"ბინაც დავკარგე და ქალიც"
16-02-2015
"ბინაც დავკარგე და ქალიც"
საყვარელი ქალის გასაცნობად სანდრომ სახლი გაყიდა.  თუმც ამან ვერ უშველა, კაცი  მოტყუებული, ქალი კი ბედნიერი დარჩა.

სანდრო: -  ჩემი სამსახურის და მაკას სამსახურის ოფისი გვერდიგვერდ კორპუსებშია. ჩვენი სამუშაო ოთახების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა. მაკას მაგიდაც ფანჯარასთან იდგა და ჩემიც.  თავიდან განსაკუთრებულს არაფერს ვგრძნობდი, შემდეგ მეჩვენებოდა, რომ მიყურებდა, ბევრჯერ წამისწრია ჟალუზებიდან ფარულად რომ მითვალთვალებდა.   მერე და მერე, მსიამოვნებდა კიდეც მისი თვალთვალი.  მერე ერთი ხანობა გაქრა - თურმე შვებულებაში იყო. მე კინაღამ დეპრესია
მომერია.

როცა დაბრუნდა, გადავწყვიტე, გამეცნო. ვაკვირდებოდი, როდის ემზადებოდა წასასვლელად. მერე კისრისტეხით გავრბოდი, რომ გასასვლელში დავხვედროდი. ამაოდ. საათზე მეტიც კი ველოდი და არ ჩანდა. ვიფიქრე, ალბათ მიწისქვეშა სადგომში აყენებს ავტომობილს-მეთქი. იმდენი ვქენი, რომ იმ კორპუსის ავტოსადგომში გამოვნახე ადგილი ჩემი ავტომობილისთვის - დარაჯს ფულს ვაძლევდი, რომ იქ
არავინ დაეყენებინა. თქვენც არ მომიკვდეთ, ვერ შევხვდი. მაშინ კი გადავწყვიტე, ნაცნობი მეპოვა მის სამსახურში, მაგრამ ამაოდ.

- პირდაპირ მისულიყავი და გამოლაპარაკებოდი, იქნებ გათხოვილი იყო.

- ბეჭედი არასდროს დამინახავს მისი მარჯვენა ხელის არათითზე. როდესაც კაცს უყვარს და ქალის მიმართ გარკვეული აზარტიც უჩნდება, ტვინში უცნაური პროცესები მიმდინარეობს, ამ დროს ნაკლებად გაღელვებს, ჰყავს თუ არა იმ ქალს ქმარი და ა.შ. ავიხირე, რომ მაკა ჩემი ბედი იყო, მე მეპრანჭებოდა, თორემ გადაჯდებოდა იმ ადგილიდან.

მოკლედ, ბევრი ძებნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მისი თანამშრომელი იყო ჩემი მეგობრის ცოლის ნათესავი. გამიგეს გოგოს ვინაობა, ისიც, რომ მარტოხელა იყო და თურმე ბინის შეძენას აპირებდა. ძალიან წუნია არის. ბინა ვერ მოიწონაო. ვიფიქრე, მოდი, მაკლერს მივუგზავნი და ვითომ ვყიდი ბინას, სანახავად მოვა და გავიცნობ-მეთქი. იმ დროისთვის მისი ტელეფონიც ვიცოდი და იმედი მქონდა, რომ ჩემი ბინა, მიუხედავად იმისა, რომ ლამაზი იყო, არ მოეწონებოდა. მე კი, ბოლოს და ბოლოს, შემეძლებოდა მასთან დაახლოება. მართლაც მივუგზავნე მაკლერი, ბინა მოეწონა, ძვირიაო. არადა, მართლა ძვირიანი იყო ჩემი სახლი.

- ფასი დაუკელი?
- დიახ. გაგიჟდა სიხარულით. ბანკთან მოვაგვარებ სესხის საკითხს, სულ რაღაც ერთი კვირა მჭირდებაო... ვგრძნობდი, რომ ძალიან დიდ სისულელეს ჩავდიოდი, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. სულელივით ვფიქრობდი, მაკაც ჩემი იქნება და ბინაც-მეთქი.

- ორივე დაკარგე?

- დიახ. მე დავიგირავე კარგი სახლი, მაგრამ სხვისი. სამსახურში ძველებურად ვიჯექი ჩემს ადგილზე, მაკა შორიდან მესალმებოდა და მერე საერთოდ არ იყურებოდა ჩემკენ. ტელეფონზე ვურეკავდი, არ მპასუხობდა.  მოგვიანებით სახლის ნომერზე დავურეკე, რომ არავინ მიპასუხა, მეზობელს შEევეხმიანე, - ნახე,  ჩემს ყოფილ სახლში შუქი თუ ანთია, იმ გოგოსთან საქმე მაქვს-მეთქი. ის გოგო გათხოვდა და მგონი, საქორწინო მოგზაურობაშიაო. ყურმილი დამივარდა. კარგა ხანს ვერ მოვედი გონს. მივხვდი, რა უტვინოდ მოვიქეცი ამხელა კაცი. ასე ალბათ პატარა ბიჭებიც არ სულელდებიან სიყვარულის თუ რაღაც ახირების გამო.
მაკა საქორწინო მოგზაურობიდანაც დაბრუნდა და... ჩემი ბინაც გაყიდა. რა თქმა უნდა, რეალურ ფასად. ქმართან გადავიდა საცხოვრებლად. მე კი ახლა დავეძებ ბინას, რომელსაც, ვიცი, არავის და არაფერს შევწირავ.

სოფო გამრეკელი

ნონა
26 იანვარი 2017 14:30
რა სისულელეა, ასე უტვინოდ ვინ იქცევა ქალის გაცნობა დღს რა პრობლემაა, თუნდაც გათხოვილის, მერე ვინმემ რომ გკითხოთ კაცები ხართ მაგრები და ქალებს ტვინი არ აქვთ თავში, ფაქტი სახეზეა.
n.j.
26 იანვარი 2017 14:07
აი ამას ქვია ბოდიშით მაგრამ ლენჩი
tEKO
26 იანვარი 2017 11:23
დებილი კაცი

რედაქტორის რჩევით