"დამნაშავეა"..." ვიოლინო
02-02-2015
"დამნაშავეა"..." ვიოლინო
იმ წელს უნივერსიტეტი დავამთავრე... უამრავი მეგობარი მეხვია გარს, არც გოგონების ყურადღება მაკლდა, მაგრამ თითქოს არაფერი მიხაროდა, ვიღაცას ვეძებდი, - მიამბობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ამურმა, სიყვარულის ისრის ნაცვლად, ვიოლინოს ჯადოსნური ჯოხი ესროლა...

ალექსანდრე: - უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბანკეტზე კარგად მოვილხინეთ. ჩემი მეგობარი ძალიან დათვრა და შინ მხარზე გადაკიდებული მივიყვანე. მშობლები არ იყვნენ თბილისში და მარტო ვერ დავტოვე - რამე არ გაუჭირდეს-მეთქი.  არ მეძინებოდა. მუსიკა ძალიან მიყვარს, ბავშვობაში ვიოლინოზეც ვუკრავდი - 4
წელი დავყავდი დედას მუსიკალურ სასწავლებელში. მერე, როცა თინეიჯერობის ასაკში შევედი, სკოლაში ბიჭები დამცინოდნენ, - დედიკოს ბიჭსა და "ბაბოჩკიან" მუსიკოსს  მეძახდნენ. ჰოდა, მეც გამწარებულმა ისე მოვისროლე ვიოლინო, რომ მისკენ აღარც გამიხედავს... ახლა კი რატომღაც ძალიან მომინდა ვიოლინოს გულში ჩამწვდომი ჟღერადობის მოსმენა და ინტერნეტში მელოდიების მოძიება დავიწყე.

ცნობილი კომპოზიციების შემსრულებელთა ვიდეოების თვალიერებისას მოულოდნელად ერთი ქართველი ვირტუოზის მასტერკლასის ჩანაწერს წავაწყდი. მოსწავლეთა შორის კადრში გამოჩნდა საოცარი გოგო. შესაძლოა, სხვებისთვის სულაც არ იყოს საოცარი, მაგრამ მე გამაგიჟა... მოკლედ, ასჯერ ვნახე ის ჩანაწერი, ვაკეთებდი სტოპკადრებს და ვგრძნობდი, რომ უკვე მიყვარდა, თუმცა, არ ვიცოდი, ვინ იყო. არც ის ვიცოდი, როგორ მომეძებნა... გაგიკვირდებათ და ჩემი საოცნებო გოგოს მოსაძებნად, ვიოლინო ისევ ხელში ავიღე და გამალებით შევუდექი მეცადინეობას. მერე მოვძებნე ის ჩემი "დამღუპველი" მუსიკოსი და მის ჯგუფში ჩავეწერე, მაშინ გავიგე, რომ იმ გოგოს უკვე დაემთავრებინა სწავლა... თითქოს ცივი წყალი გადამასხეს, მაგრამ მაინც იმედიანად ვიყავი. რა თქმა უნდა, სახელი და გვარი გავიგე და სოციალურ ქსელში მის თანაკურსელებს დავუმეგობრდი. მასაც მივაგენი, მაგრამ გვერდი ჩაკეტილი ჰქონდა და მთავარი ფოტოს გარდა, ვერაფერს ვხსნიდი. გავუგზავნე დამეგობრების თხოვნა. არც შემხმიანებია.

ერთ დღესაც ჩვენმა პედაგოგმა გვითხრა, მინდა ჩემმა ძველმა და ახალმა მოწაფეებმა ერთად დაუკრათ და ახლებმა ძველებისგან გამოცდილება მიიღოთო.

ჟრუანტელმა დამიარა. წარმოვიდგინე, რომ ჩემი ოცნების გოგო აუცილებლად მოვიდოდა და ერთად დავუკრავდით.  მეორე დღეს ჯგუფში ყველაზე ადრე მივედი, ვიდექი ფანჯარასთან და ვფიქრობდი, როცა ის შემოვა, გული მიგრძნობს და მაშინ მივბრუნდები კარისკენ-მეთქი. ასეც მოხდა. იყო ლამაზი და ძალიან ნაზი... უკვე ყველამ იცის, რომ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ის რომ არა, სამყარო გამიუფერულდებოდა. მე მას ახლა მუსიკით ველაპარაკები.

- თანაგიგრძნობს?
- ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და სულ ერთად ვიქნებით. 

- რა არის სიყვარული?

- საოცრება. ოღონდ ეს საოცრება სრულყოფილი და ხელშესახები რომ გახდეს, ბრძოლაა საჭირო. არ უნდა დაიხიო უკან, ხელები არ უნდა ჩამოყარო და აუცილებლად იპოვი მეორე გულს, რომლის გასაღებიც შენი გულია, ან პირიქით.  ჩვენს შემთხვევაში "დამანაშავეა" ვიოლინო. სხვასთან ალბათ სხვა "დამნაშავეები" არსებობენ...

სოფო გამრეკელი

AMIN!
25 მარტი 2015 03:08
გაიხარეტ! 100 წ სეაბერდიტ ერტმანეტს და გამრავლდიტ

ჩვენც მატი წყალი გადმოგვსხმოდეს ყველას!!!!
დი
11 თებერვალი 2015 14:42
მეც მინდა ასეტი სიყვარული

რედაქტორის რჩევით