"მეც ისეთივე მიტოვებული ფეხმძიმე ქალი ვიყავი, როგორიც ოდესღაც დედაჩემი"
20-10-2014
"მეც ისეთივე მიტოვებული ფეხმძიმე ქალი ვიყავი, როგორიც ოდესღაც დედაჩემი"
ჩემი მეგობარი თბილისის  ძველისძველ უბანში ცხოვრობს, მაკას ეზოში დღესაც ცხოვრობს მაგდა, რომელიც ოდესღაც ბავშვთა სახლში მიატოვა დედამ. არ იცის  თავისი ნამდვილი გვარი, არც ის, ზუსტად რამდენი წლისაა და როდის აქვს დაბადების დღე. 5 წლისა  მარტოხელა რუსმა ქალმა იშვილა. რვა წლის შემდეგ დეიდა ტომა სიმსივნით გარდაიცვალა. ბავშვს მან დაარქვა მაგდა, იმ ქართველი ექთანის ხსოვნის პატივსაცემად, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადის დროს სიკვდილს გადაარჩინა. დეიდა ტომა მაგდას დაბადების დღეს ყოველთვის აღნიშნავდა - ეზოში უზარმაზარი
ტორტი იჭრებოდა და მარტო ეზოს ბავშვები კი არა, უბნის გოგო-ბიჭობაც იქ იყრიდნენ თავს.

გარდაიცვალა  დეიდა ტომა და მაგდა კვლავ მარტო დარჩა. იმის გამო, რომ არასრულწლოვანი იყო, ბავშვთა სახლში უნდა მიებრუნებინათ, მაგრამ მეზობლებმა უპატრონეს, ტექნიკუმიც კი დაამთავრებინეს. მერე ფაბრიკაში მოაწყვეს სამუშაოდ.

ბევრი უყურებდა მუშტრის თვალით, ბევრსაც
ძალიან მოსწონდა, მაგრამ ამბობდნენ, უთვისტომოა, ცოლად როგორ შევირთავო. შეუჩნდნენ ისე, როგორც იციან კაცებმა. მაგდამ ბევრი მოიგერია, მაგრამ ერთს ვერ მოერია. რომ შეიტყო, ფეხმძიმედ იყო, სასოწარკვეთილი  მეგობართან გაიქცა. იმან  დამშვიდების ნაცვლად - უთვისტომო ხარ, გინდა ახლა შვილი უქმროდ გააჩინოო? მერე მეზობლებთან დაიჩივლა, - ასე დამემართაო. რა ვქნათ, სანამ შეგვეძლო, გვერდში დაგიდექით, ბავშვი რომ გააჩინო, არც  ვიცით, შევძლებთ კი დახმარებას, ახლა ყველას გვიჭირს, ხომ იცი, რა დროაო... ექიმთანაც მისულა, იმას უთქვამს, ბავშვს რომ გააჩენ, გაყიდე, დაგეხმარები, კარგ ხელში მოხვდება, შენ კი ფულს აიღებ და ცხოვრებას გაიუმჯობესებო. შეძრწუნებული წამოვიდა საავადმყოფოდან. იმ დღიდან სახლში ჩაიკეტა.  რამდენიმე დღე რომ არ გამოჩნდა, ისევ მეზობლებმა მიაკითხეს, ძველებურად დაამშვიდეს და მიეფერნენ.

რაც დრო გადიოდა, გოგოს სამსახურში წასვლა მეტად უჭირდა, მაგრამ ერთ დღეს გამოუცხადეს,  ფაბრიკა  იკეტებაო და დარჩა უმუშევარი.
-„ქუჩაში ვიდექი და ვტიროდი, ვფიქრობდი დედაჩემზე, რომელიც არასდროს მენახა. ალბათ ისიც ასეთ დღეში იყო, როდესაც ჩემზე დაორსულდა, ალბათ იმასაც ასე უკიჟინებდნენ, რომ მე, რომელსაც მუცლით მატარებდა, ზედმეტი ბარგი ვიყავი. წარმოვიდგინე, დედა როგორი სუსტი აღმოჩნდა და გამწირა.

იმ წამიდან მტკიცედ გადავწყვიტე, ბავშვი გამეჩინა. ასე კი გადავწყვიტე, მაგრამ  ყველა მკიცხავდა, თუმცა, მეზობლები საჭმელს იკლებდნენ და ჩემთან მოჰქონდათ. მოკლედ,  ვიდექი ქუჩაში  და ისიც არ ვიცოდი, საით წავსულიყავი, რომ ხანში შესული ქალი შევნიშნე, მოწყალებას რომ ითხოვდა. გვერდით მივუჯექი და თავი კალთაში ჩავუდე. ასე თავჩარგულმა მოვუყევი, რაც მჭირდა, თავი რომ ავწიე, იღიმებოდა. ისეთი თბილი და მშობლიური იყო, ტირილით დაოსებულს მეც გამეღიმა. ჩემთან წამოდიო, - ჩურჩულით მითხრა.

ერთოთახიან ბინაში ცხოვრობდა. დღისით მათხოვრობდა, საღამოს დაქანცული ბრუნდებოდა. მე თბილ კერძს და დალაგებულ სახლს ვახვედრებდი. დაწოლის წინ გვერდით დამისვამდა, მერე ჩემს მტევნებს თავის სუსტ ხელებში მოიქცევდა და მეტყოდა, - შენნაირ შვილიშვილზე ვოცნებობდიო. ნათელა ბებიას ერთი შვილი ჰყოლია. ძალიან ახალგაზრდა ჩხუბში მოუკლავთ. ცხოვრება რომ აირია, ძმისშვილები უცხოეთში წავიდნენ, იმათმა ცოლებმა კი  დაივიწყეს და ქალიც იძულებული გახდა, ქუჩაში ხელგაწვდილი დამჯდარიყო.

ბიჭი შემეძინა. კერვა ვისწავლე, კლიენტები გამიჩნდა, შემოსავალი კარგი მქონდა და ბებოს მათხოვრობა ავუკრძალე. ახლა ჩემი შვილი დიდია, ბებო - ძალიან მოხუცი. თავს დავკანკალებ. ასე მგონია, მასშია ყველა, ვინც არასდროს მყოლია, ვისაც შეეძლო, პატარაობიდან ეზრუნა ჩემზე, - მიამბო მაგდამ.
ბიჭის მამა ბავშვის ბედით ხომ არ დაინტერესებულა-მეთქი, - ვკითხე. ბავშვმა თვითონ მოძებნა, -  "ის კი არ მინდა, რომ მამა დაგიძახო, მაინტერესებს, და-ძმა თუ მყავსო.“იმ კაცს ქალ-ვაჟი ჰყავს. ბავშვები ჩვენთანაც მოდიან, ძმასთან მეგობრობენ და მახარებს ეს ამბავი.

მაგდამ ტომასეული სახლი გაარემონტა. მოხუცს მაღალ სართულზე ლიფტით სიარული  აღარ შეუძლია, არადა,  გარეთ ხომ უნდა გავიდესო, ამიტომაც ბავშვობის სახლში, პირველ სართულზე გადავიდა საცხოვრებლად. მოხუცს ოთახი მოუწესრიგა. მისი თხოვნით სარწეველა სავარძელი დაუდგა და საოცრად ბედნიერია, რომ იმის შესაძლებლობა მიეცა, ამაგი დაუფასოს.  - ასე მგონია, რომ დედა ვიპოვე, ჩემი დაკარგული მშობელი, საუბრის დასასრულს მითხრა მაგდამ.

სოფო გამრეკელი
tamta
06 ივლისი 2017 10:03
Ramdeni dakargulia am cxovrebashi
მანოლი
20 აპრილი 2017 23:44
რა ლამაზია ეს ყველაფერი რმერთმა ბედნიერად გამყოფოთ
ნათია
11 აპრილი 2016 13:03
გინდაც ტყუილი იყოს, ეს ისეთი ისტორიაა,მსგავ სიტუაციაში ჩავარდნილს რომ გაამხნევბს და გააძლიერებს. და კეთილი ადამიანები ამრავლოს განწირულთა და ნატანჯთა სანუგეშოდ...

რედაქტორის რჩევით