრალი დამდო, - მღალატობდა და ბავშვიც ჩემგან არ ჰყავსო. საბედნიეროდ, დღეს ასეთი ტყუილის გაქარწყლება შესაძლებელია. დნმ-ის ანალიზით ჩავაკმენდინე ხმა და შვილს ევროპული წესით უხდის ალიმენტს.

მეტად აღარ ვაპირებდი გათხოვებას, მაგრამ მეგობრები შემიჩნდნენ, ძალიან კარგი ბიჭია. შვილი გყავს გასაზრდელი და გვერდით მამაკაცი გჭირდებაო. მესამე ქმარი, ჰამიდი, ევროპაში დაბადებულ-აღზრდილი ლიბანელი იყო და რას ვიფიქრებდი, თუ აზიატი იქნებოდა. შევცდი. ჩვენ ტყუპი გვყავს. ბავშვების გამო გაყრის შემდეგაც კი ცდილობს, მისი მონა ვიყო. საბედნიეროდ, ევროპული კანონები მიცავს, თორემ მუსლიმანურ ქვეყანაში რომ მეცხოვრა, ალბათ, გამომაგდებდა ქვეყნიდან და ბავშვებს ახლოს არ გამაკარებდა. მისი აზრით, ბავშვების პატრონი მხოლოდ ის არის, მე კი ჭურჭელი ვყოფილვარ, რომელმაც ცხრა თვე მისი შვილები ატარა.
მოკლედ,  უნდა გაგიმართლოს და ნამდვილ კაცს შეხვდე, თორემ მათი შერჩევა კანის ფერის, ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის მიხედვით, შეუძლებელია. ყველა კაცი ერთნაირია.

სოფო გამრეკელი
ანა
24 ნოემბერი 2017 11:58
სამჯერ გათხოვილი ქალი.და იძახი არც ერთი არ ვარგოდაო.ყველა ასეთი უვრგის შენ როგორ იპოვე?
24 ნოემბერი 2017 03:36
გეორგიას კომენტარი შესანიშნავიაა 22წელია ქმარი მყავს და ბედნიერადაც ვგრძნობ თავს...და რაიცით რო ყველა კაცი ერთნაირიაა?
ina
04 სექტემბერი 2014 16:45
გიორგიას კომენტარს ვეტანხმები,საიდან იციტ რომ ყველა კაცი ერტნაირია?20 წელია რაც გატხოვილი ვარ და ტავს უბედნიერესად ვტვლი,ყველაფერი დამოკიდებულია ტქვენს არცჰევანზე ქალბატოენბო

რედაქტორის რჩევით