როცა სიყვარული უსასრულოა...
25-08-2014
როცა სიყვარული უსასრულოა...
"ერთ დღეს ორივემ ხელისგულები მოისვირინგა. ლოვე - ინგლისურად დაიწერეს. ორი ასო ირაკლის ხელისგულზე ეწერა, ორიც - ეკას. ამბობდნენ, - უჩვენოდ სიყვარული ვერ ერთიანდებაო"

"ამ სულიერად გამოფიტულ სამყაროში, მინდა ხალხმა იცოდეს, - არსებობენ ახალგაზრდები, ვისთვისაც სიყვარული ერთმანეთისთვის თავის შეწირვაა"


"ეკას საფლავზე წამომყევი... მთხოვა, შენთვის მეთქვა ის, რაც უახლოესმა ნათესავებმაც კი არ იციან", - დამირეკა  ნინო დეიდამ, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის დედამ. ეკა რამდენიმე თვის წინ დავკრძალეთ. 4 წლის წინ ქმარი მოუკვდა, ირაკლი.
ერთი შვილი დარჩათ, ვაჩე.
...ნინო დეიდამ საფლავებზე ტირილით რომ გული მოიოხა, მითხრა, - ირაკლის და ეკას შიდსი სჭირდათო. დავმუნჯდი...

ირაკლი ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც ნარკოტიკს მოიხმარდა (სავარაუდოდ, იქ დაინფიცირდა დაბინძურებული შპრიცით).  ჩანს, დაავადება კარგა ხანს ისე ვითარდებოდა, არაფერი აწუხებდა.
როცა ირაკლი და ეკა დაინიშნენ, ბიჭი
ერთ კვირაში გაფერმკრთალდა, სწრაფად დაიწყო წონაში კლება.   ქორწილში მომაკვდავს ჰგავდა, სახეზე ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა  ვერ გაგვეგო, რა ხდებოდა. ეკაც შემცბარი ჩანდა... რამდენიმე დღეში ირაკლი საავადმყოფოში დააწვინეს - სიმსივნე აქვსო, გვითხრეს... მერე, თაფლობის თვის ნაცვლად, უცხოეთში გამოკვლევებზე წაიყვანეს, ცოლიც თან ახლდა. ამ ამბიდან 5 წელი იცოცხლა. ამასობაში ვაჩეც გაუჩნდათ.

ირაკლის გარდაცვალებიდან მალევე ეკასაც სიმსივნე დაუდგინდა. კინაღამ გავგიჟდით - სიმსივნე ხომ გადამდები არ არის და ცოლ-ქმარს ერთი და იგივე სენი როგორ შეეყარათო, - გვიკვირდა. ნინო დეიდას რომ არ ეთქვა მათი ოჯახის საიდუმლო, ვერასოდეს გავიგებდი, როგორ შეეწირა ეკა სიყვარულს...
თურმე ირაკლის სიმსივნე კი არა, შიდსი ჰქონია. მაშინ ეკას ორგანიზმში ვირუსი არ ფიქსირდებოდა, ექიმებს ეკასთვის ურჩევიათ, - ქმართან სქესობრივი კონტაქტისგან თავი შეიკავეო. თურმე ირაკლიც ეხვეწებოდა, - წადი, ჩემი ცოდვების გამო შენ რატომ უნდა აგო პასუხიო. ქვა აუგდია და თავი შეუშვერია ეკას - ბოლომდე შენ გვერდით ვიქნებიო...

მალევე გაირკვა, რომ ეკა ორსულად იყო. თურმე შიშობდნენ, რომ ბავშვიც დაინფიცირდებოდა. ეკა მუდმივად მკაცრ სამედიცინო კონტროლზე ჰყავდათ. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ბავშვი მაინც დაბადებულიყო ჯანმრთელი.

- პატარა ჯანსაღი დაიბადა და ორი ოჯახის იმედი გახდა. ვაჩე გვიქარვებდა იმ ტკივილს, რასაც ჩვენი შვილების ცოცხლად ლპობა გვაყენებდა. სანამ ირაკლი ცოცხალი ჰყავდა, ეკა ერეოდა თავს. მხნეობდა, არაფრად აგდებდა თავის ავადმყოფობას. ეს იმედს გვაძლევდა, რომ ყველაფერს გადაიტანდა, მაგრამ ქმრის სიკვდილის შემდეგ ხელი ჩაიქნია. ვაჩეც მთლიანად მე მომანდო. ირაკლისთან უნდა წავიდეო... ჩემს შვილს ისე უყვარდა ქმარი, უმისოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. ირაკლიც უზომოდ მოსიყვარულე იყო. სამწუხაროდ,  დაუფიქრებელი საქციელი იმდენად ძვირად დაუჯდა, რომ მხოლოდ საკუთარი კი არა, ჩემი შვილის სიცოცხლეც იმსხვერპლა...
ირაკლის ტატუ მოსწონდა.  ეკამაც მიჰბაძა. ერთ დღეს ორივემ ხელისგულები მოისვირინგა. ლოვე - ინგლისურად დაიწერეს. ორი ასო ირაკლის ხელისგულზე ეწერა, ორიც ეკას. ამბობდნენ, - უჩვენოდ სიყვარული ვერ ერთიანდებაო, - ქვითინებდა ნინო დეიდა.

როდესაც ირაკლი გარდაიცვალა, ეკამ თურმე წერილების წერა დაიწყო. ყოველ კვირას წერილს წერდა ქმარს, როგორც ცოცხალს. ასევე სწერდა შვილს - როდესაც ვაჩე გაიზრდება, გაიგებს, როგორ გვიყვარდა მე და მამამისს ერთმანეთი და მიხვდება, როგორ უნდა იცხოვროს, რომ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვასო.
ნინო დეიდას სურდა, ეს ამბავი ჩვენს რუბრიკაში მომეთხრო მკითხველისთვის.
- ამ სულიერად გამოფიტულ სამყაროში, მინდა ხალხმა იცოდეს, - არსებობენ ახალგაზრდები, ვისთვისაც სიყვარული ერთმანეთისთვის თავის შეწირვაა, - ამბობს დედა, რომელსაც ერთადერთმა ქალიშვილმა თავგანწირვის უმძიმესი მაგალითი უჩვენა...

სოფო გამრეკელი

inesa
26 სექტემბერი 2015 18:58
არ გირდა მსხვერპლის გაგება ,ტუკი ეს სიმარტლეა რა ტკმა უნდა,,,
(((((- ს
02 სექტემბერი 2014 10:41
გეთანხმებით. სხვისი უპასუხისმგებლობის გამო საფრთხეში არ უნდა ჩააგდო საკუთარი თავი და მითუმეტეს შვილი
magda
29 აგვისტო 2014 00:28
რა მძიმე ისტორიაა

მათ მშობლებს ღმერთმა გადაატანინოს განშორების სიმძიმილი.

ბავშვი ჯანმრთელი და საღად მოაზროვნე გაზრდილიყოს

რედაქტორის რჩევით