რძლის სოფლელობა ადარდებდა და ქმარმა სოფელში კი უკრა თავი... - კვირის პალიტრა

რძლის სოფლელობა ადარდებდა და ქმარმა სოფელში კი უკრა თავი...

გინახავთ რძალი, რომელსაც დედამთილი ოჯახში შესვლის დღიდან ავიწროებს, ის კი სამაგიეროს მხიარულებით უხდის? თაკო  11 წელია, ამ დღეშია, მაგრამ ამბობს, დედამთილი ფოლადივით მაწრთობს და ერთ დღეს, როდესაც ის აღარ მეყოლება, ალბათ ძალიან მოვიწყენო.

დედამთილმა რძალი თავიდანვე აითვალწუნა - თვითონ ვაკელია, ქმარიც ვაკელი ჰყავს, ცხადია, შვილებიც(!), რძალი კი, სამწუხაროდ, თელეთელი, სოფლის გოგო შეხვდა.

თაკო: - ძალიან მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. ჩემი დედ-მამა ერთმანეთის მშობლებს ძალიან დიდ პატივს სცემდნენ. დედამ მამას მარტოხელა, დავრდომილი ბიძაც კი მოიყვანა შინ და სიცოცხლის ბოლო წუთამდე  უვლიდა. ასეთი ოჯახიდან გამოსული ქმრის ოჯახშიც ალალი გულით შევედი. მე და ჩემი ქმარი, გუგა, საკმაოდ ახალგაზრდები ვიყავით, როცა მშობლების დაუკითხავად დავქორწინდით, ჯვარი ჩუმად დავიწერეთ და ყაზბეგში გავიპარეთ. სანამ ჩემი მშობლები მოგვძებნიდნენ, დედამთილმა მოგვაგნო. ძალიან სასაცილო სანახავი კი იყო - შვილს მაღალფარდოვნად, წარბაწეული უმტკიცებდა, - ეს სოფლელი გოგო ვაკელ ბიჭს არ გამოგადგება, ახლავე მშობლებს დაუბრუნეო. თან ჩემკენ ამრეზით იყურებოდა. არ გაუმართლა, რომ შეუხედავი არ ვარ და რამდენჯერაც ჩემზე იტყვის, აბა, რა ჩემი გუგას შესაფერი ეგ არისო, საკუთარი ნათესავებიც კი დასცინიან.

- გუგამ რა უპასუხა, როცა დედა სთხოვდა თქვენს დატოვებას?

- ჯერ ღიმილით უსმენდა, მერე უთხრა, - როდის უნდა მიხვდე, რომ შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე ჩემი, ცოლი კიდევ შენთვის არ შემირთავს, ჩემთვის მინდა. უკვე ჯვარი დავიწერეთ და ნება იბოძე, პატივი ეცი. თუ არ მოგწონს, შენთან ერთად არ ვიცხოვრებთო. არადა, ამის გამკეთებელი იყო ჩემი ქმარი. ამიტომაც დედამისი თავიდან თითქოს მოტყდა. ძალიან ლამაზი ბეჭდები მაჩუქა, - ჩემი რძალი უბრალო ბეჭდით არ უნდა დადიოდესო. მოკლედ, თავისი იმიჯი ადარდებდა. თან სულ მამადლიდა, - რა ბედში ჩავარდი, თელეთელი ვაკეში მოვხვდიო. ერთხელ ისიც კი მკითხა, ტუალეტი სად გაქვთ, სახლში, თუ ეზოში, აბაზანა მაინც თუ გაქვთ მოწყობილიო?

- არ იცოდა, როგორ ცხოვრობდნენ მისი მძახლები?

- არა, არ იყო ნამყოფი ჩვენთან. ნეხვის სუნი იქნება სოფელში და დავიხრჩობიო. ჩემს დედამთილს დაქალებიც მისნაირი ჰყავს. უნდა ნახოთ, რომ მოვლენ, ჩამოსხდებიან, გააბოლებენ სიგარეტს, სვამენ ყავას და რუსულ-ქართულად ჟღურტულებენ. ბევრჯერ გადმოუკრავთ ჩემს სოფლელობაზე, მაგრამ დედამთილისგან განსხვავებით აღნიშნავენ ხოლმე, რომ ლამაზი ვარ. მერე დაამატებენ, სოფლებში ბევრი კარგი გოგოა და თუ კარგი პატრონი გამოუჩნდათ, საბოლოოდ კარგი ქალები დგებიან, აი, თუნდაც როგორც თაკოო. ერთხელ, ჩემმა დედამთილმა გაბედა და წამოვიდა სოფელში. ისე გალაღდა ბუნებაში, რაღაც მომენტში კინაღამ დაავიწყდა ვაკელობა. მერე დაქალებს ეუბნებოდა ჩემს მშობლებზე, - სოფლელები კი არიან, მაგრამ ძალიან მოწესრიგებულად ცხოვრობენ, ცუდი ხალხი არ არისო.

- არ გწყინს ასეთი დამოკიდებულება?

- არა.  მაგისთვის მოვიშლი ნერვებს?  მთავარია, ჩემს ქმარს, მულს, მამამთილს ძალიან ვუყვარვარ, მათგან მხოლოდ პატივისცემას ვგრძნობ. ერთადერთხელ ავფეთქდი, რადგან ზომიერების ზღვარი გადალახა. ვიღაც გოგო მოსწონებია და გუგას უთხრა, როგორ მოგიხდებოდა ის გოგო, მისი ოჯახი და ჩვენ შესანიშნავად გავუგებდით ერთმანეთს. ჯერაც არ არის გვიანო. მაშინ შვილი არ გვყავდა. ჩემი გაბრაზება რა არის, ჩემი მამამთილის გაცოფება  უნდა გენახათ. ცოლს სულ უტვინო ქალი ეძახა. მამამთილი ეჩხუბა ცოლს. ჩემი დედამთილი გაგიჟდა, - ამ სოფლელი გომბიოს გამო მკადრებ ამ სიტყვებსო? მაშინ გუგამ მომკიდა ხელი - წამო, ჩავალაგოთ ბარგი და აქედან წავიდეთ, ეს ქალი დედაჩემი კი არა, ბოროტი დედინაცვალი უფროაო. მამამთილმა - თუ აქედან ფეხს გაადგამთ, უბედურებას დავატრიალებო. ძლივს დაიყოლია გუგა. მას მერე მსგავსი სისულელე აღარ უკადრებია. პირველი შვილი რომ გამიჩნდა, ექიმისთვის უთქვამს, კარგად დაარიგეთ, ბავშვს როგორ მოუაროს, სოფლელი გოგოა და ბევრი არაფერი იცისო. ექიმმა გამძლეობა მისურვა. ნამდვილად არ მაქვს საქმე გასაძლებად, რადგან დედამთილის ნათქვამს გულს არ ვაკარებ. მგონი, თვითონ არის ცუდ დღეში. აბა, წარმოიდგინეთ, ყოველი დღე, 24 საათი ფიქრობს ჩემს სოფლელობაზე და როგორ იღლება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ჩემმა მამამთილმა გარეუბანში მიწა იყიდა და სახლი ააშენა. გაგიჟდა დედამთილი. არ წამოვალო. მაშინ ბინა იქირავე და აქ დარჩი, ამ სახლს ვყიდიო, - გამოუცხადა ქმარმა. ჩემი სოფლელობა ჰქონდა სადარდელი, ახლა იმაზე წუხს, რომ ქმარმა სოფელში უკრა თავი...

სოფო გამრეკელი