მეგრული არდადეგები და "კუდიანი" პატარძალი - კვირის პალიტრა

მეგრული არდადეგები და "კუდიანი" პატარძალი

საზაფხულო რომანების შესახებ ხშირად მსმენია, მათ შორის ისეთებიც, კეთილად რომ დასრულებულა, ოჯახი შექმნილა - ნანა და თამაზი სამ ათეულ წელზე მეტია, ბედნიერად ცხოვრობენ.

ნანა: - ჩვენმა ჯგუფელმა გამოცდების წარმატებით დასრულება და დაბადების დღის აღნიშვნა ერთად გადაწყვიტა და მთელი ჯგუფი თავის ოჯახში, სამეგრელოში დაგვპატიჟა. მშვენივრად მოვილხინეთ. მასპინძლებმა შემოგვთავაზეს, დარჩით, დაისვენებთო. ჩვენც მეტი რა გვინდოდა. ეს ამბავი უფრო იმიტომაც გამიხარდა, რომ იქ იყო ჩემი ჯგუფელის ნათესავი თამაზი, რომელმაც იმ წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. ძალიან მომწონდა, მისგანაც ხშირად მიგრძნია ყურადღება, მაგრამ დაახლოება ვერ მოვახერხეთ. ვიფიქრე, კარგადაც დავისვენებ და თამაზსაც უკეთ გავიცნობ-მეთქი.

სახლთან მდინარე ჩამოდიოდა, რომელშიც უზარმაზარი ლოდები ეყარა. იქაურობა მზის ჩასვლისას, საოცარი სანახავი იყო. ცოტა რომ გადაგრილდებოდა, სიცხისგან გათანგული და კოღოებისგან  თავმობეზრებული, შინიდან გავდიოდი, მდინარეზე  ბანაობით გულს ვიჯერებდი, ქვაზე ჩამოვჯდებოდი და ფიქრს მივეცემოდი. ისეთი სიმშვიდე იყო, ნეტარებისგან, ზღაპარში მეგონა თავი.

ასე გრძელდებოდა სამი დღე.

მეოთხე დილას კი ასეთ ამბავს შევესწარი: ჩემი ჯგუფელის მოხუცი ბებია, მეგრული ფოლკლორის დიდებული მცოდნე, სამზარეულოში რძალს ელაპარაკებოდა, უფრო სწორად, ქოთქოთებდა: - ის კუდიანი გამოჩნდა... რა უნდა, ჩვენს სახლს რატომ შემოეჩვია, როგორც ჩანს, რომელიმე სტუმარ ბიჭზე ნადირობს. უშველე, ღმერთო, ყველას, დაიფარე ავი სულებისგანო.

ძალიან კი დავინტერესდი, ვინ კუდიანზე იყო ლაპარაკი, მაგრამ შეღებულ კარში შესვლა ვერ გავბედე. რძალი ამშვიდებდა, - მოგეჩვენებოდა, წყარიშმაფა ზღაპრებში ცხოვრობს, ცხადად ჯერ არავის უნახავსო. გაგიჟდა ბებია - უკვე სამჯერ ვნახე, ამოვა წყლიდან, ქვაზე დაწვება და მღერისო.

გამაჟრჟოლა - ბებია აშკარად ჩემზე ლაპარაკობდა, მაგრამ კუდიანობა რა შუაში იყო, ვერ მივხვდი და კიდევ უფრო გავიტრუნე. ბებია თავისას განაგრძობდა...

რძალმა ერთხელ კიდევ ურჩია დამშვიდება, - მთვარე ივსება და ეტყობა, მის კაშკაშა შუქზე მდინარეში რაღაცები გეჩვენებაო. ჯერ მე ვნახავ, მერე შენ წაგიყვან და ვნახოთ რას მეტყვიო, - უარესად გაცხარდა ბებია.

რახან ბებიას წყარიშმაფა, წყლის ალი ვეგონე და შეშინებული იყო, ცელქობის სურვილმა შემიპყრო: ხომ ვგონივარ ალი, დაე, ბოლომდე ვეგონო-მეთქი და მოუთმენლად დაველოდე მოსაღამოებას. სახლიდან ჩუმად გავიპარე და მდინარეზე დავეშვი, მერე ტანზე გავიხადე და ლოდზე  ისე დავჯექი, რომ სახე ადვილად ვერ გაერჩიათ.

მალე ბებიაც გამოჩნდა. თვალი მისკენ გავაპარე და დავინახე, როგორ შემოირტყა თავზე ხელი, მერე სწრაფად სახლისკენ შეტრიალდა.  ცოტა ხანში რძალთან ერთად მობრუნდა.

ბებიას მოტყუება კი შევძელი, მაგრამ ახალგაზრდა ქალს ასე ადვილად ვერ გავაცურებდი, ამიტომ წყალში შევედი  და მეორე ნაპირისკენ გავცურე იმ იმედით, რომ ქალი შორიდან ვერ ამომიცნობდა. მივცურავდი და თან ვცდილობდი გამერკვია უკან რა ხდებოდა - ჩემი მასპინძელი ქალი, კარგა ხანს იდგა, ცდილობდა ყურადღებით დამკვირვებოდა, მერე რაღაც უთხრა მოხუცს, მაგრამ ვერ გავიგე, ნაპირისკენ მას შემდეგ გამოვცურე, რაც მოხუცი და ქალი თვალს მიეფარნენ.

მე რომ მეგონა მარტო ვიყავი, რას ვიფიქრებდი, რომ თურმე  თამაზი მითვალთვალებდა. ბებია და  რძალი შინ რომ შებრუნდნენ, მაშინღა გამომეცხადა. მის დანახვაზე კინაღამ გული გამისკდა. ლოდზე ამოძვრა და სიცილით მკითხა, - ნანა, აქ რას აკეთებ, ალების არ გეშინიაო?

მოკლედ, იმ ღამის შემდეგ მე და თამაზი მდინარესთან ყოველღამე ვხვდებოდით ერთმანეთს. გადაირია ბებია, როგორც კი შეამჩნია, როგორ "მოჩანგლა" ალმა მსხვერპლი. დაგვიდარაჯდა და ერთ დილას ზუსტად იცოდა, რომ ალი მე ვიყავი, მსხვერპლი კი თამაზი.

მოკლედ, "მეგრული არდადეგები" დასრულდა, მე და თამაზი თბილისში დავბრუნდით. მეგონა, ბებიას მალე დაავიწყდებოდა ჩემი ალობა, მაგრამ ნურას უკაცრავად, კინაღამ ქორწილი ჩაგვიშალა. როდესაც გაიგო, რომ თამაზი ცოლად მირთავდა, თბილისში ჩამოვიდა და თამაზის მშობლებს მოახსენა, - ეს გოგო შინ შესაშვები არ არის. კუდიანია და გაგიმწარებთ სიცოცხლესო. მიუხედავად იმისა, რომ თამაზმა აუხსნა ოჯახს ბებიასა და ჩემი თავგადასავალი, მომავალი დედამთილ-მამამთილი ერთხანს მაინც ეჭვით მიყურებდა, მაგრამ მალე დარწმუნდა ყველა, გრძნეული რომ არ ვიყავი.

იმ საყვარელმა ბებომ კი რამდენიმე წლის შემდეგ ჩემს ხელებში დალია სული. მძიმე სენი ვერ დავამარცხეთ. მე, როგორც ექიმი და ნათესავი, საავადმყოფოში თავზე ვადექი. ხელებზე მეფერებოდა და მებოდიშებოდა, - შენზე როგორ ვიფიქრე, ბებია, რომ კუდიანი იყავი, ჩემი ანგელოზი ხარო...

სოფიო გამრეკელი