რა მაქვს "გამოსასწორებელი"?! - კვირის პალიტრა

რა მაქვს "გამოსასწორებელი"?!

საბერძნეთში ვცხოვრობ. აქ გავთხოვდი - ქართველი ქმარი მყავს. ჩემთვის თქვენი გაზეთი მთავარი საზრდოა, ურომლისოდაც უცხოეთში ყოფნა ძალიან გამიჭირდებოდა.

18 წლის ვარ. ერთი წელია, რაც გიოს ცოლად გავყევი. ის 21 წლისაა. ალბათ, დაგაინტერესებთ, ასე პატარა მშობლების გარეშე როგორ აღმოვჩნდი საბერძნეთში. ჩემი მეზობლები გაცილებით ადრე წამოვიდნენ აქ და როცა ჩემი ოჯახის ისედაც ყოველთვის გაჭირვებული ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, გადავწყვიტე, იმ დიდ "ქალთა ლაშქარს", საბერძნეთში რომ არის, მეც შევერთებოდი. მშობლებს გაუხარდათ კიდეც ჩემი გადაწყვეტილება. მეზობლის ქალის დახმარებით ჩავაღწიე საბერძნეთში და მისივე მეშვეობით სამუშაოც ვიშოვე. ძალიან გამიჭირდა უცხო გარემოში ყოფნა. გიო რომ გავიცანი, თითქოს ყველა პრობლემა ერთბაშად გაქრა.

შემიყვარდა და ირგვლივ ყველაფერი გალამაზდა და გაადვილდა. მაგრამ, გავიდა დრო და ჩემი ქმარი თვალსა და ხელშუა შეიცვალა. ამ ბოლო ხანს მებუზღუნება, - სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, ვერ ვუგებთ ერთმანეთს, ამიტომ უნდა დავშორდეთო. გიოსთან დაშორება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება. აქ ჩამოსული გოგოები ცდილობენ ბერძნებს გაჰყვნენ ცოლად და ცხოვრება აიწყონ, მე კი ჩემსავით გაჭირვებულ ქართველს დავუკავშირე ბედი.

ვფიქრობდი, სიყვარული ყველანაირ დაბრკოლებას გადაგვალახვინებდა... ერთხელ გიომ გაბრაზებულმა მომახალა, - უნდა გავშორდეთო. რას მერჩი, რა არ მოგწონს ჩემი-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა: მეტი ქალურობა გამოიჩინე და ოჯახზე მეტად იზრუნეო. გავოცდი. მას ჩემგან არც სიყვარული, არც სითბო არ მოჰკლებია, ოჯახისთვის კი, რაც შემიძლია, მაქსიმალურს ვაკეთებ. სასოწარკვეთილს ტირილი წამსკდა. ცოტათი გული მოულბა და "გამოსასწორებლად" დრო მომცა.

მერე დავფიქრდი და საშინლად შეურაცხყოფილი დავრჩი. რა მაქვს "გამოსასწორებელი", ვერ გავიგე. დეპრესიამდე აღარაფერი მაკლია, აქ დარჩენაც აღარ მინდა, მაგრამ მშობლები ქმარგაშორებულს არ მიმიღებენ. ვიცი, რასაც მეტყვიან: საბერძნეთში გასათხოვებლად გაგიშვით თუ ოჯახის ფეხზე დასაყენებლადო. შავ დღეში ვარ და თქვენგან, ჩემი საყვარელი გაზეთის მკითხველისგან, ველი რჩევას...

სალო, ათენი