"რას ვიფიქრებდი, თუ ის კაცი შემიყვარდებოდა, ვინც ჭერი თავზე დამაქცია..." - კვირის პალიტრა

"რას ვიფიქრებდი, თუ ის კაცი შემიყვარდებოდა, ვინც ჭერი თავზე დამაქცია..."

მოხდა სასწაული და მეგობრის დახმარებით საოცნებო სახლი ვიყიდე. ძალიან ბედნიერი ვიყავი. მის მოსართავად შვებულებაც კი ავიღე. სულ არ მაინტერესებდა, ვინ მყავდა მეზობლად, მაგრამ უმოკლეს დროში გამაცნო თავი ერთ-ერთმა მათგანმა, - ღიმილით ამბობს ლიკა. ის არ ელოდა, თუ ოდესმე მამაკაცი თავბრუს დაახვევდა.

ლიკა: - ძალიან ლამაზი თეთრი პალტო მქონდა. ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ცოტა დამესვარა. გავწმინდე და ვიფიქრე, ღამით გარეთ დავტოვებ, განიავდება-მეთქი. დილით ელდა მეცა - პალტო რუხი, ალაგ-ალაგ შავი, გაუბედურებული, დათხვრილი იყო - ზედა სართულის მეზობელს შავი ფერის დაუწურავი სამოსი ზედ ჩემი პალტოს თავზე დაუფენია გასაშრობად. კინაღამ გავგიჟდი. ავვარდი ზედა სართულზე და კარზე ბრახუნი ავტეხე. ვიღაც, ნახევრად შიშველმა ახმახმა გამომხედა. შინ ვინმე ქალბატონი არის-მეთქი? არაო. როდის დაბრუნდება თქვენი მეუღლე-მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედა, - აუცილებელია, ცოლი მყავდეს? მე მითხარით, რა გნებავთო. თქვენ ვერაფერს გაიგებთ-მეთქი. მაშინ დიდი ხანი მოგიწევთ ლოდინი, აქ მხოლოდ მე ვცხოვრობო.

საშინლად უმწეოდ ვიგრძენი თავი.  ბავშვივით ზლუქუნით ვთხოვე, მეორედ გაუწურავი სარეცხი აღარ გაფინოთ და თუ მაინც თქვენსას არ მოიშლით, გადმოიხედეთ ძირს, რომ კიდევ რამე არ გამიფუჭოთ-მეთქი. მე არ ვრეცხავ, მანქანა რეცხავს და სულ გაუწურავი გამოდისო. ისე უხერხულად აიწურა მხრები, კინაღამ გამეცინა. რას ვიფიქრებდი, ამხელა კაცს არ ეცოდინებოდა, როგორ დაეყენებინა სარეცხი მანქანის წურვის რეჟიმი... ჯანდაბას, დამიძახეთ და მე დაგიყენებთ, ოღონდ ნუღარ დამაზარალებთ-მეთქი და საცოდავად დავხედე იატაკის ტილოსავით გაშავებულ პალტოს.

როგორც ჩანს, თავადაც შეწუხდა, რადგან ფრთხილად გამომართვა, ატრიალა ხელში და მკითხა, რამე ეშველებაო? არ ვიცი, იქნებ რომელიმე სამრეცხაოში უშველონ-მეთქი. მომიბოდიშა და მთხოვა, დამიტოვეთ, იქნებ მე ვცადო ქიმწმენდაში ჩემი დანაშაულის გამოსწორებაო.

- დაუტოვეთ პალტო?

- დიახ და მერე თავბედს ვიწყევლიდი. არ ვიცი, სად მიიტანა, რა უქნეს, დამიბრუნა გაქუცული ხალათი, პალტო კი არა... თვითონაც ხდებოდა, რა დღეშიც ჩამაგდო. უხმოდ გამეცალა. მეგონა, ამის მერე აღარასოდეს დავინახავდი. თურმე ჯერ სად ხარ...

ახალ წლამდე სამი დღე იყო დარჩენილი. ღამით ჩემი ძაღლის ყეფამ გამომაღვიძა. თავზე მადგა და აშკარად რაღაცას მანიშნებდა. წამოვხტი და ელდა მეცა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ საწოლი მდინარეში იდგა.

- წყალი ჩამოუშვა?

- ეგ რბილად ნათქვამია. თავიდან დასაგები გახდა პარკეტი. რა თქმა უნდა, მან გადაიხადა რემონტის ფული. თავბედს ვიწყევლიდი. კინაღამ შემძულდა ის დიდი და ნათელი ბინა.

ერთხელაც შუაღამისას ზარის რეკვა ატყდა კარზე. გავაღე და სახტად დავრჩი - ის ჩემს კართან იწვა და თავქვეშ არყის ბოთლი ჰქონდა ამოდებული. თავზე კი ვიღაც კაცი ადგა. ტაქსის მძღოლი ვარ. თავისი მანქანა რესტორანთან დატოვა, გზაშიც სვამდა და სანამ გაითიშებოდა, ეს მისამართი მითხრა, აი, მოვიყვანე და უპატრონეთო. მე მეზობელი ვარ, რა შუაში ვარ-მეთქი, ამოვიგმინე. შენ მეზობელი მაინც ხარ, მე კი არავინო, მითხრა მძღოლმა და ბუზღუნით დაეშვა კიბეზე. ჯიბეები მოვუჩხრიკე. სადღაა გასაღები! კინაღამ გავგიჟდი. როგორია, გარეთ ხომ ვერ დატოვებ, ადამიანია. მეზობელს, სხვას არავის ვიცნობდი. როგორც იქნა, შევათრიე სახლში და იქვე შესასვლელში დავტოვე.

- პატრული არ გამოიძახეთ?

- რა აზრი ჰქონდა? გამათევინებდნენ ღამეს თეთრად. კიდევ კარგი, მეორე დღე კვირა იყო და არსად მივდიოდი. გგონიათ, დილით ადრე გაიღვიძა? შუადღემდე ტკბილად ეძინა.

- როგორ შეგიყვარდათ?

- ამ ამბის მერე ძალიან მომეჩვია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ახმახი კაცი სულ პრობლემებს მიქმნიდა, აღმოჩნდა, რომ საოცრად  კეთილი და ბავშვივით გულუბრყვილო იყო. თანაც საოცარი მზარეული გამოდგა, სამსახურიდან დაბრუნებულს  უგემრიელეს სასუსნავებს მახვედრებდა...

- ახლა სად ცხოვრობთ, მაღლა თუ დაბლა?

- გავაერთიანეთ მაღლა და დაბლა, შიდა კიბით. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო, ჩემზეა ნათქვამი. მაგრამ რას ვიფიქრებდი, თუ ის კაცი შემიყვარდებოდა, ვინც ჭერი თავზე დამაქცია.

სოფო გამრეკელი