"ყელზე სამუდამოდ დამრჩა გაავებული ქმრის მიერ შესხმული მჟავას კვალი" - კვირის პალიტრა

"ყელზე სამუდამოდ დამრჩა გაავებული ქმრის მიერ შესხმული მჟავას კვალი"

"იმ ღამეს პირველად შემეხო ხელით. გავმწარდი, სახლიდან გაქცევა დავაპირე, შემომათრია,

ისევ მცემა"

ინტერნეტგამოცემები აჭრელებულია უცხოეთში ძალადობის შედეგად დამახინჯებული ქალების ფოტოებით. ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოშიც შეიძლებოდა მენახა ქალი, ვისაც ეჭვიანობით დაავადებულმა ქმარმა არა მხოლოდ ღალატი დასწამა, არამედ სამუდამო დაღიც დაასვა.

ეკამ დამახინჯებულ სახეზე რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ როგორც მითხრა, ყელსა და ხელის მტევანზე სამუდამოდ დარჩა გაავებული ქმრის მიერ შესხმული მჟავას კვალი.

ეკა: - ჩემს ბედში არაერთი ქალია, თუმცა, იმედი მაქვს, ჩემსავით არავინ გაუმწარებია ქმარს. ისეთი მძიმე დღეები გადავიტანე, რომ ვნატრობდი, ნეტავ ბენზინი გადაესხა და ცოცხლად დავეწვი-მეთქი. რომ არა ისრაელში წასული ერთი ძველი მეზობელი, ალბათ სამუდამოდ მახინჯი და ცალთვალა დავრჩებოდი.  იმ  ოჯახმა შვილივით მიპატრონა, ოდესღაც მამაჩემის გაკეთებული სიკეთე ათასმაგად დაგვიბრუნა. ფაქტობრივად, მეორედ დავიბადე. შინ დაბრუნებული შვილმაც კი ვერ მიცნო...

- თქვენი მეუღლე ასე რამ გააცეცხლა.

- ფსიქოპათი იყო. სამწუხაროდ, ამას თავიდან ვერ მივხვდი, არადა, შეყვარებულობისასაც ჩაიდინა სიგიჟე - უკითხავად მეგობრებთან ერთად წავედი კინოში და შეიშალა. მანქანა გააქროლა და როცა შიშით თავზარდაცემულმა ვიკივლე, იღრიალა, - ვერც უშენოდ ვიცოცხლებ და შენც არ გაცოცხლებ უჩემოდ, ამიტომ სჯობს ერთად დავიხოცოთო. ხრამში აპირებდა მანქანით გაფრენას. მაშინ ტრაილერს შევასკდით. ის მაგრად დაილეწა, მე ფეხი მომტყდა. სულელი გოგო ვიყავი. იმაზე კი არ დავფიქრდი, ამის ჩამდენ კაცს რა შეიძლებოდა გაეკეთებინა მომავალში. ღმერთს ვევედრებოდი, - როგორ ვუყვარვარ, გადამირჩინე და გვერდიდან აღარასოდეს მოვშორდები-მეთქი.

- დაქორწინებამდე კიდევ გამოავლინა ავი ზნე?

- არა. მეც თავს დავფარფარებდი - აბა, რა გაუხარდება, აბა, არ ინერვიულოს-მეთქი. დაქორწინების შემდეგ კი ნამდვილი ურჩხული გახდა. ერთხელ მკერავთან წამომყვა. კაბა რომ გავისინჯე, არ მოეწონა, ძალიან შემოტმასნილი გაქვსო და შემომახია. დავმუნჯდი... მკერავმა ფერი დაკარგა და ჩემი ქმარი ოთახიდან რომ გავარდა, მითხრა, - ფრთხილად იყავი, ეგ კაცი არ გაგახარებსო. შინ მისულმა ვკითხე, - რა საჭირო იყო ასეთი საქციელი, გეთქვა და ისე გადავაკეთებინებდი იმ კაბას, როგორც შენ მოგეწონებოდა-მეთქი. მე ჩადრი მომწონს და ჩაიცვამ ასეთსო? მე კი ჩავიცვამ, მაგრამ შენზე რას იტყვის ხალხი-მეთქი.

სწორედ ეს აკავებდა, ხალხის ფაქტორი, თორემ მაგასაც გამაკეთებინებდა. თვალსაც არ გამომაყოფინებდა იმ ჩადრიდან და საერთოდაც სამზეოზეც არ გამომაჩენდა ალბათ.

- მჟავა როდის, რატომ და როგორ შეგასხათ?

- მისი დის ქორწილი იყო. სიძის ბიძაშვილი ჩემი კლასელის ყოფილი ქმარი აღმოჩნდა. ერთმანეთი ვიცანით და მოვიკითხეთ. გამომშვიდობებისას  ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ჩემმა ქმარმა შეგვასწრო თვალი და  - ვინ იყოო, მკითხა. ვუპასუხე. რა ბედნიერი შესციცინებდიო, - შემომხედა ბოროტად. მოგეჩვენა-მეთქი და მივეფერე. ხელი უხეშად მკრა.

იმ ღამეს ხმა არ გაუცია. მეორე დღეს ჩვეულებრივად იყო, ერთი კვირის შემდეგ მეკითხება, - აბა, ახლა მითხარი, იმ გარყვნილ მექალთანესთან მართლა რა საქმე გქონდაო. ვერ მივხვდი, ვის შესახებ მეკითხებოდა. გამახსენა ქორწილის ამბები. თურმე დაიწყო მოკვლევა, ვინ იყო ის ბიჭი. გაიგო, რომ ცოლს იყო გაცილებული, ქალები უყვარდა. შავ დღეში ჩამაგდო. იმ ღამეს პირველად შემეხო ხელით. გავმწარდი, სახლიდან გაქცევა დავაპირე, შემომათრია, ისევ მცემა.

მეორე დღეს გავიპარე სახლიდან და მშობლებს ვუთხარი, ამ კაცს ვერ გავუძლებ, უნდა გავცილდე-მეთქი.  ჩემი ქმარი მოვარდა - ან შინ წამოხვალ, ან დედობის უფლებას ჩამოგართმევო. ბავშვი კინაღამ გაგიჟდა. ძალით მიათრევდა. პოლიცია გამოვიძახეთ.

სასამართლოს წინადღეს საბავშვო ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად რომ მივედი, იქ დამხვდა. ამაზრზენი სახე ჰქონდა, უცებ ხელი მოიქნია, სახეზე საშინელი წვა ვიგრძენი და ხელი ავიფარე,  ხელიც მაშინ დამეწვა.  საბედნიეროდ, გამვლელებმა მიშველეს. ვიღაცამ სასწრაფო გამოიძახა და საავადმყოფოში წამიყვანეს. მერე გავიგე, ის არაკაცი არანორმალურად ღრიალებდა, ვეღარასოდეს დაინახავს შენი თვალები შენს შვილსო. მერე შეტრიალებულა და გიჟივით დაუძრავს მანქანა. იმ დღეს ავარია მოუვიდა და მოკვდა.

დიდხანს არ ვიჯერებდი მის სიკვდილს, შიშით ვკვდებოდი. ღამეები არ მეძინა, მეჩვენებოდა, პალატის კარი იღებოდა და ის შემოდიოდა ბოთლით ხელში, მე წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ სახეზე ცეცხლი მეკიდა და არავინ იყო, რომ მომშველებოდა.

ხშირად, როდესაც კაცები სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობენ, ბევრი ქალისგან მსმენია, - კაცია და უნდა დაუთმოო. როგორც კი კაცი რაიმე ფორმით ძალადობას იწყებს, უნდა გაეცალოთ სამუდამოდ. იმისგან ხეირი არ იქნება. ერთხელ თუ გაბედა, ერთხელ თუ მოგერია, აღარასოდეს დაგინდობს და ცხოვრებას დაგიმახინჯებს.

ჩემი შვილი დღემდე სტრესშია და გაურბის ბიჭებს. ყველა მამამისისნაირი ურჩხული ჰგონია. დედებმა უნდა მიაქციონ  ყურადღება ვაჟების აღზრდას, შეყვარებულმა გოგონებმაც თვალები კარგად უნდა გაახილონ, მოსიყვარულე ქმრის ნაცვლად ეჭვიანი ურჩხულის ხელში არ ჩაცვივდნენ...

სოფო გამრეკელი