"მამას, დედას გარდა, ერთდროულად კიდევ ხუთი ქალი ჰყავდა" - კვირის პალიტრა

"მამას, დედას გარდა, ერთდროულად კიდევ ხუთი ქალი ჰყავდა"

კაცი, რომლის შესახებაც მისმა შვილმა მიამბო, ახერხებდა ერთდროულად ჰყოლოდა კანონიერი ცოლი და რამდენიმე საყვარელი. თურმე ყველა ქალი ბედნიერი იყო, თითოეულ მათგანს სჯეროდა, რომ ის იყო კაცის ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული. ცოლი კი ერთხელაც არ დაეჭვებულა ქმრის ღალატში, რომელიც სულ მივლინებებში იყო, მუდმივად საქმით დაკავებული და შინ დაბრუნებული ცოლს ალერსითა და საჩუქრებით ანებივრებდა, შვილებს კი თან ჰყვებოდა.

კახა ლ.: - მამაჩემის სიკვდილის შემდეგ აღმოვაჩინეთ მისი, ჩვენთვის წარმოუდგენელი საიდუმლო. გარდაცვალების დღეს რამდენიმე საათში გვესტუმრა მამას იურისტი. გვითხრა, რომ როინმა ანდერძი დატოვა, რომელიც მის დაკრძალვამდე უნდა წავიკითხოთო. ვერ მივხვდით, რა საჭირო იყო ასეთი აჩქარება. იურისტმა ბოლოს რომ დასძინა, მეც მერჩივნა დაკრძალვის შემდეგ წამეკითხაო, გულმა რეჩხი  მიყო, მაგრამ რაც მოვისმინე, სრულიად დაუჯერებელი იყო ჩვენთვის. ჯერ მზრუნველი მამის სიკვდილმა დაგვცა თავზარი და მერე წერილმა. მამამ მთელი თავისი წარსული გაგვანდო. გვთხოვდა, ჩვენი და-ძმები მიგვეღო და ყველას ერთად დაგვეტირა კაცი, რომელიც წარმოუდგენლად კონსპირაციულად წარმართავდა პირად ცხოვრებას.

- თქვენ დაუკავშირდით და-ძმებს?

- არა, ყველა მათგანი თვითონ მოვიდა. მამას მათზეც უზრუნია. ანუ მისი გარდაცვალებისთანავე ყველამ მიიღო ერთი და იგივე ინფორმაცია, თუ რას აკეთებდა მამა მთელი ცხოვრების განმავლობაში, როგორ გვატყუებდა და თან თურმე როგორ ვუყვარდით. თუმცა, ყველა ქალმა, რომელთანაც და-ძმები გვყავდა, იცოდა, რომ თითოეული მათგანი საყვარელი იყო და რომ სადღაც ჰყავდა ცოლ-შვილი. თუმცა, რას იფიქრებდნენ, მამას თუ ერთბაშად ამდენი ქალი ჰყავდა საყვარლად და თითოეულისგან - შვილები.

- დედათქვენი როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- როგორ ფიქრობთ, რა დაემართებოდა? მომეხვია და კარგა ხანს ტიროდა,  ძალიან შეურაცხყოფილი იყო, - მთელი ცხოვრება სიცრუეში ვცხოვრობდიო. ძლივს დავაწყნარე. დედამ საყვარლები არ მოუშვა დაკრძალვაზე, მაგრამ შვილებზე დავიყოლიეთ, რომ მათაც ჩვენთან ერთად გაეცილებინათ მამა უკანასკნელ გზაზე.

- შემდეგ რა მოხდა?

- ყველა და-ძმა ჩვენზე უმცროსია. ძალიან კარგები არიან. დედებიც შესანიშნავი ადამიანები ჰყავთ. ვხუმრობთ ხოლმე, მამას კარგი გემოვნება ჰქონიაო. დედას ძალიან გაუჭირდა ღალატის პატიება, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთად ხალისობს.

- ყველა ქალი ქართველია?

-  ორი მათგანი არა. ერთი მოსკოვში ცხოვრობს ჩვენს და-ძმასთან ერთად, ერთიც ბაქოში, ასევე და-ძმასთან ერთად. სამი ქალი საქართველოს სხვადასხვა რაიონშია შვილებთან ერთად. მხოლოდ ჩვენ ვყავდით ამ ქალაქში, მაგრამ მაინც მიკვირს, ასეთ პატარა ქვეყანაში, სადაც ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ, ერთხელ მაინც როგორ არ შეეშალა რაიმე მამას და მისი საიდუმლო არ გამჟღავნდა. თურმე ყველა ქალი მოვლილ=-ნაპატრონები ჰყავდა, ყველა შვილს თავს ევლებოდა...

სოფო გამრეკელი