ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ თქვენ გელით.... ღალატი - კვირის პალიტრა

ვარსკვლავები გვამცნობენ, რომ თქვენ გელით.... ღალატი

ნუ გაებმებით თაღლითურ მახეში!

ოჯახი ქორწინებით იქმნება, მაგრამ მთავარია, როგორ გაუძლებს წყვილი ცხოვრებისეულ პრობლემებს, მოულოდნელობებს. რამდენად ექნებათ ქალს ან კაცს, ან ორივეს ბრძოლის, ოჯახის გადარჩენისა და შენების სურვილი.

ნატას და გიორგის ოჯახი ეჭვიანობას და ფსევდოასტროლოგზე დამოკიდებულებას კინაღამ შეეწირა. მათი ამბავი ნატას დამ, ეკამ გვიამბო:

- მოგეხსენებათ, ერთი ხანობა მკითხავებთან ცდილობდნენ ბედის გამოცნობას, ახლა მოდური ასტროლოგია გახდა და მკითხავებიც ასტროლოგებად გარდაიქმნენ. მოკლედ, წარსულში ჯერ მკითხავმა, შემდეგ კი თეთრი მაგიის მაგისტრმა და XXI საუკუნეში უკვე ასტროლოგმა ჩემს დას კინაღამ ოჯახი  დაუნგრია, თანაც  გვარიანი ფულიც აართვა.

ჩემი დის ბედნიერება შეშურდა მის მეზობელს, მარინეს, რომელიც დღედაღამ შინ ეჯდა ნატას და ათას სისულელეზე ლაპარაკით ტვინს უბურღავდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ  ყმაწვილქალობაში თურმე ჩემი სიძე მოსწონდა. გიორგიმ რომ არ უპასუხა, ბედს დანებდა და მის ცოლს დაუმეგობრდა. გავარკვიეთ, რომ ასტროლოგს ჯერ ეს მეზობელი "დაურწმუნებია" - ბავშვობაში ვინც გიყვარდა, იმასთან ოჯახის შექმნის შანსი გაქვსო. შეგულიანებულს ერთ დღეს ნატასთვის უკითხავს, - რას იზამ, ქმარმა რომ გიღალატოსო? ნატა ჯერ შემცბარა, რამე იციო? იმას უთქვამს, ერთ მაგარ ასტროლოგს ვიცნობ, შენი ქმრის ყოველ ნაბიჯს წინასწარ გეტყვისო. ნატას თურმე ეშმაკივით შეუჩნდა ფიქრი და ეჭვის ჭიაც არ ასვენებდა - ერთ დღეს მარინესთან ერთად კარს მიადგა ასტროლოგს, თაღლითს, რომელმაც ადამიანების ხასიათი შესანიშნავად იცის და მშვენივრად მოახერხა ჩემი დის გამოჭერაც.

- რა დამართა ასეთი?

- ჯერ უთხრა, თქვენი შეთავსების რუკა უნდა შევადგინოო, ამ პლანეტებით ეწყობით ერთმანეთს, იმ პლანეტებით - არაო... მოკლედ, ჩემი და პროგნოზებზე დამოკიდებული გახდა, იმ მკითხავი-ასტროლოგის გარეშე ფეხს არ დგამდა და თანდათან გიორგისთან ურთიერთობაც დაეძაბა...

- რა მოხდა?

- გააგიჟა იმ უღმერთომ. ახალი წლის დღეებში უთხრა, წელს შენს ქმარს ვენერას, მარსისა და მთვარის რთული კომბინაცია აქვს, ცდუნება ექნება, რომ უცხოელი საყვარელი გაიჩინოს და თვალყური ადევნე, ვინმე გარეწრის მახეში არ გაებასო. ჩემი და ვერ ხვდებოდა, რომ თვითონ იყო გარეწრის მახეში გაბმული და გიორგი უცხოეთში მივლინებაში წასასვლელად რომ მოემზადა, კინაღამ ჭკუაზე შეიშალა. ჩალაგებული ბარგი აბაზანაში შეიტანა და ტანსაცმელი წყალში ჩაყარა... ჩემი სიძე მიხვდა, რომ ცოლი უაზროდ ეჭვიანობდა. წასვლის წინ ნატას დაუბარა, - კიდევ კარგი, ბილეთს და პასპორტს რომ არაფერი დამართე, თორემ ოჯახის შენარჩუნების შანსი აღარ გექნებოდა. რომ დავბრუნდები, ექიმთან წაგიყვან სამკურნალოდო. ჩემი და ლოგინად ჩავარდა გიორგის ჩამოსვლამდე. თან ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული და იმ საშინელ ქალს ელაპარაკებოდა. ჩამოვიდა გიორგი, დაგვირეკა, გვთხოვა, - უმძიმესი სიტუაცია მაქვს ოჯახში და დამეხმარეთო. დავიწყეთ ნატას დაკითხვა და ყველაფერში გამოვტეხეთ.

- ასტროლოგს აუკრძალეთ თქვენს დასთან კავშირი?

- რა უნდა გვეთქვა მისთვის, ასტროლოგი თვითონ კი არ ურეკავდა?.. ნატა სამი თვე ფსიქოლოგთან დაგვყავდა. ბოლოს, როგორც იქნა, შეიგნო, რომ ის ქალი თაღლითი იყო... ახლა გიორგი პატარა ბავშვივით ელოლიავება ცოლს... ოჯახის კეთილისმსურველად წოდებულ მეზობელ მარინეს კი მათ ოჯახში ფეხი აღარ შეუდგამს...

ლეგალური ჯადოქრობა

2008 წელს უკრაინის შრომის სამინისტრომ მკითხავების, ასტროლოგების, ჰირომანტებისა და სახალხო მკურნალების პროფესია ეროვნულ პროფესიათა კლასიფიკატორში შეიტანა. მას შემდეგ ქვეყანაში არაერთი მკითხავთა თუ ასტროლოგთა სკოლა გაიხსნა. უმაღლესმა რადამ ზემოხსენებულ პროფესიათა არალეგალურად გამოცხადების საკითხი რამდენჯერმე განიხილა.

სოფო გამრეკელი