"ეჭვი მაქვს, რომ შენი შვილების მამა ვარ" - კვირის პალიტრა

"ეჭვი მაქვს, რომ შენი შვილების მამა ვარ"

ახლობელმა ექიმმა მიამბო ერთი დონორის შესახებ, რომელიც მამობრივმა გრძნობებმა ააფორიაქა და მომავალი შვილების დედის მოძებნა აიძულა.

გიორგი და ლევანი სამედიცინო უნივერსიტეტში ერთად სწავლობდნენ. გიორგი ბეჯითი სტუდენტი ყოფილა, ლევანი - გაზულუქებული ბიჭი. გიორგი საუკეთესო ექიმი დადგა, ლევანი მამის სიცოცხლეში არხეინად ცხოვრობდა, მისი სიკვდილის შემდეგ ძალიან გაუჭირდა, თანაც არ მუშაობდა. ერთ დღეს ძველი მეგობრები შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. ლევანმა გული გადაუშალა. გიორგის შეებრალა და უთხრა, - სანამ სამსახურს გიშოვიდე, მანამდე ერთ საქმეს შემოგთავაზებ, თუ არ იუკადრისებო და უამბო, - ჩემი მეგობარი კლინიკას ხელმძღვანელობს, სადაც ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია აქვთ. ამას წინათ ერთი კლიენტი მოუვიდა, 40 წელს მიტანებული ქალია, ლამაზი, უზრუნველყოფილი. უნდა გენეტიკურად ჯანმრთელი, დონორი მამაკაცი, ამაში კი დიდ ფულს იხდის, ოღონდ მოითხოვს, რომ დონორისთვის ინკოგნიტოდ დარჩეს. იქნებ გეცადა, თანაც ახლა უმუშევარი ხარ და ფული ძალიან წაგადგებაო. მეტი რა ჩარა ჰქონდა ლევანს, უცოლშვილოს და უპერსპექტივოს, გაჭირვებას დონორობა ერჩივნა.

ყველაფერი კარგად წარიმართYა, ქალი დაორსულდა. ლევანს ცნობისმოყვარეობა კლავდა, ისე უნდოდა გაეგო, ვინ იყო მისი მომავალი შვილის იდუმალი დედა. ამასობაში გიორგიმ სამსახურშიც მოაწყო. ერთი სიტყვით აეწყო ცხოვრება, მაგრამ, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ დაიბადებოდა მისი შვილი, როგორ დედას უნდა გაეზარდა. ერთ დღესაც ვეღარ მოითმინა და გიორგის ჰკითხა, ჩემი შვილის ამბავი ხომ არ იცი, გოგოა თუ ბიჭიო. გიორგიმ რეპროდუქტოლოგ მეგობარს დაურეკა. იმან - ლევანის დონორობის შედეგად ქალი ტყუპს ელოდებაო. ლევანი აფორიაქდა. კარგა ხნის მერე გიორგის გაენდო, - იმ ქალზე და ჩემს შვილებზე ფიქრი არ მასვენებს. იქნებ შორიდან მაინც რომ დავინახო, დავმშვიდდეო. გიორგიმ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ხომ არ გადაირიე, თუ ქალს არ სურს კაცის ნახვა, გამორიცხულია მის შესახებ ინფორმაცია მიიღოო. რას იზამდა ლევანი, ხელი ჩაიქნია და ბედს შეეგუა.

მერე მისი ცხოვრება უცნაურად წარიმართა. კლინიკის დირექტორს სამსახურში გულის შეტევა დაემართა. ლევანმა უპატრონა - სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოშიც გვერდიდან არ მოსცილებია, გვიანღა გაახსენდა, რომ ოჯახისთვის უნდა შეეტყობინებინა. ოჯახის წევრები - მეუღლე და ქალიშვილები მოცვივდნენ,  ერთ-ერთი ორსულად იყო. დირექტორის მეუღლემ ლევანს სახელი ჰკითხა, მადლობა გადაუხადა და უთხრა, - კარგი ადამიანი ყოფილხარ, შვილო, და სახელიც კარგი გქონია, აი, ჩემი ქალიშვილი აპირებს თავის ტყუპისცალს ლევანი დაარქვასო.  ტყუპის ხსენებაზე კაცს ჟრუანტელმა დაუარა და უხერხულობის გასაფანტავად უთხრა, - ალბათ ლევანი ბავშვების მეორე ბაბუას ჰქვიაო. არა, გენაცვალე, არ ჰყავთ ბავშვებს მამა. ჩემმა შვილმა მარტოხელა დედობა ირჩიაო, დაუფიქრებლად გაანდო საიდუმლო ქალმა. ლევანს თავბრუ დაესხა - იქნებ ეს არისო. მალვით უყურებდა  დირექტორის ქალიშვილის წამოზრდილ მუცელს.

სამწუხაროდ, დირექტორი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ლევანს კიდევ ერთხელ გაუჩნდა მის ოჯახთან შეხვედრის საბაბი, კიდევ ერთხელ მიიღო უამრავი მადლობა. როდესაც ელენეს ხელი ჩამოართვა, ქალმა უცნაურად შეხედა, უთხრა კიდეც,  ძალიან ნაცნობი სახე გაქვთო. ლევანმა შეახსენა, საავადმყოფოშიც შევხვდით ერთმანეთსო. მაშინ ისე ვიყავი თავზარდაცემული, აღარაფერი მახსოვს, ახლა ამოტივტივდა თქვენი სახე, როგორც ძველი ნაცნობისო, - უთხრა ქალმა.

იმ დღის შემდეგ ლევანმა ელენეს გზა-კვალის ჩხრეკა დაიწყო, აჩრდილივით დაჰყვებოდა ქალს, ერთი-ორჯერ პირისპირაც შეეჩეხა, ამით ისარგებლა და კაფეში დაპატიჟა. მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე კი გაუმხილა, - ეჭვი მაქვს, რომ შენი შვილების მამა ვარო. სთხოვა, არ შეგაწუხებ, ოღონდ ბავშვების ნახვის და მათ აღზრდაში დახმარების უფლება მომეციო...

ახლა ლევანი და ელენე ტყუპსაც ზრდიან და ხელოვნური ჩარევის გარეშე გაჩენილ მესამე შვილსაც...

სოფო გამრეკელი