"მამაჩემმა მოძალადის გვერდით დამტოვა" - კვირის პალიტრა

"მამაჩემმა მოძალადის გვერდით დამტოვა"

"პირველ ჩხუბს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. ჩემი ქმარი ყვირილს აღარ სჯერდებოდა, ფიზიკურადაც მისწორდებოდა"

ჩემი რესპონდენტი წუხს, რომ მშობლებმა ყველაზე მძიმე წუთებში მიატოვეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახი დაანგრია.

- "17 წლის ვიყავი, ჩემმა ტოლმა ბიჭმა რომ მომიტაცა. მინდოდა მესწავლა, მუშაობა დამეწყო და შემდეგ მეფიქრა გათხოვებაზე.

არ მიყვარდა ის ბიჭი, ახლოსაც არ გავიკარე, ვფიქრობდი, მშობლები მომაკითხავდნენ და წამიყვანდნენ, მაგრამ მამაჩემი რომ მოვიდა, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, - წამოდი, შვილოო, გამომიცხადა, - ახლა შენს ქალწულობას არავინ დაიჯერებს, თანაც გადასარევი ოჯახია, მოგხედავენო. ჩემი ქმრის ოჯახი რაიონში ცხოვრობდა და უზარმაზარი სახლ-კარი ჰქონდათ. როგორც ჩანს, მამაჩემი ქონებას დახარბდა. რას ვიზამდი? ისე გავაჩინე შვილიც, რომ ვერ ვგრძნობდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ამითვალწუნა ქმარმა - ასეთი არ მჭირდებიო. არც მე-მეთქი. პირველ ჩხუბს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე. ჩემი ქმარი ყვირილს აღარ სჯერდებოდა, ფიზიკურადაც მისწორდებოდა. ერთ დღესაც ავდექი და ბავშვიანად სახლიდან წამოვედი. დედაჩემს დავურეკე. მითხრა, მამაშენი შინ არ შემოგიშვებს, ახლავე უკან მიბრუნდიო.

უკვე მძიმე დრო იდგა საქართველოში, 1991 წელი იწურებოდა. თბილისში ჩამოვედი. ცოტაოდენი ფული მქონდა და ბინა ვიქირავე. დარჩენილი ფულით ცოტა ხანს თავს გავიტანდით. მერე კი არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. 19 წლის უპატრონო გოგო ვიყავი... ქმრის ოჯახმა განაცხადა, მაგის ფეხი არ იქნება ჩვენთანო, მამაჩემმა კი მკვდრად გამომაცხადა. არ მიდარდია, მამაჩემი ჩემთვის მაშინ მოკვდა, მოძალადის გვერდით რომ დამტოვა. მის მიმართ უსიტყვო მონა-მორჩილების გამო დედაჩემზეც გამიცივდა გული. არც ძმები მენატრებოდა.

თბილისში ერთ შეძლებულ ოჯახში დავიწყე მოსამსახურედ მუშაობა. ბინის ქირაობაც აღარ მჭირდებოდა. მე და ჩემს შვილს ოთახი გამოგვიყვეს. ძალიან ძნელი იყო თან ბავშვის მოვლა, თან უზარმაზარი სახლის დალაგება, სამზარეულოში ტრიალი, ყველას პატრონობა. უზომოდ ვიღლებოდი. თითქოს დავბერდი...

სახლის პატრონის ვაჟთან მეგობრები მოდიოდნენ ხოლმე. იყო ქეიფი, ხმაური... ერთხელ იჩხუბეს და მთვრალმა მასპინძელმა მეგობარი დაჭრა. ამ ამბით თავზარდაცემულმა ოჯახის უფროსმა შვილის მეგობრის, რომელსაც მამა არ ჰყავდა, დედა კი სამუშაოდ უცხოეთში იყო წასული, პატრონობა თავის თავზე აიღო და სახლის დალაგებასთან ერთად მისი მიხედვაც დამავალა.

პირველად გამიწია გულმა კაცისკენ, პირველად გაიღვიძა ჩემში ქალმა. ლევანი მალე წამოდგა ფეხზე და შინ დაბრუნდა, მაგრამ ვეღარ ვერეოდით გრძნობას. ფარულად დავიწყეთ შეხვედრები... ამასობაში ლევანის დედაც ჩამოვიდა უცხოეთიდან და ჩვენი ამბავი გაიგო... ცოტა ხანში მოვარდა და სახლის პატრონებს უთხრა, ეს გოგო გააგდეთ აქედან, შვილს ნუ მიუბედურებთო. კარგი ადამიანი იყო ჩემი დიასახლისი. უპასუხა: - თქვენი შვილი გააფრთხილეთ, თავი შორს დაიჭიროს და ინგა კარს არავის აუტალახებსო. არც ის არის დასაძრახი, რომ ახალგაზრდებს ერთმანეთი მოეწონათ, ეს გოგო ხომ თქვენს შვილზე ზრუნავდაო.

ვერ დაიყოლია ლევანი დედამისმა, ვერ ათქმევინა ჩემზე უარი. მთხოვა, ცოლად გამომყევი, ბინა ვიქირაოთ და ერთად ვიცხოვროთო. მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ გავბედე. მოძებნა ჩემი ყოფილი ქმარი და უთხრა, ბავშვისთვის ჩემი გვარის მიცემა მინდაო. ის არარაობა უსიტყვოდ დათანხმდა.

ბედნიერი ქალი ვიყავი, თუმცა, ცოტა ხანს. ლევანი აფხაზეთში საომრად რომ წავიდა, ორსულად ვიყავი. ვერ დაბრუნდა...

ჩვენი სიყვარულის ნაყოფი, ულამაზესი ბიჭი შემეძინა, მამის მოსახელე. დედამთილი ჩოქვით მოვიდა, მაპატიე და შვილიშვილთან ურთიერთობის ნება მომეციო. გამწარებული იყო ერთადერთი შვილის დაკარგვით. თავს გვევლებოდა, ჩემს ნატასაც შვილიშვილს ეძახდა. ოთხი წლის წინ გარდაიცვალა.

უმძიმესი წლები გადავიტანე. დედამთილი ბავშვებს უვლიდა. მე კი ხან თურქეთში გავრბოდი სათბურებში სამუშაოდ, ხან საბერძნეთში ვალაგებდი სახლებს ან ავადმყოფებს ვუვლიდი. ამაშიც ის ოჯახი მეხმარებოდა, ოდესღაც მოსამსახურედ რომ ვედექი. განათლება რომ მქონოდა, მეტადაც დამეხმარებოდნენ, მაგრამ როდისღა უნდა მეზრუნა ამაზე?! სამაგიეროდ,  შვილებმა დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები და ჩემი ახალგაზრდობის ოცნება ამისრულდა. მე კი მათი შემხედვარე ბედნიერი ვარ.

ამ ხნის განმავლობაში არასდროს გავხსენებივარ საკუთარ ოჯახს. ჩემი მშობლები მოხუცდნენ, ძმებს თავიანთი ოჯახები აქვთ, მაგრამ, როგორც ჩანს, მათთვის არც მაშინ ვარსებობდი, როცა ერთად ვცხოვრობდით...

თავისუფლების უკანონო აღკვეთა ისჯება:

სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა მუხლი, "ქალის მოტაცება ქორწინების  მიზნით" და ამ მუხლით ასამართლებდნენ მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირებს, თუმცა წლების წინ  სისხლის სამართლის კოდექსიდან ეს მუხლი ამოიღეს.

ამჟამად მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირი ისჯება 143-ე მუხლით, რაც ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სოფო გამრეკელი