"მაჭანკალი" პიცა, ანუ როგორ იქცა ქალი გამოძახებით ცოლად...
23-02-2015
"მაჭანკალი" პიცა, ანუ როგორ იქცა ქალი გამოძახებით ცოლად...
სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენიო... ასე დაემართა თინასაც. 35 წლის იყო, სამსახური და მეგობრები იყო მისი ცხოვრება. რაღაც უნდა შევცვალო ჩემს ცხოვრებაშიო და უპირველესად ბინის გამოცვლა გადაწყვიტა. გაზეთ "სიტყვა და საქმეში" სათავისო განცხადებას წააწყდა და ბინის პატრონს დაურეკა, როდის შეიძლება გეახლოთო. ასაკოვანმა ქალმა უპასუხა, - ბინაში მდგმური დაგხვდებათ და დაგათვალიერებინებთო. თინამ გზად პიცა იყიდა - მოგვიანებით მეგობართან უნდა მისულიყო და იფიქრა, ჩაიზე მივირთმევთო.

კარი ახოვანმა ახალგაზრდა მამაკაცმა
გაუღო. თინა მოკრძალებით მიესალმა, კაცი ჯერ დაიბნა, შემდეგ კი ღიმილით ჰკითხა, - თქვენ ალბათ ის ხართო. თინამ, დარწმუნებულმა, რომ ბინის პატრონს გაფრთხილებული ჰყავდა მდგმური, თავი დაუქნია. მასპინძელმა პიცის კოლოფი გამოართვა და მაგიდაზე დადო. თინამ - თუ ნებას დამრთავთ, ბინას დავათვალიერებო. კაცი კი დაიბნა, მაგრამ ღიმილით
დაუქნია თავი და სამზარეულოში გავიდა. ცოტა ხანში ქალს გამოსძახა, - ჩაის დალევთ, თუ ყავა გირჩევნიათო. თინამ - ამდენი დრო არ მაქვსო.  როგორ არ გინდათ, გინდათო, - დაიჟინა კაცმა. ქალი ჯერ ერთ ოთახში შევიდა, მერე მეორეში, არც ერთ საძინებელს არ ჰქონდა ფანჯარა, მხოლოდ იტალიური ეზოს სახლებისთვის დამახასიათებელი შუშაბანდიდან შემოდიოდა სინათლე. მამაკაცი ერთგული ძაღლივით უკან დაჰყვებოდა.

- ეს კედელი მეზობელს ესაზღვრება? - იკითხა ქალმა.
- ამ კედლის იქით ეზოა, ხმა არსად გადის, - გაეღიმა კაცს.
- ე.ი. შეიძლება ფანჯრების ამოჭრა? - დაინტერესდა თინა.
- დიახ, მაგრამ რად გინდათ? - გაუკვირდა კაცს.
- ვერ ვიტან უფანჯრებო სახლს, მით უფრო საძინებლებს, - განმარტა თინამ.
- ეს სახლი ჩემი არ არის და ვერაფერს დავანგრევ, - გაეცინა კაცს.
- ვიცი, - მკაცრად მიუგო ქალმა.

კაცი დაბნეული გავიდა, ქალი თვალიერებას განაგრძობდა. მოიარა აბაზანა, აივანი და როდესაც სამზარეულოში შევიდა, სახტად დარჩა: მისი ნაყიდი პიცა დაეჭრა მასპინძელს, ყავა და ჩაიც გაემზადებინა.
- ეს რა არის? - შეჰყვირა თინამ.
- პიცაა - დაიბნა კაცი.
- რატომ დაჭერით?
- განა ეს ჩვენთვის არ მოიტანე, ერთად არ უნდა გვეჭამა?
- ვინ გგონივარ, ვის ელოდი, ვიღაცაში ხომ არ გეშლები? - ხმას აუწია ქალმა.

ამ დროს მობილურმა დარეკა. ბინის პატრონი იყო, დეპოზიტზე თანხა აღარ მქონდა და მდგმური ვერ გავაფრთხილეო. აღარ მინდა თქვენი ბინაო, - მიახალა თინამ და ტელეფონი გაუთიშა. ამასობაში კაცს დაჭრილი პიცა კოლოფში ჩაელაგებინა და აწურული იდგა. თინამ კოლოფს ხელი დაავლო და თავქუდმოგლეჯილი გავარდა გარეთ.
გგონიათ, ეს ამბავი ასე დამთავრდა? მდგმურმა, რომელსაც ლევანი ერქვა, სახლის პატრონს დაურეკა და უთხრა, რა დღეშიც ჩავარდა. სთხოვა, მომეცით იმ ქალის ტელეფონი, დავურეკავ და ბოდიშს მოვუხდიო. კარგა ხანს ამაოდ ცდილობდა ლევანი თინასთან მობოდიშებას. ერთ დღეს სხვა ნომრით დაურეკა. გაუმართლა - ქალი მშვენიერ გუნებაზე იყო, ახალი ბინაც შეეძინა და გაერემონტებინა კიდეც. ლევანს მშვიდად უთხრა, - ბოდიში მივიღე და თავი დამანებეო. იმარჯვა კაცმა, - პირადად მინდა შეგხვდეთ და ისე მოგიხადოთ ბოდიში, ძალიან მრცხვენია ჩემი საქციელის გამოო. როგორც იქნა, დაიყოლია. პიცაზე დაპატიჟა. ძნელი სათქმელი აღმოჩნდა სიმართლე, მაგრამ მაინც გაუმხილა - ქალი გამოძახებით მეგონეო. თურმე მეგობარი ეხუმრა, - შენთვის ქალი გამოვიძახე და მალე მოგადგება კარზეო. გაგიჟებულა ლევანი, - მეძავებით როდის ვერთობოდი, ახლავე უკან გაიწვიე ეგ შენი საჩუქარიო. ამ დავაში რომ იყვნენ, სწორედ მაშინ გაისმა ზარი კარზე. თქვენ რომ დაგინახეთ, ვიფიქრე, ჩემი მეგობრის გამოგზავნილია-მეთქი, მაგრამ მსუბუქი ყოფაქცევისას არ ჰგავდით და დავიბენიო. მერე უამბო, ცოლი სიმსივნით გარდამეცვალა. ბინა მის სამკურნალოდ გავყიდე. ჩემი პატარა გოგონა, ანასტასია, სიდედრთან ცხოვრობს, მხოლოდ შაბათ-კვირას მომყავსო.

ცხადია, არც ამით დამთავრებულა ყველაფერი. ლევანმა კიდევ დაურეკა თინას, კიდევ შეხვდნენ... მიირთმევდნენ ტრადიციულად პიცას. მერე შვილი გააცნო ლევანმა. ბავშვს ძალიან მოეწონა თინა... რამდენიმე დღის შემდეგ ლევანმა თინას ჰკითხა, - არ გინდა, ანასტასიას დედა გახდეო? დაიბნა თინა. მერე მოეგო გონს და მამა-შვილს თანხმობა გამოუცხადა. ახლა ანასტასიას ძმაც ჰყავს და ყველაფერი ისეა, როგორც ზღაპარში.

სოფო გამრეკელი

მაკა
20 დეკემბერი 2016 18:32
ვკითხულობ და ასეთი წარმოდგენა შენექმნა თქვენს კომენტარებზე. კაცებზეცხართ დაბიღმილი
მაკა
20 დეკემბერი 2016 15:36
ზღაპარ იყო,ზღაპარ იყო...☺მაგრამ მადლობა რომ ცდილობთ ეს უფერული ცხოვრება ამ ასეთი ზღაპრებით შეგვილამაზოთ
natia
30 მაისი 2016 17:54
შეიძლება არ ხდება ასეთი რამე სინამდვილეში,მაგრამ ხომ შეიძლება ხანდახან ზღაპარი დაიჯერო,რა გჭირთ მართლა და მართლა

რედაქტორის რჩევით