"შვილი იმ ქალმა გადამირჩინა, ვისაც ცხოვრება დავუნგრიე"
19-01-2015
"შვილი იმ ქალმა გადამირჩინა, ვისაც  ცხოვრება დავუნგრიე"
"როდესაც ცოლის შესახებ ამაზრზენ ამბებს იგებდა, მე ვანუგეშებდი, ვურჩევდი ნერვებს არ აჰყოლოდა, მშვიდად გაერკვია ყველაფერი და თუ საჭირო გახდებოდა, ოჯახური თანაცხოვრებისთვის წერტილი დაესვა"

ჩემი ნაამბობი, თუ გნებავთ, აღსარებად ჩათვალეო, - მითხრა ქალბატონმა ქეთამ, რომელმაც ყველაფერი იღონა, რათა კაცისთვის ოჯახი დაენგრია და მის გვერდით ეცხოვრა. თუმცა, საყვარელი კაცი მაინც დაკარგა.

- ქეთა, იმ კატეგორიას ხომ არ ეკუთვნით, ვინც საკუთარ ბედნიერებას სხვისი უბედურების ხარჯზე აგებს?
- ზოგ ოჯახს პირობითად ჰქვია ოჯახი, თორემ
ცოლი თავისთვის ცხოვრობს და ქმარი - თავისთვის. მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ათევენ ღამეს და, შვილების გარდა, არაფერი აკავშირებთ. სარეცლის გაზიარების კი არა, ერთმანეთთან დალაპარაკების სურვილიც არ აქვთ. ასეთი ქალის ქმარი რომ შეგიყვარდეს და იმან ერთ დღეს თვითონ თქვას უარი ე.წ. ოჯახზე, რომელიც ფარსია, ეს სულაც არ
ნიშნავს იმას, რომ მის უბედურებაზე ააგე საკუთარი ბედნიერება, მაგრამ ჩემთან ყველაფერი სხვაგვარად იყო.
კახას და მის მეუღლეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ამან ვერ დამახევინა უკან და ყველანაირად ვეცადე, მათთვის ცხოვრება ამერია. ამას ახლა რომ ვიხსენებ, მრცხვენია.

- რამ გაგიღვიძათ სინდისი?

- იმან, როგორც განვითარდა ჩემი და კახას ერთობლივი ცხოვრება. კახას ცოლთან დასაშორებლად ათასნაირი  ხრიკი ვიხმარე. ცოლისთვის სახელის შესაბღალავად კაციც კი დავიქირავე. ცოლზე ჩემი დაქირავებული კაცი ნადირობდა, ქმარზე - მე. თან ისე ვაკეთებდი, იმ დროს ვყოფილიყავი მასთან, როდესაც ცოლის შესახებ ამაზრზენ ინფორმაციებს მიიღებდა, რომ მენუგეშებინა. მერჩია, ნერვებს არ აჰყოლოდა, მშვიდად გაერკვია ყველაფერი და თუ საჭირო გახდებოდა, წერტილი დაესვა. თითქოს მე არ ვიყავი ამ სიბინძურის "შემოქმედი". მიუხედავად იმისა, რომ საშინელებებს ვუწყობდი მის ცოლს, კახას იმდენად  სჯეროდა ცოლისა, რომ დიდი ხანი დამჭირდა მათი კავშირის დასანგრევად, კულმინაცია ბავშვი იყო, რომელსაც მუცლით ვატარებდი.

იმისათვის, რომ  გვერდით საყვარელი კაცი მყოლოდა, ჩემს შვილს კი მამა, სრულიად უდანაშაულო ქალს ცილი დავწამე და კახას სამი შვილი მარტოობისთვის გავწირე. ეგოიზმისგან დაბრმავებულს სინდისი არ მაწუხებდა. კახას გარდა არავინ და არაფერი მაინტერესებდა. ის ბავშვიც კი, რომელიც მუცელში მყავდა, მხოლოდ ჩემი გეგმის ნაწილი იყო და სანამ განსაცდელში არ ჩავვარდი, ვერც კი გავაცნობიერე, რომ დედის ცოდვების გამო ჩემი პატარა იტანჯებოდა.

- რას გულისხმობთ ბავშვის ტანჯვაში?
- საშინელი დაავადება აღმოაჩნდა. გადარჩებოდა იმ შემთხვევაში, თუ ძვლის ტვინს გადავუნერგავდით. დონორი ვერ ვნახეთ. მშობლებმა ვერ ვივარგეთ დონორებად.
კახას ექიმთან არაფერი უთქვამს, მერე გამენდო, რომ ყოფილ ცოლს დაელაპარაკებოდა. რას ვიფიქრებდი, რომ იმ ქალისგან რაიმე საიმედო პასუხს მივიღებდი - სამივე შვილზე ანალიზის ჩატარების თანხმობა მოგვცა.

- გადაარჩინეთ შვილი?
-  ძმამ გადაარჩინა. მეტიც, იმ ქალმა გადაარჩინა, ვისაც დედამისმა ცხოვრება დაუნგრია. იმ ქალმა თავისი დიდსულოვნებით მეც გადამარჩინა. მე ხომ სული ეშმაკისთვის მქონდა მიყიდული.

- კახა სად წავიდა, როდის, როგორ?
- როდესაც ერთად ვცხოვრობდით, პირველი ცოლი ბავშვებთან ურთიერთობას არ უშლიდა. გულშიაც არ გამივლია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ დაახლოვდებოდნენ. როგორც ჩანს, კახას გული ისევ ყოფილი ცოლისკენ მიუწევდა, ისევ ის უყვარდა, და არა მე. თურმე კახა აკვირდებოდა, ყოფილ ცოლს რა ღირსეულად გაჰქონდა თავი. ის ყველაფერი, კი, რაც მათი ოჯახის დანგრევამდე ხდებოდა, უცებ გაქრა. აღარავინ ურეკავდა, - შენი ცოლი აქ არის, მის გვერდით ესა და ეს კაცია, ახლა მანქანა გაუჩერა, ერთად წავიდნენო და ა.შ.
დღეს ისინი ერთად არიან. მე კი ჩემს შვილთან და სინდისთან დავრჩი მარტო და ძალიან მაწუხებს ჩემი ცხოვრების ის ექვსი წელი. დრო, როდესაც ბოროტებამ დამიმონა.

არ მინდა ვინმემ გაიმეოროს ჩემი შეცდომა. მართალია, ძლიერი გრძნობაა სიყვარული, მაგრამ ეგოიზმად არ უნდა იქცეს. მაშინ ვეღარ გააკონტროლებ. სიყვარულიდან ბოროტებამდე ხომ ერთი ნაბიჯია...

სოფო გამრეკელი
manana
04 მაისი 2017 16:24
კი ბევრია მასეთი ჩემს შვილს გადახდა თავზე მარა დგემდე მაინც ჭკუა ვერ იწავლა რა საშინელებააა რააა
08 ნოემბერი 2016 14:03
ასეთ კაცს აღარც მივიღებდი უკან!სამი შვილი გაუჩინო და ვიღაცა აღვირახსნილი ქალის გამო ეჭვებში ჩავარდეს ,საერთოდ შვილების სახეს მოვანატრებდი!
შურიან ხალხს რა გამოლევს და ოჯახში თუ ნდობა არაა ასე ყველას დაკრულზე დაინგრევა ოჯახი!
ლილიანა
15 ივლისი 2016 10:25
დღეს უამრავია ასეთი ადამიანი...ნამუსგარეცხილნი...ცხოვრებაში მოვლენილ განსაცდელს ხშირად უპირისპირებენ თუ რამდენი სიკეთე უკეთებიათ და ღმერთმა რატომ გაწირა..არადა თავიანთმა მზაკვრულმა საქმენმა მოუვლინათ ავნი...

რედაქტორის რჩევით