"ვინ თქვა, შობას სასწაული არ ხდებაო..." - ემიგრანტის წერილი
12-01-2015
"ვინ თქვა, შობას  სასწაული არ ხდებაო..." - ემიგრანტის წერილი
ეს წერილი ემიგრანტმა ქალმა მოგვწერა - ჩემი ცხოვრება ერთ-ერთი შობის დღესასწაულის შემდეგ ზღაპარს დაემსგავსაო.

ქეთი: -„ძალიან ძნელია, როდესაც ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ნათესავებს მოწყვეტილი სადღაც, დასაკარგავში ხარ. მარტოობა განსაკუთრებით გიმძაფრდება შობის დღესასწაულის წინ. ფანჯრიდან ხედავ, როგორი ფაციფუცია ქუჩებში, მაღაზიებში, ბედნიერი ხალხი საჩუქრებს ყიდულობს, შენ კი ოთახში გამოკეტილი დარდით ილევი, ამ ქალაქში შენ არავის ახსოვხარ, აქ შენ უცხო ხარ... ოჯახს ტელეფონითაც ვერ უკავშირდები, რადგან უმუშევარი ხარ და თითოეულ გროშს ზოგავ.

დიდი
ხნის წინ, როდესაც დასაქმების მსურველ ქართველთა ემიგრაციის ტალღა უცხოეთში პირველად დაიძრა, მეც მათ შორის ვიყავი, 27 წლის ვიყავი, საფრანგეთში რომ გავემგზავრე. სამსახური იოლად ვიშოვე, მოხუც ქალს ვუვლიდი, სამწუხაროდ, სამ თვეში გარდაიცვალა. უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ორი თვე უმუშევარი დავდიოდი, კიდევ კარგი, დანაზოგი საქართველოში არ მქონდა გამოგზავნილი,
ბინის ქირას ვიხდიდი და აგენტისგან სამუშაოს შესახებ ინფორმაციას ველოდი. 24 დეკემბერს დედას დავურეკე, ოჯახის წევრების მოკითხვაღა მოვასწარი, ტელეფონი გაითიშა და ვერაფრით მოვახერხე კვლავ დაკავშირება. დავბრუნდი ჩემს პატარა ოთახში. მტირალს ჩამეძინა. ზარმა გამომაღვიძა, აგენტი მირეკავდა, მხოლოდ ორი კვირით სჭირდებათ მომვლელი, კარგად გადაგიხდიან და თუ მოეწონე, შესაძლოა უფრო დიდი ხნით გაგიფორმონ კონტრაქტიო.

მითითებულ მისამართზე ამიხსნეს, რომ საშობაო არდადეგებზე უნდა წავყოლოდი ოჯახს, რომელსაც ავტოკატასტროფაში დასახიჩრებული ვაჟი ჰყავდათ. ალანი ნასვამი მისჯდომია საჭეს... ფეხზე წამოდგომა არ შეეძლო, სულ იწვა. ძალიან უბედური იყო. ნეტავ მალე მოვკვდე, ვეღარასოდეს ავდგებიო, - შემომჩივლა და პატარა ბავშვივით ატირდა. საოცარი ძალა მომეცა. მივხვდი, რომ ჩემი პროფესია - ფსიქოლოგობა გამომადგებოდა.

მთელ დღეებს ალანთან ვატარებდი, ათას რამეს ვუყვებოდი, ჩემს ბავშვობაზე, ჩემს ქვეყანაზე იმდენი რამ გაიგო, რომ ერთ დღესაც გაკვირვებულმა მკითხა, - ასეთი ქვეყნიდან რატომ გამოიქეციო. ახლა იმის ახსნა დამჭირდა, რა ხდებოდა საქართველოში. ენაკვიმატობით ყოველთვის გამოვირჩეოდი, ჰოდა, მით უმეტეს, რომ ენის ბარიერი არ მქონდა, ალანს ანეკდოტებითა თუ მხიარული ამბებით ვართობდი. ალანს მშობლები ვეღარ ცნობდნენ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ დეპრესიულ ბიჭს სიცოცხლის ხალისი გაუჩნდა, მხიარულობდა, არადა, ცოტა ხნის წინ არავის დანახვა არ უნდოდა. ადრე თუ ოთახიდან არ გამოდიოდა, ახლა საათობით ქუჩაში დავხეტიალებდით და მაღაზიის ვიტრინებს ვათვალიერებდით.

კონტრაქტით მითითებული ორი კვირა ამოიწურა და ქალაქში დავბრუნდით. მეგონა, მეორე დღეს დამემშვიდობებოდნენ, და მეც ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდი იმ იმედით, რომ მალე სამუშაო ისევ გამომიჩნდებოდა. ერთ დილას კი ქალბატონმა ელენმა, ალანის დედამ, დამირეკა, - ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმეა ჩემს ვაჟთან მუშაობა, მაგრამ მზად ვართ, რამდენსაც გვთხოვთ, გადაგიხადოთ, ოღონდ კი სამუშაოდ დაბრუნდითო. ნამდვილად არ იყო იოლი სამუშაო, მაგრამ გასამრჯელო, რომელსაც მთავაზობდნენ, მაძლევდა საშუალებას, საქართველოში ოჯახისთვის მიმეხედა და უცხოეთში განათლების მისაღებად თანხა დამეზოგა. დავთანხმდი.
იმ დღეს ალანი ისეთი ბედნიერი იყო, რომ პირველად სცადა, თავი წამოეწია. ოჯახი აღფრთოვანებული იყო, მფარველ ანგელოზს მეძახდნენ, შობის დღესასწაულის საჩუქარი ხარ, ღმერთმა გამოგგზავნა ჩვენთანო, მეუბნებოდა ბატონი მორისი, ალანის მამა და გულში ჩამიკრავდა.

ალანი მშობლებს დათანხმდა, მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსი გაევლო, - ოღონდ ქეთი ჩემთან უნდა იყოს, გვერდიდან არ უნდა მომშორდესო, იქნებ ექიმებმა მას ასწავლონ რეაბილიტაციის პროგრამაო. ასეც მოხდა.
ჩემი სამწლიანი თავდადებული შრომის, რაღა თქმა უნდა, ექიმების არაჩვეულებრივი სამკურნალო პროგრამის და ალანის მონდომების შედეგად, კაცმა, რომელიც თავსაც კი ვერ სწევდა საწოლიდან, შეძლო ეტლში გადაჯდომა და გადაადგილება.

ალანი უკვე ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ნებისმიერი კარგი მომვლელი შეძლებდა მასთან მუშაობას. მას აღარ სჭირდებოდა განსაკუთრებული მოვლა და მეც ახალი სამსახურის მოძებნა გადავწყვიტე, ისევ მივმართე აგენტს. მალე შემომთავაზეს ახალი ვაკანსია. პირობები ძალიან მომეწონა. ძლივს გავბედე ალანის ოჯახისთვის მეთქვა, რომ წასვლას ვაპირებდი. ალანს ხმა არ ამოუღია, ოთახიდან გავიდა ეტლით, არ გავყოლივარ. მისი მშობლები შემცბარი მიყურებდნენ, შეგვიძლია დამხმარე ავიყვანოთ, შეგეშველება, მეტი დრო გექნება, ყველაფერს გავიღებთ, ოღონდ ალანთან დარჩი, ის უშენოდ ვერ გაძლებსო, - მევედრებოდა მამამისი. როდესაც ალანის საძინებლის კარზე დავაკაკუნე, ხმა არ გამცა, ფრთხილად შევაღე, იატაკზე ეგდო, ეტლსა და საწოლს შორის...

თავიდან მომიწია ალანის გამოსაცოცხლებლად მუშაობამ. ერთ დღეს მითხრა, მიყვარხარ, მინდა ჩემი ცოლი გახდე და მთელ მსოფლიოს ვუთხრა, რომ შენ ხარ ქალი, რომელმაც მეორედ მაჩუქა სიცოცხლეო...

როდესაც დედას დავურეკე და ვუთხარი, ქორწილში გეპატიჟები-მეთქი, ბედნიერებისგან ყურმილი დაუვარდა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ ცოლად იმას წავყევი, ვისაც ვუვლიდი, გონება კინაღამ დაკარგა. ვერც დედას, ვერც ალანის მშობლებს და ვერც მე ვერ წარმოგვედგინა, რომ წლების წინ შობის დღესასწაულზე გაფორმებული კონტრაქტი სასწაულს მოახდენდა და ერთ დღესაც, ჩვენი ქორწინებიდან ორი წლის თავზე, ალანი ფეხზე დადგებოდა.

ახლა ორი შვილი გვყავს, ჩემი ქმარი ყავარჯნით დამოუკიდებლად დადის და ამბობს, რომ ყოველთვის თამამად ადგამს ნაბიჯებს, რადგან სადაც უნდა იყოს, იცის, რომ მე ვყავარ.

სოფო გამრეკელი
მაიკო
10 აპრილი 2015 09:00
ესეთი ამბები მართლა ხდება, თუმცა ეს აშკარად მოგონილია, უსაბუთო ადამიანს კონტრაქტს ვერავინ გაუფორმებს ძალიანაც რომ უნდოდეთ, რამდენიმე თვის ან თუნდაც ერთი წლის ჩასულს კი საბუთი ვერანაირად ვერ ექნებოდა, ასე რომ ტყუილია!!!
sofo
09 აპრილი 2015 18:47
Saatobit davxetialebdit da magaziis vitrinebs vatvarielebdit kargi ra tavs tu ver wevda balishidan sad daxetialobda gamocxves morigi zgapari
MERI
01 თებერვალი 2015 22:28
გმერტმა სულ ბედნიერები გმყოფოტ!!ტკვენ ამას იმსახურებტ!!ცჰენი სიტბოტი და ყურადგებიტ ადამიანი მეორედ გააცოცხლე და სიხარული დაუბრუნე!!სიყვარული სასწაულებს აკეტებს!!

რედაქტორის რჩევით