"ჩემი დედამთილი ყველას უყვება, ზაზას კარგა ხანს აჯდა თავზე, ჩემმა შვილმა ვეღარ აიტანა და მიატოვაო" - კვირის პალიტრა

"ჩემი დედამთილი ყველას უყვება, ზაზას კარგა ხანს აჯდა თავზე, ჩემმა შვილმა ვეღარ აიტანა და მიატოვაო"

"შრომით და უსიყვარულობით დაქანცულს ძალიან მინდოდა სითბო, რომელსაც ჩემი ქმრისგან ვერ ვიღებდი"

"დღე ხომ ტელევიზორს იყო მიჯაჭვული, ღამით ტელევიზორთან ჩაეძინებოდა, მაგრამ დასაწოლად მაინც არ დგებოდა"

ნინო ტანსაცმლის მაღაზიაში გავიცანი. მენეჯერია. ქართული მომსახურების სფეროსთვის ისე უჩვეულოდ თბილი და თავაზიანი აღმოჩნდა, რომ აღფრთოვანებულმა მადლობა გადავუხადე. მერე კვლავ ვეწვიე მის მაღაზიას... დავმეგობრდით. ერთ საღამოს ყავის დასალევად კაფეში დავსხედით და...

ნინო: - რომ გავთხოვდი, ორივე ვმუშაობდით. გაიარა ორმა ბედნიერმა წელმა, მერე ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. დანაზოგით ვახერხებდით თავის გატანას. იმის იმედიც რომ დავკარგეთ, ფულს ვინმე გვასესხებდა, პროფესიის მიხედვით აღარ ვეძებდით სამსახურს. მე მაღაზიაში ვიშოვე კონსულტანტ-გამყიდველის ადგილი, ჩემი ქმარი მშენებლობაზე მოეწყო, მაგრამ ერთ თვეში აღმოაჩინა, ფიზიკური შრომა არ შეეძლო. საღამოს, სამსახურიდან შინ წამოსვლის წინ დამირეკავდა - სიგარეტი და ლუდი წამომიღეო. გული მიგრძნობდა, ჩვენს ქორწინებას დიდი დღე არ ეწერა. ზაზა ყოველ საღამოს ამბობდა, - ამ ერთ თვეში თუ არაფერი გამოჩნდა, თურქეთში წავალ და სეზონურად ვიმუშავებო. გადიოდა დრო. ის კი სახლში იჯდა და ელოდა... ადრე ზაზა შინ დაბრუნებულს ჩაის მაინც მიდუღებდა, მერე ესეც დაივიწყა, დედამთილთან დატოვებული ბავშვის მოყვანაზეც აღარ იწუხებდა თავს - დედაჩემი მარტოა და ბავშვი მასთან დარჩესო.

დღე ხომ ტელევიზორს იყო მიჯაჭვული, ღამით ტელევიზორთან ჩაეძინებოდა, მაგრამ დასაწოლად მაინც არ დგებოდა. მხარზე მივეყრდნობოდი ჩემს უმაქნის ქმარს, რომ მომფერებოდა მაინც, მაგრამ ის ტელევიზორს ვერ სწყდებოდა.

ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალა. მაღაზიაში ახალგაზრდა, სანდომიანი კაცი შემოვიდა, - ტანსაცმელი შემარჩევინეთო. მივეხმარე. თქვენ ალბათ ძალიან მზრუნველი ცოლი იქნებითო და მარჯვენა ხელზე ბეჭედს შეხედა. გამეღიმა. ფული გადაიხადა და წავიდა. მეორე საღამოსაც მოვიდა. ერთი კვირა დადიოდა... ფაქტობრივად გაზიდა ყველაფერი. ერთხელ მაღაზიის დაკეტვისას მოვიდა. ბოდიში მოვუხადე, - იქნებ ხვალ გამოიაროთ-მეთქი. პირიქით, ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, სად მიდიხართ, წაგიყვანთო. ყოველ საღამოს შეხვედრებმა, სითბომ, ქათინაურებმა ისეთი განცდა შემიქმნა, თითქოს იმ კაცს დაბადებიდან ვიცნობდი. ჩავჯექი მანქანაში. მასთან ყოფნა მსიამოვნებდა, მისი ყურადღება მაცოცხლებდა.

ერთ დღეს შინ გვიან მივედი. ზაზას ეს არც შეუნიშნავს, ფეხბურთს უყურებდა. რომ დაწვა, მივეხუტე. ხელით გამწია, გადაბრუნდა და დაიძინა. ავტირდი...

ნიკა მეორე საღამოსაც მოვიდა მაღაზიაში, დამელოდა, ერთად წამოვედით, კაფეში დამპატიჟა. შრომით და უსიყვარულობით დაქანცულს ძალიან მინდოდა სითბო, რომელსაც ჩემი ქმრისგან ვერ ვიღებდი. მე და ნიკა საყვარლები გავხდით. ზაზა ვერაფერს გრძნობდა, ვერაფერს ხედავდა, ვერც მამჩნევდა...

ერთ დღეს გამოვუცხადე, აღარ მინდა შენთან ცხოვრება, მომბეზრდა შენი რჩენა-მეთქი. შენ მე მარჩენო? - ცინიკურად მკითხა. დედაშენთან დაბრუნდი, შეგახსენებ, რომ ეს ჩემი მშობლების ნაჩუქარი ბინაა-მეთქი. სულ გაგიჟდა, - შენმა მშობლებმა კი გაჩუქეს, მაგრამ ჩვენ ხომ ერთად შევქმენით ოჯახიო? რომელი ოჯახი, წლების წინ რომ გაქრა და შენ რომ არც კი შეგიმჩნევია-მეთქი? ჩაიცვა და გაიქცა...

ჩემი ფულით შეძენილი ტანსაცმელი და სხვა ნივთები ჩავულაგე ჩანთაში, ზედ წერილი დავაკარი - საღამოს შინ აღარ დამხვდე-მეთქი. საღამოს სამსახურში მომაკითხა, - შენი წერილი და ჩანთა ვნახე, არსად მივდივარ, უნდა გავარკვიოთ, რა ხდებაო. ყელში ამომასხა ყველაფერმა, რაც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა და ვთხოვე, შინ წადი, მოვალ და ვილაპარაკოთ-მეთქი. მართლაც ვუთხარი, როგორი არარაობაც იყო, ჩემი შრომით მშვენივრად რომ ცხოვრობდა და მოახლესავით მექცეოდა. დიახ, სხვა მყავს, რადგან შენ ჩემთვის არ გეცალა, მეტიც, აღარ გაფიქრებდი-მეთქი. უგულო მეძახა, მაგინა, მლანძღა, ჩანთა აიღო და წავიდა.

გავცილდით... ორ თვეში მუშაობა დაიწყო. გამიხარდა, რომ მათხოვარი არ იქნებოდა, მაგრამ თან მეწყინა, რადგან თურმე მე ვეკიდე ფეხებზე, ჩემს ზურგზე მოკალათებული მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა. როგორც კი გავაგდე, გონს მოეგო. ნუთუ ვინმეს შეუძლია მითხრას, რომ ასეთ კაცს ვუყვარდი და მე უგულოდ მოვექეცი?!

ნიკაც გაცილებულია ცოლს, ჰყავს შვილი. მთხოვა, დავქორწინდეთო. უარი ვუთხარი - მივეჩვიე მარტო ყოფნას, მარტო შრომას. გული იმაზე მტკივა, რომ ჩემი დედამთილი ყველას უყვება, - ზაზას კარგა ხანს აჯდა თავზე, ჩემმა შვილმა ვეღარ აიტანა და მიატოვაო. როგორ შეიძლება ასეთი დაუნახავი იყო ადამიანი? ყოველდღე,  დასვენებების გარეშე, დილის ათი საათიდან საღამოს 8-9 საათამდე მიწევდა მაღაზიაში ყოფნა იმისათვის, რომ ზაზას, ბავშვს და ჩემს პენსიონერ დედამთილს საჭმელი და ტანსაცმელი ჰქონოდათ. ხედავდა, როგორი უქნარა იყო მისი შვილი და კიდევ მე მლანძღავს. მითხარით, რატომ უნდა მეცხოვრა  უქნარა ქმართან და წლების განმავლობაში გმირულად ამეტანა ყველაფერი.

სოფიო გამრეკელი