"მამა დედამ მოკლა" - კვირის პალიტრა

"მამა დედამ მოკლა"

"ეჭვიანობა სიმსივნესავით არის, მხოლოდ იმას კი არ ანადგურებს, ვის გონებაშიც აღმოცენდება, ირგვლივ ყველას და ყველაფერს შხამავს..."

ალს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარდა ქმარი, შვილები მამის სიკვდილს აბრალებენ და დედასთან ურთიერთობა არ აქვთ. მათი აზრით, ეჭვიანობით დაბრმავებულმა ქალმა ქმარ-შვილს ცხოვრება დაუნგრია. ლიკა და გურამი უკვე თვითონ არიან მშობლები და მიიჩნევენ, რომ ეჭვიანობა ავადმყოფობაა, მისგან განკურნებაზე უნდა იზრუნო, რათა უდანაშაულო ადამიანები არ დატანჯო.

ლიკა: - ძნელია დედაზე აუგის თქმა, მაგრამ როდესაც ეჭვიანობა და ავადმყოფური აზრები აბრმავებს, სჯობს გაერიდო, თორემ შენც დაგაავადებს.

დედა და მამა ძალიან ახალგაზრდები დაქორწინდნენ. უსაზღვროდ უყვარდათ ერთმანეთი. ვინ იფიქრებდა, რომ ბედნიერ ოჯახს რაიმე საფრთხე დაემუქრებოდა. მამა ხალისიანი ადამიანი იყო, არასოდეს მოგაწყენდათ. ჩვენი, შვილების, საუკეთესო მეგობარი გახლდათ და თითქმის ვაღმერთებდით. დედა უფრო თავშეკავებული იყო, არასდროს შეგვინიშნავს ეჭვიანობა. უკვე სრულწლოვნები ვიყავით, როდესაც მათ შორის ბზარი გაჩნდა... ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მამა ახალ სამსახურში გადაიყვანეს. ერთ დღეს კორპორაციული ბანკეტი გაიმართა. ცხადია, მამამ დედაც წაიყვანა. ძალიან ლამაზები იყვნენ. ახლაც მახსოვს, როგორ გავიდნენ შინიდან თვალისმომჭრელები და ბედნიერები...

დედა მეორე დღიდან შეიცვალა. მამაც. დილით დედა უგუნებოდ იყო, უმიზეზოდ ბრაზობდა. მამა დაბნეული ჩანდა. პატარა ბავშვივით შესციცინებდა დედას თვალებში, თითქოს რაღაცის გამოსწორებას ცდილობდა... ამის შემდეგ უკვე ჩვეულებად იქცა დედას უჟმურობა - საღამოობით მამას აღარ ეგებებოდა...

მოგვიანებით გავიგეთ, რომ ამის მიზეზი ბანკეტზე მომხდარი ერთი უწყინარი ამბავი იყო. ჩვენი თბილი და ხალისიანი მამის თანამშრომელი ქალბატონები თურმე გულახდილად ეუბნებოდნენ დედას, -  შენი ქმარი ნამდვილი საოცრებაა და თვალისჩინივით უნდა გაუფრთხილდე, თორემ ერთ დღეს შეიძლება მოგპარონო.

დედას სახე შესცვლია, მაგრამ ხმა არ ამოუღია. იმ ქალბატონების მორიგი "შეტევის" შემდეგ კი უკივლია, - ენას თუ არ ჩაიწყვეტთ, თმით გითრევთო. ძლივს დაუწყნარებიათ. თურმე დიდხანს უხდიდნენ ბოდიშს, - გეხუმრეთ, თორემ თქვენზე ერთგული ქმარი არავის ჰყავს, მაგის თავს ვერავინ წაგართმევთო. სამწუხაროდ, აღარაფერმა გაჭრა, ეჭვმა დედას გონება ისე დაუბნელა, რომ ქმრის გამოსაცდელად მზაკვრული გეგმა მოიფიქრა: დაიქირავა ძვირად ღირებული მეძავი - ერთი შეხედვით ჭკვიანი, ლამაზი და რესპექტაბელური ქალის შთაბეჭდილებას რომ ტოვებდა და მამას მიუჩინა - ასე უნდოდა დაედგინა, შეიძლებოდა თუ არა ეღალატა ქმარს მისთვის. თურმე მეძავი კარგა ხანს უტრიალებდა მამას, მაგრამ“ვერაფერს უხერხებდა "მსხვერპლს". დედა კი ჯიუტად ფიქრობდა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა, რომელიც იმდენად ძვირფასი იყო მისთვის, რომ სხვა ქალს ვერ ამჩნევდა...

ერთ დღესაც დედამ გამოაცხადა, მინდა დავისვენო, ცოტა ხნით უცხოეთში სამოგზაუროდ მივდივარო.  ვხვდებოდით, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა, მაგრამ გვეგონა, რომ მშობლების ცხოვრებაში ჩარევის  უფლება არ გვქონდა... დავრჩით მარტო ჩვენ და მამა. აღმოვაჩინეთ, რომ უცებ ყველას დაგვიბრუნდა ხალისი, რადგან დილით სამზარეულოში წარბშეკრული დედა არ გველოდა. ის კი უცხოეთიდან არც რეკავდა. თურმე ეს მოგზაურობაც მისი მზაკვრული გეგმის ნაწილი ყოფილა. იფიქრა, ასე უფრო თავისუფალი იქნებოდა მისი ქმარი და უკეთ წამოეგებოდა მეძავის ანკესს. დაქირავებული ქალიც უფრო აქტიურად აეკიდა. კაფეში დააპატიჟებინა თავი, მერე ვითომ უგონოდ დათვრა და მამას უთხრა, შინ  ასეთი მთვრალი რომ მივიდე, ოჯახი დამენგრევა, ქმარი მომკლავს, სასტუმროში მიმიყვანეო. არადა, არ ჰყავდა ქმარი, მაგრამ ეს არ იცოდა მამამ. მოკლედ, იმ მეძავმა დედა დაარწმუნა, რომ ქმარმა უღალატა... როცა ოჯახი დაინგრა, მამამ გვიამბო იმ ქალთან ურთიერთობის ამბავი - დედათქვენისთვის არ მიღალატია, მხარზე ჩამოკიდებული სასტუმროში რომ მიმყავდა, ვიღაც ფოტოებს მიღებდაო...

დედამ თავისას მიაღწია, ეს ფოტოები მისთვის ღალატის დასტური აღმოჩნდა.

დაიწყო სრული ჯოჯოხეთი. კიოდა, - შინიდან გასული დამიგულე თუ არა, აი, რა ჩაიდინეო. ყველაფერი აირია, მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ეჭვიანობით დაბრმავებული მამას დღედაღამ ეჩხუბებოდა. ჩვენ ნერვები აღარ გვივარგოდა. გვინდოდა შინიდან გავქცეულიყავით, სადმე გადავკარგულიყავით. მამაც აღარ მოდიოდა შინ, ბებოსთან რჩებოდა. სმა დაიწყო, შეიცვალა, თითქოს უცებ დაბერდა. შვილების ნახვითღა ნუგეშობდა, გვიყვებოდა დედასთან გატარებულ ბედნიერ წლებზე და გვეკითხებოდა, რა ვქნა, რით ვუშველო ჩემს დაკარგულ სიყვარულსო. არაფერმა გაჭრა დედასთან, არც ჩვენმა ვედრებამ, რომ ქმრის ერთგულება დაეჯერებინა, არც საკუთარი მშობლების შეგონებამ, რომ ძალით ანგრევდა ოჯახს და მისნაირი ქმარი არავის ჰყავდა. აღიარა, რომ ის მეძავი დაიქირავა, - ეს რომ არ გამეკეთებინა, ვერასოდეს დავადგენდი, როგორ მღალატობდაო, - იმეორებდა ჯიუტად...

ერთ დღეს მამამ გამოგვიცხადა, - ამას დიდხანს ვერ გავუძლებ, გული გამისკდებაო. ბევრი ვეფერეთ, ვცდილობდით, გვენუგეშებინა, ისიც კი ვუთხარით, წარმოიდგინე, თითქოს ცოლი მოგიკვდაო. ამის წარმოდგენას სიკვდილი მირჩევნია, რა სისულელეს ამბობთო...

მალე ტრაგედია დატრიალდა. ნასვამი მამა გაყინულ ტბაში შევიდა...

ერთი კვირა ვეძებდით მის ცხედარს.

დედა არც პანაშვიდებს დასწრებია, არც დაკრძალვაზე მოსულა...

მას შემდეგ ოთხი წელი გავიდა და ერთხელაც არ გვინახავს. მხოლოდ ქმარი კი არა, ჩვენც შეგვიძულა, მოღალატე ქმრისგან დატოვებულ საჩუქრებს გვიწოდებს. ეს საშინელებაა, ეჭვიანობა სიმსივნესავით არის, მხოლოდ იმას კი არ ანადგურებს, ვის გონებაშიც აღმოცენდება, ირგვლივ ყველას და ყველაფერს შხამავს...

სოფო გამრეკელი