მალე დაბრუნდით თქვენს ოჯახებში - კვირის პალიტრა

მალე დაბრუნდით თქვენს ოჯახებში

ვცხოვრობ იმ ქუჩაზე, საიდანაც კვირაში ორჯერ ავტობუსები გადის თურქეთსა და საბერძნეთში. ვუყურებ გულისმომკვლელ გამოსამშვიდობებელ სცენებს, როგორ

ტირიან შვილები, როგორ უმძიმთ დედებს მათთან გამოთხოვება, მაგრამ მაინც ადიან ავტობუსში, რათა წავიდნენ შორს, შორს, საქართველოდან ფულის საშოვნელად. ის შორეული ქვეყანა მათთვის იმედივით ანთია. სჯერათ, იქ შრომა დაუფასდებათ და ოჯახს ფეხზე წამოაყენებენ.

ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი ახლობელი წავიდა უცხოეთში. ვიცი, რა შრომისა და ტანჯვის ფასად უხდებათ იქ ყოფნა, მაგრამ ერთ რამეზე მწყდება გული - დაბრუნებას აღარც აპირებენ. ჩამოდიან, ნახულობენ შვილებს, მშობლებს, ახლობლებს და ისევ უკან მიდიან.

უცხოეთში მათ უკვე მოწყობილი აქვთ ცხოვრება, ამაყად უყვებიან ახლობლებს, რამდენ რამეს "მიაღწიეს" და აღარ უღირთ სამშობლოში დაბრუნება... ვერც კი ხვდებიან, რომ ისინი ყველაზე ძვირფასს - შვილებთან, მშობლებთან და და-ძმასთან ყოფნას, მათი ტკივილის და თუ სიხარულის გაზიარებას არიან მოკლებულნი...

ჩემი შვილებიც უცხოეთში ცხოვრობენ და მუშაობენ; კარგად ვიცი, რას ნიშნავს შვილების გარეშე ცხოვრება, რამხელა ტკივილი და დარდია. ისინი იქიდან მეხმარებიან, იშვიათად მნახულობენ კიდეც, მაგრამ მათი მონატრება დღენიადაგ მტანჯავს. ძალიან ძნელია, როცა შენს სამშობლოში გიჭირს და სამყოფ ფულს ვერ შოულობ, მაგრამ მერწმუნეთ, თქვენს ქვეყანაში გაჭირვებით ცხოვრება გერჩივნოთ სხვაგან დალხენით ყოფნას.

უცხო ქვეყანაში ის სულიერი ფასეულობები იკარგება, რაც აქ აქვს ქართველს. არ შეიძლება იმ სიყვარულის განელება, რასაც მშობლიური, დედაშვილური გრძნობა ჰქვია. მინდა ყველას მივმართო, ვინც ახლა უცხოეთშია წასული: - მალე დაუბრუნდით თქვენს ოჯახებს, ჩვენო შვილებო, დებო და დედებო. თქვენ აქ ყველას ძალიან სჭირდებით.

პატივისცემით, თქვენი მუდმივი მკითხველი ეთერი