ახალი წლის ღამის მათრობელა ფერები
29-12-2014
ახალი წლის ღამის მათრობელა ფერები
ახალი წლის ღამე იქნება ეს თუ კორპორაციული წვეულება, ყველა ჩვენგანს ძალიან გვინდა გამოვიყურებოდეთ იმდენად თვალისმომჭრელად, რომ იმ საღამოს შთაბეჭდილება დიდხანს გაგვყვეს ბედნიერ მოგონებად. პირველი და მთავარი, რაც წლის ყველაზე სადღესასწაულო დღეს სეზონზე გვევალება, არის საუკეთესო მაკიაჟი მოდის ტენდენციებისა და საკუთარი მონაცემების გათვალისწინებით. მოგეხსენებათ, ამ და გასული სეზონების მთავარ შიკად ღვინისფერი ტონები, იგივე ბორდო ითვლება, რომელიც აქტუალურია როგორც სამოსში, ისე მაკიაჟში. ამჯერად, გადავწყვიტეთ ჩვენს ერთგულ მკითხველს ბორდოსფერი ტუჩსაცხის სწორად მოხმარების წესებზე
ვესაუბროთ.

მაშ, ასე, თუკი გადაწყვიტეთ, რომ საღამოზე გარშემომყოფთა ყურადღება და აქცენტი მხოლოდ თქვენზე იყოს გადმოტანილი, ეს ფერი მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარებათ.


1. სწორად შეარჩიეთ ტონალობა. ბორდოს ფერსაც ისევე აქვს თავისი უამრავი ტონალობა, როგორც წითელს, ამიტომ აუცილებელია სწორად ამოირჩიოთ ის ერთი, რომელიც მოუხდება თქვენს სახეს. ძირითადი
აქცენტი ამ შემთხვევაში მაინც კანის ფერზე უნდა გააკეთოთ. ძალიან თეთრებს მოწითალო ან მოვარდისფრო ბორდო უფრო შეეფერებათ, შავგვრემნებს კი - მოყავისფროში გარდამავალი. არჩევანი შეაჩერეთ იმაზე, რომელიც უფრო ახლოსაა ნატურალურ ფერებთან.

2. გამოიყენეთ ტუჩის ფანქარი. ტუჩის კონტურის ზუსტად დასაფიქსირებლად გამოიყენეთ სპეციალური ფანქარი, რომელიც თქვენივე ტუჩის ან ტუჩსაცხის ფერი უნდა იყოს. მაქსიმალური ეფექტისთვის ფანქრით მთელი ტუჩი შეიღებეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაისვით საცხი. კონტურები კი სპეციალური ფუნჯით გაასწორეთ.

3. შეარჩიეთ ტექსტურა. თუკი აქამდე მხოლოდ ვარდისფერ, ატმისფერ, კრემისფერ საცხებს იყენებდით და უცბად, რატომღაც, მოგინდათ მკვეთრად მუქი ფერის წასმა, არ შეშინდეთ, რადგან პირველ ჯერზე სარკეში ჩახედვისას იქიდან მომღერალ ლორდეს მიმბაძველი ფანი გამოგხედავთ. პირველი ეფექტი ყოველთვის ასეთია, მაგრამ დროთა განმავლობაში, თუკი ყოველდღიურად შეაჩვევთ თვალსა და ტუჩს ამ მათრობელა ფერს, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.

4. მიამატეთ მოცულობა. საიდუმლო არ არის, რომ ღია ფერები მოცულობას მატებს, მუქი კი პირიქით. ამიტომაც, გთავაზობთ შემდეგ გამოსავალს: მოხაზეთ ტუჩი საცხის ფერის ფანქრით და  გადასცდით ტუჩის ბუნებრივ კონტურს მხოლოდ 1 მილიმეტრით. და მეორე, გადაუსვით თქვენს საცხს თხევადი, თუნდაც მოციმციმე ე.წ. ბლესკი.

5. უარი თქვით თვალის ჩრდილებზე. როდესაც აქცენტს აკეთებთ  გამომხატველი ფერის ტუჩებზე, მაშინ თვალის მკვეთრი კონტურისა და ფერადი ჩრდილების გამოყენებისაგან თავი უნდა შეიკავოთ. მაკიაჟი უნდა იყოს მინიმალისტური, სადაც გამოკვეთილად ჩანს მხოლოდ ტუჩი. ერთადერთი, რაც ამ დროს დასაშვებია თვალზე, ეს არის ტუში და დაგრძელებული წამწამები.

6. გამოიყენეთ რუჯი. იმისათვის, რომ თქვენი მაკიაჟი არ დაემსგავსოს თეატრალურს, გამოიყენეთ ცივი ვარდისფერი რუჯი, რომელიც დაასრულებს "ლუქს". თუკი ჯერ არ იცით, არსებობს სპეციალური ტინტები (ტუჩსაცხი-რუჯი), ტუჩისა და ღაწვებისთვის. უნივერსალური გამოგონებაა, რომელიც ორ პრობლემას ერთად მოგიხსნით და ჩანთაშიც ნაკლებ ადგილს დაიკავებს.

7. იზრუნეთ წარბებზე. ამ სეზონზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწორად მოვლილ, მუქ და ფართო წარბს, რომელიც ძალიან უხდება და ავსებს მუქფრად შეღებილ ტუჩს. მარლენ დიტრიხის ძაფისებრი წარბი კიდევ კარგა ხანს არ შემოვა მოდაში, ასე რომ, წარბის ტუში შესანიშნავი მიგნებაა და მოდის მიმდევარ ქალბატონთა ერთ-ერთი უცვლელი ნივთია კოსმეტიკურ ჩანთაში.

8. შეაჩერეთ არჩევანი სადა ვარცხნილობაზე. ღვინისფერი ტუჩები და რთული ვარცხნილობა ჰელოუინის გმირს თუ დაგამსგავსებთ საღამოზე. მინიმალიზმი ამ დროს შესანიშნავი გამოსავალია. საუკეთესო გადაწყვეტილებად კი ან გასწორებული და ჩამოშვებული თმა ან ე.წ. ცხენის კუდი მიიჩნევა.

ია ბერიაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით