სასიყვარულო რეკორდი, ანუ იმედგაცრუებული "წონოსანი" - კვირის პალიტრა

სასიყვარულო რეკორდი, ანუ იმედგაცრუებული "წონოსანი"

საათობით გრძელდებოდა მათი საუბარი. ასე გადაიზარდა მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში

ეს ამბავი მაშინ მოხდა, როცა ჯერ კიდევ არ არსებობდა მობილური ტელეფონი. ადამიანები ჩვეულებრივი ტელეფონით ახერხებდნენ ურთიერთობას, ერთმანეთის მოკითხვას, საინტერესო ამბების მოყოლას.

სოფომ უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა თუ არა, ბუღალტრის ადგილი უშოვა მამამ და უზომოდ გახარებული იყო. სიმსუქნეს ბავშვობიდან ებრძოდა, მაგრამ როგორც კი რამდენიმე კილოს დაიკლებდა, დიეტას თავს ანებებდა და მაშინვე ორმაგად ინაზღაურებდა "დანაკლისს". თავის კოხტა და მშვენიერ მეგობარს, ქეთის, ეწუწუნებოდა: სამსახურში იმდენი უცოლო მამაკაცია, მაგრამ ახლოს არავინ მეკარება, ისეთი დიეტა უნდა დავიცვა, რომ თვეში 15 კილო მაინც დავიკლოო. მართლაც, საკუთარ თავს აუკრძალა საყვარელი სასუსნავების ჭამა. ცდუნების დასაძლევად ერთ-ერთ ჰოლივუდელ მსახიობს მიჰბაძა და შინ თითქმის ყველა კუთხე-კუნჭულში თავისი ფოტოები გამოაკრა. მოშივებულზე სამზარეულოში რომ შევიდოდა, როგორც კი ზღვის ნაპირას, საცურაო კოსტიუმში გამოწყობილ საკუთარ თავს მოჰკრავდა თვალს, მაშინვე მადა ეკარგებოდა და ცივად გამოტრიალდებოდა ხოლმე!  სწორედ ამ პერიოდში ტელეფონით სრულიად შემთხვევით გაიცნო დიმიტრი, ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტის მთავარი ეკონომისტი, 30 წლის ახალგაზრდა კაცი. სოფოს ხმამ ისე მოხიბლა დიმიტრი, რომ ხშირ-ხშირად ურეკავდა და მეგობრულად მოიკითხავდა ხოლმე.

KvirisPalitra.Geმერე,  რადგან სამუშაო საათებში პირადულ საკითხებზე ლაპარაკი უხერხული იყო, დიმიტრიმ სოფოს სახლის ტელეფონი გამოართვა. საათობით გრძელდებოდა მათი საუბარი. ასე ნელ-ნელა გადაიზარდა საქმიან-მეგობრული ურთიერთობა სიყვარულში. ვაჟი ბოლო ხანს გამუდმებით სთხოვდა შეხვედრას, მაგრამ სოფო თავს იკავებდა, სამომავლოდ სდებდა პაემანს. მთავარი მიზეზი კი მისი წონა გახლდათ. სოფო ჯერ კიდევ "წონოსანი" იყო, იმედოვნებდა, დიეტით ერთ თვეში 20 კილოს დაიკლებდა. მერე კი შეიძლებოდა დიმიტრისთან შეხვედრაც, მაგრამ მანამდე ცოცხალი თავით არ უნდოდა სჩვენებოდა. ხან რას მოიმიზეზებდა, ხან - რას. ბოლოს, როცა შეაღონა დიმიტრის ხვეწნა-მუდარამ, იფიქრა, - მოდი, ქეთის ვეტყვი, რომ შეხვდეს. ლამაზი გოგოა, ჩემს დიტოს შთაბეჭდილება არ შეეცვლება, პირიქით, უფრო შევუყვარდები. ამ "თამაშს" კი მაშინ ავხდი ფარდას, როცა 20 კილოს მაინც დავიკლებო...

ქეთი კარგა ხანს უარობდა, მაგრამ სოფო ისე ემუდარებოდა, უარი ვეღარ უთხრა.

დიდხანს ისხდნენ კაფეში "სოფო" ანუ ქეთი და დიმიტრი. ვაჟი თვალს ვერ სწყვეტდა ლამაზ ქალიშვილს და დაუსრულებლად იხსენებდა იმ დიალოგებს, გათენებამდე რომ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ქეთიც მოხიბლული დარჩა ვაჟით. სოფოს ერთი სული ჰქონდა, როდის დაბრუნდებოდა მისი მეგობარი პაემნიდან და რას ეტყოდა დიმიტრის შესახებ. ქეთიმ უთხრა: - ძალიან უყვარხარ და თქვენს ღამის საუბრებს იხსენებდა მთელი საღამო. შენც კაი "დათაფლული ენა" გქონია, გაგიჟებულია კაციო.

პაემნის მერე კიდევ უფრო გაიზარდა მათი სატელეფონო საუბრები... დიმიტრიმ კვლავ შეხვედრა ითხოვა. სოფო ისევ ქეთის მიადგა: შენ ჩემი გაჭირვების ტალკვესი ხარ, ამ ერთხელაც მიშველე, მალე მოვუღებ ბოლოს შენს ტანჯვა-წვალებას და ჩემს წონას, ერთი თვეც და გაგათავისუფლებო...

კიდევ ერთმა თვემ ჩაიარა. ქეთი კიდევ ორჯერ შეხვდა დიმიტრის. ვაჟი უკვე აღარ ხუმრობდა. საცოლედ მიიჩნევდა ქალიშვილს და ეხვეწებოდა, ხელის სათხოვნელად შენს მშობლებთან მოვალო. სიტუაცია დაიძაბა. დიმიტრის გაცნობიდან სამ თვეზე მეტი გასულიყო, სოფომ რეკორდი დაამყარა და 32 კილო დაიკლო, ტანსაცმელიც მოიხდინა, დამშვენდა და გალამაზდა. გეგმავდა დიმიტრისთან შეხვედრას და სიურპრიზის მოწყობას.

იმ დღეს, როცა გადაწყვიტა, საიდუმლო გამოემჟღავნებინა, საღამომდე ვერ მოითმინა და დიმიტრის სამსახურში დაურეკა. სულ სხვამ უპასუხა - დიმიტრი არ გახლავთო. როდის იქნებაო? - ზრდილობიანად ჰკითხა სოფომ. ალბათ ოც დღეში, ცოლი შეირთო და თაფლობის თვე აქვსო. ყურმილი ხელში შეაცივდა სოფოს.

მერეღა გაახსენდა, რომ ბოლო ხანს უცნაურად გაურბოდა ქეთი. სოფო კი გულში ფიქრობდა, - ალბათ სწყინს, ამდენს რომ ვავალებ  და ამიტომ მერიდებაო. ბოლო სამი დღე აღარც ქეთი გამოჩენილა. თურმე, ნუ იტყვით, ქორწილიც გადაუხდიათ და მეორე დღესვე საქორწილო მოგზაურობაში წასულან. ახია ჩემზეო, - გაიფიქრა ცრემლმომდგარმა სოფომ, მაგრამ სატელეფონო რომანი მალე დავიწყებას მისცა, რადგან მთლად უფროსმა (ტრესტის მმართველმა) დაადგა თვალი...