"ჩემს ცოლს შვილები არ უყვარს" - კვირის პალიტრა

"ჩემს ცოლს შვილები არ უყვარს"

"შინ გვიან ბრუნდება, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი. ბავშვებს არც კი დახედავს, ისე იძინებს. აღარც ჩემთან ურთიერთობა აინტერესებს, - აღარაფრის თავი არ მაქვს, დილით ადრე უნდა ავდგეო... არადა, შუადღისას იღვიძებს. ბავშვები დედას რომ დაინახავენ, ბედნიერი მიცვივდებიან ხოლმე, ის კი საძინებლიდან გარეთ გამოყრის, კარს ჩაუკეტავს და ძილს განაგრძობს..."

"სუსტი ნერვები რომ მქონდეს, ალბათ უკვე ცოლის მკვლელთა რიგში ვიქნებოდი", - ამბობს გიორგი, რომელსაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, სანაქებო მამა და უზომოდ მომთმენი ქმარია.

გიორგი: - მე და ნათია იმ ასაკში არ დავქორწინებულვართ, როდესაც ჯერ კიდევ არ გაგიცნობიერებია, რას ნიშნავს ოჯახი, რამხელა პასუხისმგებლობას გაკისრებენ შვილები. ბავშვები ხომ მშობლებს ვერ ირჩევენ, თორემ ჩემი შვილები უკეთეს დედას მოძებნიდნენ. ნათია ძალიან ცივად ეპყრობა ბავშვებს, თითქოს მან კი არ გააჩინა ეს ორი ანგელოზი, არამედ ვიღაცამ მიუყარა. ხშირად არ არის შინ. ან მივლინებაშია, ან რომელიმე ე.წ. ელიტურ კაფესა და რესტორანში, ვითომ საქმიან შეხვედრებზე. Bბრუნდება გვიან, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი. ბავშვებს არც კი დახედავს, ისე იძინებს. აღარც ჩემთან ურთიერთობა აინტერესებს. მიზეზები არ ელევა, - დაღლილი ვარ, აღარაფრის თავი არ მაქვს, დილით ადრე უნდა ავდგეო... არადა, დილით კი არა, შუადღისას იღვიძებს. ბავშვები დედას რომ დაინახავენ, ბედნიერი მიცვივდებიან ხოლმე, ის კი საძინებლიდან გარეთ გამოყრის, კარს ჩაუკეტავს და ძილს განაგრძობს...

ნათიას გოგონას შემდეგ, ბიჭზე ორსულობისას დაეწყო ფსიქოლოგიური პრობლემები. წუწუნებდა, მშობიარობას გადავყვებიო. იმის გამო, რომ ზოგადად, ორსულობის დროს ასეთი პრობლემები ჩნდება და ეს ცნობილია მედიცინისთვის, თანაგრძნობის მეტი არაფერი გამაჩნდა მის მიმართ. ბავშვი რომ დაიბადა,  მხოლოდ ერთი თვე უვლიდა, მერე ძიძა დაიქირავა და თვითონ სამსახურში გავიდა.  არც უფროს გოგონაზე ზრუნავდა, არადა, მეორე ორსულობამდე თავს დასტრიალებდა.  რამდენჯერმე ჩემი სიდედრი ეჩხუბა, - რამ გაგაცივა ასე, რამ გაგიქვავა გული შვილების მიმართო. გაიკვირვა, რა აკლიათ ბავშვებს, მე და მამამისი ხომ იმიტომ ვმუშაობთ, რომ მათ ყველაფერი ჰქონდეთ, ან სულისშემხუთველი ალერსი რა საჭიროა, ბავშვები რატომ უნდა გავანებივრო, მეტისმეტი მოფერებით გათავხედდებიანო. ისე გააგიჟა დედამისი, რომ ქალი აღშფოთებული გაიძახოდა, - შვილი კი არა, გველი გამიზრდიაო. ჩემს გასაგონადაც ხშირად უთქვამს, შენ რომ ასეთი ქმარი არ გყავდეს, ვნახავდი, ვინ გაპატიებდა ამასო.

- იქნებ, ნათიას მართლაც მიაჩნია, რომ ნამეტანი არ უნდა ელოლიავოს ბავშვებს?

- რას ამბობთ? რა გამართლება აქვს ქალს, რომელიც ერთკვირიანი მივლინებიდან ბრუნდება და შვილების საძინებელშიც კი არ შედის, მათ ამბავსაც კი არ იკითხავს. მეორე დღეს ისევ საქმეში ერთვება და ერთხელაც არ გაახსენდება შვილები, არ გაუჩნდება სურვილი, რომ ბავშვებთან ერთად სადმე წავიდესდა ასე გააბედნიეროს ისინი.

- იქნებ თქვენ აღარ უყვარხართ.

- მე ჯანდაბას, მაგრამ ბავშვებმა რა დაუშავეს? ვიფიქრე, თუ მღალატობს, სიცრუეში ცხოვრებას გაყრა სჯობს-მეთქი. მაგრამ არ მღალატობს, ეს ნამდვილად ვიცი. ამიტომაც ვითმენ მის ხუშტურებს. უფრო სწორად, იმიტომ ვითმენ, რომ იქნებ ერთ დღეს კვლავ შეიცვალოს და ძველი ნათია დაგვიბრუნდეს. არაერთხელ შევთავაზე, ფსიქოლოგთან ვიაროთ, შენ რაღაცის გეშინია და იმიტომაც აგვითვალწუნე-მეთქი. რას ითხოვთ, გინდა შენ და ბავშვები კერპებად გაქციოთ? ამის გამკეთებელი არ ვარო!  მომიგო უხეშად.

- მზად ხართ სიცოცხლის ბოლომდე ითმინოთ ეს ყველაფერი?

- აქამდე ვფიქრობდი, ბავშვები დედას დროდადრო მაინც რომ ხედავდნენ, მათთვის კარგია და ამისთვის ღირს მოთმინება-მეთქი. ახლა ვხედავ, რომ ითრგუნებიან. უკვე მათაც აღარ უნდათ დედასთან ურთიერთობა. ხშირად ვფიქრობ, იქნებ სჯობს, რომ მართლაც დავცილდეთ და როცა მოუნდება, ბავშვები მაშინ ნახოს-მეთქი.

- თუ გაიყრებით, ბავშვების დატოვების უფლებას მოგცემთ სასამართლო? ამ შემთხვევაში ხომ დედას ენიჭება უპირატესობა...

- ნათიას ერთხელ სიტყვა რომ ჩამოვუგდე ამ თემაზე, მითხრა, თუ გავიყრებით, ბავშვები შენთან იცხოვრებენ, ხომ იცი, როგორი სამსახური მაქვს,  ვერ მოვუვლიო. სამსახური არაფერ შუაშია. ალბათ ბევრი შემაგინებს და იტყვის, - რა კაცი ხარ, ქალს ამდენს როგორ უთმენო, მაგრამ შვილების დაბადების შემდეგ მე მათი ცხოვრებით ვცხოვრობ და როგორც მათთვის უკეთესი მგონია, ისეც ვიქცევი...

სოფო გამრეკელი