"ცოლის ღალატისთვის რძალი მაშანტაჟებს" - კვირის პალიტრა

"ცოლის ღალატისთვის რძალი მაშანტაჟებს"

"ის სახელიც კი შემძულდა, რომელიც ჩემს რძალს ჰქვია", - ამბობს მამაკაცი, რომელსაც თურმე რძალი აშანტაჟებს. ჩემი გასაჭირი ვინმესთვის რომ არ გამენდო, გული გამისკდებოდაო, - მითხრა. კაცი შუახანს გადაცილებულია, სიმპათიური,  თურმე ქალების მეტისმეტად მოყვარულიც. სწორედ ეს თვისება ჰქცევია საბედისწეროდ.

რძალმა დედამთილის მეგობართან შეუსწრო. რძალი ჭკვიანი და, როგორც მამამთილი ამბობს, ვერაგი და გაუმაძღარი აღმოჩნდა. მამამთილს იმ დღის შემდეგ თავის ჭკუაზე ატარებს და მისი ფულით საკუთარი სურვილისამებრ იწყობს პირად ცხოვრებას.

შალვა: -  თიკა ჩემთან მუშაობდა. იმ საბედისწერო დღეს, საღამოს, მეგონა, ყველა წასული იყო. თურმე თიკა გვიანობამდე შემორჩენილა. წასვლისას ჩემი მანქანა დაუნახავს. უფიქრია, მძღოლს ვთხოვ, წამიყვანსო. დაცვას უთქვამს, შალვამ მძღოლი გაუშვა, თვითონ კი კაბინეტშიაო. მეგონა, მისაღების კარი ჩავკეტე, თურმე ისიც და კაბინეტიც ღიად დამიტოვებია და თიკა თავზე წამოგვადგა.

ჩემი შვილის ცოლი რომ დავინახე, წამიერად გონება დამებინდა - ერთია, ფაქტზე რომ შეგისწრებს ოჯახის წევრი და მეორე, ვისთან შეგისწრებს - ჩემი ცოლის უახლოესი დაქალი იყო იმ ღამეს ჩემთან.

თიკა ჯერ გაშეშდა, მერე უცებ ადგილს  მოსწყდა და კიბეზე დაეშვა. თან კიოდა, ოღონდ სიტყვებს ვერ ვარჩევდი. გული გამიჩერდა, წარმოვიდგინე, რას იფიქრებდა დაცვის თანამშრომელი. იმ ბიჭმა იცოდა, რომ ჩემი რძალი ჩემთან ამოვიდა და... ცოტა ხანში გავიგონე, როგორ ლანძღავდა სწორედ იმ დაცვის თანამშრომელს, - რატომ არ მითხარი, თუ ამ გარეწარ კაცს ზევით ქალი ჰყავდაო. Eეჰ, ნეტავ ის ბიჭი გამეფრთხილებინა თავის დროზე... მMისგან საიდუმლოს დაცვა ფაქტობრივად არაფერი დამიჯდებოდა, ჩემი რძალი კი მტარვალად მექცა...

- ალბათ შინ მისვლა მიგასწროთ. არ უთხრა თქვენს ცოლს ეს ამბავი?

- საბედნიეროდ, არა. არანაკლებ მეშინოდა, ირაკლისთვის არ ეთქვა. შვილთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდოდა. თუმცა, ახლა ვფიქრობ, ნეტავ მაშინ მუხლებში არ ჩავვარდნოდი და რა ჯანდაბაც უნდოდა, ის ეთქვა. ამ საიდუმლოთი ირაკლისაც დავუნგრიე ცხოვრება.

- რა მოგთხოვათ საიდუმლოს სანაცვლოდ?

- საკრედიტო ბარათი, სადაც ყოველ თვეში 3. 000 ლარი უნდა ჩამერიცხა. ვკითხე, ამხელა ფული რომ გექნება, შენი ქმარი არ გკითხავს, საიდან გაქვსო? რა გადარდებს, შენ ჩარიცხე, ვიცი, რაც უნდა ვთქვაო... თურმე მშობლების და ძმის სარჩენად უნდოდა ფული.

თანაც ეგ როდი იკმარა. თუ სადმე ეგზოტიკური, ძალიან ძვირად ღირებული კურორტია, არ დაიკლო. თავიდან ირაკლისთან ერთად მიდიოდა.

- ირაკლი არ კითხულობდა, საიდან ჰქონდა მის ცოლს ასეთი ძვირად ღირებული საგზურები?

- თიკას ყველაფერი გათვლილი ჰქონდა, მე უნდა მეთამაშა ძალიან მზრუნველი მამიკოს როლი, რომელიც შვილს და რძალს სიურპრიზებს უწყობდა.

ერთ დღეს მითხრა, ბინა მიყიდე და შენ კი არა, მამაჩემს გააფორმებინე ჩემს სახელზე, როგორც მისგან ნაჩუქარიო. ამხელა სახლი გაქვს, ბინა რად გინდა-მეთქი? რასაც გეუბნები, გააკეთეო. ბინის ყიდვა და ოჯახის დანგრევა ერთი იყო. ირაკლის გამოუცხადა, მომბეზრდა ცოლქმრული ცხოვრება და უნდა დავშორდეთო.

- ბოლოს და ბოლოს, გეთქვათ  მეუღლისთვის, რაც მოხდა.

-  იმდენი ტყუილი მოჰყვა ამ ამბავს, ისე ჩამითრია იმ ტუტუცმა გოგომ, რომ უკვე გვიან იყო. ვეღარაფერს ვიზამდი. ერთხანს იმასაც კი ვფიქრობდი, ნეტავ გავკოტრდე, რომ თავი დამანებოს-მეთქი.

- ახლაც გაშანტაჟებთ?

- კვლავ ჩემს ხარჯზე ცხოვრობს. Mმორიგი საზიზღრობაც მოიფიქრა. შვილიშვილებს არ უშვებს ჩვენთან, თუ ფული არ გადავუხადე.

- საყვარელი ისევ გყავთ?

- არა, ის ქალი შვილთან წავიდა ამერიკაში. ცხადია, აღარც ჩემს ცოლთან ჰქონია კავშირი.

- მერე გეთქვათ ეს ამბავი თქვენი ცოლისთვის. თუ ვერ გაგიგებდათ, ამდენ უბედურებას ხომ ასცდებოდით.

- მართალი ბრძანდებით. იქნებ ირაკლისაც არ არეოდა ცხოვრება. სიცოცხლეს უმწარებს ჩემს შვილს, რომელსაც ვერ გაუგია მის ყოფილ ცოლს და შვილებს როგორ ურჩენს ყოფილი სიმამრი, რომელიც უკვე წლებია, უმუშევარია. რა იცის, რომ სიმამრი კი არა, რძალყოფილს მე ვურჩენ ოჯახს, მე, იდიოტი ქმარი, მამა და ბაბუა...

სოფო გამრეკელი