"ეს უგუნური კაცი ვერ ხვდება, რა არის ქალისთვის მთავარი ბედნიერება" - კვირის პალიტრა

"ეს უგუნური კაცი ვერ ხვდება, რა არის ქალისთვის მთავარი ბედნიერება"

მაკას ოჯახი ორჯერ დაენგრა - შვილი არ უჩნდებოდა. ორივე ნაქმრევი მეორე ცოლებთან დაწვრილშვილდა და მაკამ დაასკვნა, უშვილო ვარო. თუმცა, ექიმები ეუბნებოდნენ, დედა აუცილებლად გახდებიო.

ლამაზ და ჭკვიან ქალს კაცები თავს დასტრიალებდნენ, მაგრამ კარგა ხანს არავის იკარებდა. მერე შეუჩნდა ერთი, მასზე ასაკით უმცროსი და მაკამ ხელი ჩაიქნია, ცოლად ხომ არ მივყვები, ცოტას გავხალისდებიო. კაცმა ერთ-ერთ ე.წ. ელიტურ, ახალაშენებულ სახლში შეიძინა ბინა მაკასთან შესახვედრად.

მაკა: - მას ცოლიც ჰყავდა და შვილებიც. ჩემი უშვილობა სულაც არ აწუხებდა. მე არ ვთხოვდი, ცოლს გაეყარე და შემირთე-მეთქი, არც პატარა გოგონებივით კლუბები და ბარ-რესტორნები მიზიდავდა. დროდადრო უცხოეთში ვმოგზაურობდით. ჩემს დაბადების დღეზე კი ის ბინა გადმომიფორმა, სადაც ვხვდებოდით.

- გამოდის, თქვენზე ზრუნავდა.

- დიახ, მაგრამ თუ არჩევანის წინაშე დადგებოდა, ვიცოდი, ცოლს არჩევდა...

38 წლის ვიყავი, რომ დავორსულდი. ჯერ მეგონა, მოვიწამლე - გული მერეოდა, ღონეგამოცლილი ვეგდე. ორი კვირა მინერალური წყლისა და დიეტური საკვების გარდა პირი არაფრისთვის დამიკარებია, მაგრამ უფრო და უფრო ცუდად ვხდებოდი. ერთმა მეგობარმა მირჩია, - იქნებ ფეხმძიმობის ტესტი გაიკეთო, ან პირდაპირ გინეკოლოგთან წახვიდეო. სასაცილოდ არ მეყო მისი რჩევა. არ მომეშვა - მოიტანა ტესტი და... გონება კინაღამ დავკარგე მოულოდნელობის თუ სიხარულისგან. ვერ გეტყვით, რა ერქვა იმ გრძნობას. ჩემი მეგობრები ჩემსავით სიხარულით ხტოდნენ, სიხარულის ცრემლებს ვღვრიდით. ის კაცი იმ დროს უცხოეთში იყო, სადაც სწორედ იმის გამო ვერ წავყევი, რომ შეუძლოდ ვიყავი.

- შეატყობინეთ ეს ამბავი?

- არა, ძლივს მოვითმინე... რომ ჩამოვიდა, ბედნიერმა მივახარე, ფეხმძიმედ ვარ-მეთქი. მეგონა, სიხარულისგან ჩემსავით თავბრუ დაეხვეოდა. ყველაფერი პირიქით მოხდა. ჯერ ფერი დაკარგა, მერე ძლივს ამოილუღლუღა, - ექიმთან იყავი, თუ ტესტს ენდეო. ექიმთან ვიყავი-მეთქი. სულ გაიცრიცა, დამუნჯდა. თავი ჩაქინდრა და ამოილუღლუღა, - რას აპირებო. გავოცდი, - რას უნდა ვაპირებდე, შვილზე ვოცნებობდი და გავაჩენ კიდეც-მეთქი. მე არ მჭირდება ეს შვილი, უკვე მყავს შვილებიო. მე კიდევ შენ არ მჭირდები და ბავშვსაც არ ეცოდინება, რომ მამამისი ხარ, აქედან მიბრძანდი-მეთქი. საიდან მაგდებ, ეს ჩემი სახლია და შენ მიბრძანდიო. ჯერ გავოგნდი, მერე უცებ მოვეგე გონს, - ეს სახლი ამ ბავშვის არის, ახლა რომ მუცლით ვატარებ და ბინაც ჩემს სახელზეა-მეთქი. რას იზამდა? მიჩივლებდა? ცოლს რომ ეს ამბავი გაეგო, ხომ დაენგრეოდა ოჯახი? ჩაყლაპა ბოღმა და გაიძურწა.

იმ დღის მერე მისი ლანდი არ მინახავს. არც მასზე ფიქრით მომიკლავს თავი. დღემდე ყველას ვეუბნები, რომ ხელოვნური განაყოფიერებით გავაჩინე ტყუპი. არადა, ჩემი პატარები ბუნებრივად ჩაისახნენ.

ბოლო წუთამდე ისიც კი არ ვიცოდი, ვის ვაჩენდი, რომელი სქესისას. ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ექიმი გავაფრთხილე, რომ ყურადღება მიექცია მხოლოდ ნაყოფის ჯანმრთელობისთვის, მეტი არაფერი მითხრათ დაბადებამდე-მეთქი. როდესაც გოგონა გავაჩინე და ექიმმა მითხრა, - ჯერ არ დამთავრებულა, მეორეც მოდისო, ბედნიერებისგან ყველა ტკივილი დამავიწყდა. ბიჭუნა ისე დაიბადა, ვერც კი გავიგე. საოცრად ბედნიერი ქალი ვარ. ცოტა ხნის წინ ვერც კი ვიოცნებებდი, რომ დედა გავხდებოდი, ახლა კი ორი ანგელოზი მყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შვილების მამის დანახვა არ მინდა, მაინც მისი მადლობელი ვარ. მართალია თავად ვერ ხვდება, მაგრამ ყველაზე ბედნიერ ქალად მაქცია. ეს უგუნური კაცი გონზე არ არის, რა არის ქალისთვის მთავარი ბედნიერება.

სოფო გამრეკელი