"ჩემგან შვილის გაჩენა უნდოდა და ამას სოციალური ქსელით მწერდა!" - კვირის პალიტრა

"ჩემგან შვილის გაჩენა უნდოდა და ამას სოციალური ქსელით მწერდა!"

ბოლო დროს გახშირდა ქალებზე ძალადობა, რაც კაცებისადმი შიშისა და უნდობლობის საფრთხეს ზრდის. ამ წერილის ავტორი თავის ამბავს მოგვითხრობს.

ირაკლი გ.: - ამბავი, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება, რამდენიმე წლის წინ, გერმანიაში მივლინების დროს დაიწყო. საღამოს სასტუმროში ცოტა დავისვენე, კომპიუტერი ჩავრთე, ელექტრონული ფოსტა გავხსენი და წერილებზე საპასუხოდ მოვემზადე. გამიკვირდა, რომ  ერთი ნაცნობი გოგოს წერილი დამხვდა...

ელენე ყოველთვის მომწონდა საოცარი სილაღის გამო, მაგრამ უცნაურადაც იქცეოდა, თითქოს მამაკაცების ეშინოდა - როცა გავუშინაურდი, სწორედ მაშინ მიმატოვა. "ჩალიჩი" არ მიყვარდა, მაგრამ ძალიან მომწონდა და ერთხელ შეხვედრაზეც შევუთანხმდი. თუმცა დისტანცია ვიგრძენი და მეტად შეხვედრა არ მიცდია, სოციალური ქსელით კონტაქტს დავჯერდი...

მოკლედ, წერილი დიდი ინტერესით გავხსენი. ტექსტი მოკლე და გამაოგნებელი იყო: "ირაკლი, ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. მოკლედ, სასწრაფოდ ბავშვი უნდა გავაჩინო, ანუ დავორსულდე, ამას ჩემი ჯანმრთელობა მოითხოვს. არავის ცოლობა არ შემიძლია, მაგრამ ვიცი, ვიქნები ძალიან კარგი დედა. გთხოვ, დამეხმარო"..." ცივმა ოფლმა დამასხა, გული საგულიდან ამომივარდა. ქალს ჩემგან შვილის გაჩენა უნდოდა და ამას სოციალური ქსელით მწერდა! იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც შენგანო? ალბათ იმიტომ, რომ ერთხელ სოციალურ ქსელში ამ თემასაც შევეხეთ და ვთქვი, სულაც არ არის პრობლება, თუ ქალი დაუქორწინებლად ისურვებს შვილის გაჩენას-=მეთქი...

ძალიან გამიჭირდა პასუხის გაცემა. არადა, ვინ იცის, როგორ ელოდებოდა ჩემს პასუხს... როგორც იქნა, მივწერე - თანახმა ვარ, მაგრამ გერმანიიდან რომ დავბრუნდები, დაგირეკავ-მეთქი...

გამოფრენის წინადღეს გადავწყვიტე, მაღაზიებში გამევლო და ძმისშვილებისთვის საჩუქრები მეყიდა. რატომღაც ჩვილი ბავშვის ტანსაცმლისკენ გამირბოდა თვალი, სათამაშოებს ხელში ვიღებდი, ვდებდი, მერე ისევ ვიღებდი. უკვე ვფიქრობდი ბავშვზე, რომელიც ჯერ ჩასახულიც არ იყო. მაინც ვიყიდე ვარდისფერი ფაჩუჩები. ძალიან მინდოდა ქალიშვილი მყოლოდა. ჰოდა, ეს ფაჩუჩები თბილისში დაბრუნებულმა საგულდაგულოდ გადავმალე...

ჩამოსვლისთანავე შევხვდი. ელენეს საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევები უკვე ჩაეტარებინა, მეც გავესინჯე ექიმს, რომელმაც ხუმრობით მითხრა, - ისეთი ჯანმრთელი ხარ, შეგიძლია ფეხბურთის საოჯახო გუნდიც კი შექმნაო. სამთვიანი ლოდინის შემდეგ, ექოსკოპიით შევიტყვეთ, რომ მე მამა, ელენე კი დედა გახდებოდა. ექვს თვეში გვითხრეს, ბიჭი გაჩნდებაო. მაშინღა გამახსენდა ვარდისფერი ფაჩუჩები.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ვცხოვრობდით მე და ელენე ამ ხნის განმავლობაში - მარტო ვტოვებდი ორსულ ქალს, მას ასე სურდა. მეც არ ვეწინააღმდეგებოდი. მივდიოდი შინ, ვწვებოდი გულაღმა, მივჩერებოდი ერთ წერტილს და ვხვდებოდი, რომ აღარ მიყვარდა სიმარტოვე. დედა სულ მსაყვედურობდა... სამწუხაროდ, ვერ მოესწრო, გაეგო, რომ მამა გავხდებოდი და მისი ბედოვლათი (ასე მეძახდა), ამ ქვეყნიდან უკვალოდ არ წავიდოდა. ]

ერთ დღეს ელენეს გამოვუცხადე, რომ მასთან ცხოვრება მინდოდა... ბევრი ყოყმანის მერე დამთანხმდა. მოკლედ, 40 წლისამ გადავწყვიტე, ცოლად შემერთო ქალი, რომელმაც ელექტრონული ფოსტით მომწერა, შენგან შვილის გაჩენა მინდაო და სხვა არაფერს მავალდებულებდა.

ჩვენ ახლა ბედნიერი ოჯახი გვაქვს, მყავს პატარა ბიჭუნა, რომელიც სიცოცხლეზე მეტაDდ მიყვარს. რამდენიმე თვე და კიდევ ერთი პატარა გაგვიჩნდება, ის ფაჩუჩები, რომელსაც დღემდე საგულდაგულოდ ვინახავ, მას უნდა ჩავაცვა... დღეს რომ ბედნიერი კაცი ვარ, ელენეს დამსახურებაა.

სოფო გამრეკელი