"საქმროს მოუყვა, ბასაევის ბანდის სამმა "ბოევიკმა" რომ გააუპატიურა" - კვირის პალიტრა

"საქმროს მოუყვა, ბასაევის ბანდის სამმა "ბოევიკმა" რომ გააუპატიურა"

ლია ქაჯაიამ (აქ და ქვემოთ გვარ-სახელები შეცვლილია) ახლაღა გადაწყვიტა თავის ტკივილიან წარსულზე ლაპარაკი...

16 წლის იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო. გაგრაში დაიბადა და გაიზარდა. ძალიან უყვარდა თავისი პატარა, კოხტა ქალაქი და მასზე სამი წლით უფროსი სოხუმელი გიგა, რომელიც ხშირად სტუმრობდა დეიდას, ლიას მეზობლად. რაც წამოიზარდა, სულ გიგას გვერდით ხედავდნენ ლიას. მათი მშობლებიც ახლობლობდნენ, ასე რომ, მათ სიყვარულს წინ არავინ აღსდგომია... სამაგიეროდ, ომმა შექმნა ყველაზე დიდი ბარიერი - იმ სასტიკ ბრძოლებში სადღა იყო შეხვედრებისა და პაემნების დრო! 19 წლის გიგამ თოფი ხელში აიღო და მამისა და უფროსი ძმის გვერდით დადგა. იმ დროს გიგას დედა და და მოსკოვში იყვნენ - ნინო იქ სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა.  აფხაზეთში არეულობა რომ დაიწყო, ქმარმა შეუთვალა, - მაქედან ფეხი არ გამოადგათ, მალე ბიჭებსაც გამოვგზავნიო...

ბიჭებმა კი მამა და ბებია-ბაბუა არ დატოვეს. მამაც დაიღუპა და ძმაც, გიგა  კი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, თუმცა ისიც კარგა ხანს უგონოდ ეგდო თავისი სახლის წინ - მკვდარი ეგონათ. მერე  აფხაზ მეზობელს კვნესა მოესმა, პირქვე ჩამხობილი გადმოატრიალა და გიგა რომ იცნო, შინ შეიყვანა... გიგას კარგად ახსოვდა, მამა და ძმა როგორ დაუხვრიტეს, თვითონ, სხვა ქართველებთან ერთად, ნელ-ნელა უკან დაიხია, მაგრამ ტყვიამ მისი სახლის ეზოში უწია... ისიც იცოდა, რომ მოხუცებმა ვერ გააღწიეს სამშვიდობოს, სიმწრით კბილებს აღრჭიალებდა, მაგრამ რა ექნა, ქალაქში ბანდები დათარეშობდნენ... მისი ფიქრი ლიას რომ გადასწვდა, ცოტათი დამშვიდდა, იცოდა, რომ გოგომ გაგრა დაცემამდე რამდენიმე თვით ადრე დატოვა. არადა თურმე ცდებოდა...

აფხაზმა მეზობელმა გიგა მეოთხე დღეს უსაფრთხო ადგილამდე მიიყვანა და დაჰპირდა, თქვენს ბინას მე ვუდარაჯებ, რომ უცხო არავინ შესახლდესო (როგორც ლიამ მითხრა, გიგას დღემდე აქვს იმ კაცთან ურთიერთობა და ძალიან ემადლიერება). როგორც იქნა, თბილისში ჩამოაღწია გიგამ. იცოდა, სადაც უნდა მოეძებნა ლია (ის და მისი მშობლები ახლო ნათესავთან იყვნენ შეხიზნულები).   გოგო თითქოს რაღაცას მალავდა, მისი მშობლებიც დაზაფრულები ჩანდნენ. გიგა ცოტა ხნით მოსკოვში გაემგზავრა. დედამ და დამ ურჩიეს, ლია ჩამოიყვანე და აქ იცხოვრეთო. ბიჭს რუსეთში ცხოვრება არ უნდოდა, არადა თბილისში დიდი ქაოსი იყო, ამას ერთვოდა უშუქობა, შიმშილი, უიმედობა... რაღა ბევრი გავაგრძელოთ და  თბილისში დაბრუნებულმა ლიას მიაშურა.

გოგომ ვეღარ დაუმალა სადარდელი და  საქმროს მოუყვა,  ბასაევის ბანდის სამმა "ბოევიკმა"  რომ გააუპატიურა. ნაცემი და შეურაცხყოფილი ისევ ჩეჩენმა იხსნა, რომელსაც, თანამებრძოლებისგან განსხვავებით, გოგონა შეეცოდა და გააპარა. გაუბედურებული შვილის დანახვაზე მშობლებს თავზარი დაეცათ. იმ ღამესვე გამოიპარნენ გაგრიდან... ლია ორსულად იყო. აბორტის გაკეთებაზე ახლობელმა გინეკოლოგმა უარი უთხრა, - უკვე დაგვიანებულიაო.   რას იფიქრებდა გიგა, ლია თუ ამდენ გაჭირვებას და წამებას გამოივლიდა. ლია დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი  ცოლად აღარ შეირთავდა, მაგრამ მოტყუვდა...

ლია: - მაშინ გიგა ხმის ამოუღებლად წავიდა. მთელი ღამე ტირილში გავლიე. მოულოდნელობისგან ლამის გული გამიჩერდა, როცა ორი დღის შემდეგ მოვიდა და მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა. დედამისს ბეჭედი გამოეტანებინა. მეც და ჩემებსაც გვითხრა, - არავის ვეტყვი, რომ ბავშვი ჩემი არაა, ის ჩემი და ლიას პირველი შვილი იქნებაო. ერთ კვირაში მოსკოვში გავემგზავრეთ.  გამიჩნდა ბიჭი, მას ჩემი ძმის სახელი, რატი დავარქვი - ჩემი ძმა ხუთი წლისა დიფტერიით გარდაიცვალა.

გავიდა დრო და ჩვენი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა. მალე მეორე შვილიც შემეძინა, ისიც ვაჟი, დემეტრე. გიგა რატის მიმართ ნელ-ნელა იცვლებოდა. ჯერ გულგრილობა შევატყვე, მერე უხეშობაც. რატის დანახვა აშკარად არ სიამოვნებდა... ერთხელ, დემეტრე წაიყვანა სასეირნოდ, რატი კი ატირებული შინ დამიტოვა.  ვეღარ მოვითმინე და ვუსაყვედურე... ჩვენ შორისაც დაიძაბა ურთიერთობა. მართალია, დამპირდა, არავის გავუმხელ რატის წარმომავლობასო, მაგრამ გვიან გავიგე, დედისა და დისთვის მაინც უთქვამს. დედამისსაც ვატყობდი, რომ რატის უგულისყუროდ ექცეოდა, დემეტრეს კი გადამეტებულად ეალერსებოდა. ამის გამო რატისაც აგრესია გაუჩნდა უმცროსი ძმის მიმართ. მხოლოდ ნინო, ჩემი მული ცდილობდა ჩემთვის დარდი გაექარვებინა. როცა მოიცლიდა, მას მიჰყავდა ბიჭები სასეირნოდ.

ვცდილობდი, ბევრ რამეზე დამეხუჭა თვალი, მაგრამ ძნელი ყოფილა შვილის გამო წყენის გაქარწყლება. შვიდი წლის შემდეგ შვილებთან ერთად წამოვედი მოსკოვიდან. გიგა მალევე გამომყვა უკან. ჩემს მშობლებს უკვე ბინა ჰქონდათ ნაყიდი და მათთან უკეთ ვგრძნობდი თავს, ამიტომ გიგას უარი ვუთხარი მოსკოვში დაბრუნებაზე. მან კარგად იცოდა, რომ ვეღარ ავიტანდი ბიჭის დაჩაგვრას და დამპირდა, - ოღონდ დამიბრუნდი და მსგავსი რამ აღარ გამეორდება. წავიდეთ მოსკოვში, იქ საქმეს ვერ მივატოვებთო. მშობლებმაც მირჩიეს, გავყოლოდი. ამ ერთხელაც დავთმე. გამოხდა ხანი და მესამე შვილიც შეგვეძინა, გოგონა, მაგრამ  გიგას  მაინც გაუჭირდა  წარსულის დავიწყება, ვერც რატის შეყვარება შეძლო.

ასეთ სიტუაციაში ოთხი წელი ძლივს გავძელი... და ერთხელ, როცა დემეტრეს რატიზე უთხრა, ის შენი ნახევარძმაა და ვისი ჯიშის არის, მეც არ ვიციო, მივხვდი, აღარ მიყვარდა და აღარ ღირდა მასთან გაჩერება. დემეტრეს წამოყვანაც მინდოდა, მაგრამ გიგამ თავი მოიკლა, არ გაგატანო და ბიჭმაც მამასთან, მამიდასა და ბებიასთან ირჩია დარჩენა. გამიჭირდა მისი დატოვება, მაგრამ რახან მანაც ასე გადაწყვიტა, აღარ დავატანე ძალა. რატიმ იცოდა, რატომაც მოვდიოდი მოსკოვიდან.

როცა მითხრა, შენ და ქეთი დემეტრესთან დარჩით, მე თბილისში წავალო, გული მომიკვდა. დედამთილი და მულიც მეხვეწნენ, - დარჩი, ყველაფერი მოგვარდება, დროა საჭიროო, მაგრამ არ შემეძლო. თბილისში  თავისუფლად ამოვისუნთქე, მამამ თავის მაღაზიაში დამაწყებინა მუშაობა.  დემეტრე ძალიან მენატრებოდა, ხშირად ვურეკავდი და ვლაპარაკობდით, მაგრამ ვატყობდი, მას აქ ჩამოსვლა არ უნდოდა. გიგა კარგა ხანს დუმდა, ჩვეულებრივი მოკითხვებით შემოიფარგლებოდა ხოლმე, ფულსაც მიგზავნიდა, მაგრამ მთავარზე ხმას არ იღებდა.

რამდენიმე თვის წინ კი მოულოდნელად ჩამოვიდა და კვლავ შერიგება მთხოვა, თან დაამატა, - შენ და ქეთი წამოდით ჩემთან, რატი უკვე დიდია, არაფერი უჭირსო. ლამის გავგიჟდი, - თუ ამ ბავშვს ასე მოიძულებდი, ცოლად რას მოგყავდი-მეთქი. კვლავ უსიამოვნოდ დავშორდით. ახლა ქეთის ურეკავს და აქეზებს, - აქ კარგი ცხოვრებაა, ჩამოდი, არაფერს მოგაკლებო. ქეთის ერთხელ წამოსცდა კიდეც, - მამიკოსთან გამიშვიო. განერვიულება რომ შემატყო, გაისუსა.  რატი კი სულ იმას ცდილობს, მხარში დამიდგეს. გიგასთან ერთად ის წრფელი და ლამაზი გრძნობაც დავკარგე, რომელიც ყველაზე მძიმე დღეებში მასულდგმულებდა. მან  თვითონაც გაიმწარა სიცოცხლე და მეც არ მაღირსა სიმშვიდე. არჩევანის წინაშე დამაყენა და მეც უყოყმანოდ რატი ავირჩიე.