"მე უსასრულოდ ლოდინი ვიცი..." - კვირის პალიტრა

"მე უსასრულოდ ლოდინი ვიცი..."

"ბარსელონაში წვიმს, მე კი შენი ფოტო სიყვარულით მავსებს"...

"მე შენ გეძებდი, სულ მენატრებოდი, ვერ გპოულობდი და ვწუხდი. აქ რომ დაგინახე, გავშეშდი, უაზროდ მოგჩერებოდი, კარგა ხანს ვერ მოვიფიქრე, რა გამეკეთებინა. მერე დავმშვიდდი და პირველი წერილიც გამოგიგზავნე... რომ მიპასუხე, სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა.მეგონა, ჩემთან იყავი და გელაპარაკებოდი. მერე მალევე "გავშინაურდით". ბავშვობა ხომ ის ჯადოსნური ხანაა, რომელიც დიდი ხნის უნახავ ადამიანს ხელახლა თამამად დაგაახლოებს. ეკა, შენ ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. ქალებმა იცით ხოლმე ჩემნაირ მამაკაცზე თქმა: - ეს კაცი უგერგილოაო, თუკი ასე უყვარდა, როგორ არ იბრძოლა საყვარელი ქალისთვისო... დამიჯერე, ჩემს საქციელსაც აქვს გამართლება. ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. იცოდე, მართლა ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ლამაზი და ბედნიერი წარსულის უმთავრესი ნაწილი ხარ"...

ეს ელექტრონული წერილი ეკამ ორი თვის წინ მიიღო საიტზე "ოდნოკლასნიკი". განცვიფრდა. განა იმიტომ, რომ წერილი ბარსელონიდან იყო გამოგზავნილი, ბერდოსგან არ ელოდა აღსარებას. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ბერდო მასზე ორი წლით უფროსი იყო, მის ყურადღებას ყველგან და ყოველ წუთს გრძნობდა.  ეკას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, რომ ბერდომ საკმაოდ გვიან დაიწყო ცეკვა, ჯერ სხვა ანსამბლში დახელოვნდა, მერე კი ეკასთან გადაინაცვლა.

მკაცრი ქორეოგრაფი კვირაში სამჯერ ორ-ორი საათი ტყავს აძრობდა თითოეულ მოსწავლეს, თან ეუბნებოდა: ყველა მოცეკვავე არ გამოხვალთ, მაგრამ ჩემი მოსწავლეები საუცხოოდ უნდა ცეკვავდნენო. მერე, სრულიად შემთხვევით, ბერდო და ეკა "ქართულის" წყვილიც გახდა. ეკასთვის ღიმილის მომგვრელი იყო, როცა სხვებთან ურჩი, თამამი ყოჩი მის გვერდით წითლდებოდა, ენას პირში ვერ აბრუნებდა და თუ რაიმეს ჰკითხავდა, სიტყვებს ძლივს პოულობდა.

ბერდომ სკოლა რომ დაამთავრა, ცეკვას თავი დაანება, პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა და ეკას ხშირად ვეღარ ნახულობდა. ერთხელ, ეკას მეგობარმა უთხრა: - ბერდო ნასვამი მივარდნია დათოს და უჩხუბია, ეკას თავი დაანებეო... ეკას ჯერ გაუკვირდა უეცრად გაუჩინარებული ბერდოს სითამამე, მერე კი გაბრაზდა, რადგან დათო მოსწონდა. ის კი ვეღარ გაიგო, როგორ დამთავრდა ბიჭების შელაპარაკება, მაგრამ ბერდო კვლავ გაუჩინარდა, დათო კი სულ ეკას გვერდით იყო. მერე ფეხი დაჰკრა და რუსეთში გადაიხვეწა. ეკა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, მერე, ერთმა თაყვანისმცემელმა გასაქანი რომ არ მისცა, ცოლად გაჰყვა.

გავიდა 15 წელი. ეკას ვერა და ვერ აეწყო ცხოვრება. სრულიად განსხვავებული ხასიათისანი აღმოჩნდნენ ის და მისი ქმარი. შვილების გამო არ გაეყარა და ბევრ რამეზე (ქმრის საშინელ სიმთვრალეზე, ღალატზე, უმუშევრობაზე) თვალს ხუჭავდა. ატყობდა, რომ ეს დათმობა მის ღირსებებს ლახავდა, მაგრამ თავს აღარ დარდობდა, შვილებისთვის ცოცხლობდა.

კარგა ხანია ბარსელონაში ცხოვრობს ბერდო, რომლის წერილიც დასაწყისში გაგაცანით... უცხო ქვეყანაში ქართველს ნოსტალგია ყოველთვის სტანჯავს და რაღა თქმა უნდა, მისთვის წარსულის ყოველი წვრილმან-მსხვილმანი ძვირფასია და მნიშვნელოვანი. მართლაც მეტად ემოციური გამოდგა ბერდოს წერილები, რომელიც ეკას გამოუგზავნა. ქალს გულმა არ მოუთმინა, ნაწილ-ნაწილ გამოგზავნილი ბარათები ამობეჭდა და ჩვენ მოგვაწოდა.

ბერდომ თავის "დაუვიწყარ და ერთადერთ" სიყვარულს მოგვიანებით (როგორც დაჰპირდა) აღსარებასავით ჩააბარა თავისი ადრინდელი და ამჟამინდელი განცდები:

"სამსახურიდან ყოველთვის გვიან ვბრუნდებოდი, არ მეჩქარებოდა შინ მისვლა. მას შემდეგ, რაც "ოდნოკლასნიკებში" გიპოვე, ერთი სული მაქვს, შინ დავბრუნდე და შენს გაღიმებულ ფოტოს ველაპარაკო. ასე მგონია, წინ მიზიხარ და მესაუბრები. შენ ახლა მარტო ჩემი გაუნელებელი სიყვარული კი არა, ჩემი საქართველო და ჩემი ბავშვობა ხარ. ერთიც და მეორეც უსაშველოდ, სიგიჟემდე მენატრება. შეიძლება, არც იცი, რომ მე შვილი მყავს, გოგონა, რომელიც 12 წლისაა და თავის დედიკოსთან ცხოვრობს. ცოლს მალევე დავშორდი, ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს. აქ კი, ყველა ჩემმა მეგობარმა იცის, რომ ჩემი პირველი (და უკანასკნელი) სიყვარული ეკა გ. არის, რომელიც სიშორისა და დროის მიუხედავად, ვერ დავივიწყე. აქ სამშენებლო კომპანია აქვს ერთ ქართველს და მასთან ვმუშაობთ.

...ახლა ბარსაში წვიმს. მიყვარს წვიმიანი ბარსა. ასეთ დროს მოგონებები ცოცხლდება. შენ უფრო დამაბრუნე წარსულში, გეფიცები, ძალიან ბევრ რამეზე მწყდება გული, ჩემი ნება რომ იყოს, ხელის ერთი მოსმით წავშლიდი აწმყოს და ისევ წარსულში დავბრუნდებოდი, ოღონდ მხოლოდ შენთან ერთად. ძალიან მიყვარდი და ეს სიყვარული თითქოს მამუნჯებდა, ძალას მაცლიდა. ყველაფერში რომ გამოგტყდომოდი, იქნებ დღეს სხვისი კი არა, ჩემი ცოლი ყოფილიყავი... რა ბედნიერი ვიქნებოდი. ადრინდელ ამბავს ვიგონებ, შენ ეს არ იცი. სკოლა დამთავრებული მქონდა, ამბავი მომიტანეს, დათოს ეკა უყვარს და მოტაცებას უპირებსო.

გონებადაკარგული დათოს მივეჭერი. მან კი - ხომ არ გააფრინე, ყველამ იცის, რომ ეკა ჩემი საცოლეა, რა საქმეებს მირჩევ, ჭკუაზე მოდი, თორემ მუხლებს დაგიცხრილავო... არ შემშინებია, მაგრამ დავფიქრდი, თუკი ეკა დათოს საცოლედ მიაჩნია ყველას, გამოდის, რომ ეკასაც უყვარს და მის ცოლობაზე თანახმაა, მე კი ძალიან გაბითურებული გამოვდივარ-მეთქი. გულდამძიმებული გამოვბრუნდი.

ერთ გოგოს მოვწონდი, ხელი მოვკიდე და დედაჩემს მივუყვანე, - აი, ესაა შენი რძალი-მეთქი. ორი წელი ძლივს გავძელით ერთად. გადავწყვიტე, რუსეთში წავსულიყავი. წასვლის წინ მოგიკითხე და როცა მითხრეს, დათოს კი არა, სულ სხვა ბიჭს გაჰყვა ცოლადო, გავოგნდი. დათოსაც გვარიანად შევუკურთხე, შენს ქმარსაც და დავტოვე თბილისი.

ახლა ფინანსურად წელგამართული ვარ, სულიერად კი მართლა მიჭირს.  მზად ვარ, გული და ხელი შემოგთავაზო. ჩამოდი შენი შვილებიანად ბარსაში, ერთად ვიყოთ, არაფერს გაგიჭირვებ. ჩემი გული სამუდამოდ შენ გეკუთვნის. მინდა რაღაცით დაგეხმარო, "მიბრძანე რამე, ვეებერთელა ლოდები მთაზე ამატანინე", ჩემო ეკა. პასუხს არ გაჩქარებ. მოიფიქრე და გადაწყვიტე. მე მაინც უსასრულოდ შემიძლია ლოდინი".

P.S. ეკას ჯერ არაფერი გადაუწყვეტია. ჩვენ კი გპირდებით, აუცილებლად დავბეჭდავთ ამ ამბის გაგრძელებას...