"ჩემი შვილის ძიძად დავიწყე მუშაობა" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილის ძიძად დავიწყე მუშაობა"

"დაბადებიდან 4 თვის თავზე პირველად ვნახე ჩემი შვილი"

ადამიანებს, რომელთაც ჰყავთ ოჯახი, ერთგული და მზრუნველი მეუღლე, ჯანსაღი შვილები, აქვთ ნორმალური სამსახური, ხშირად უჭირთ გაუგონ იმ ხალხს, ვისი ცხოვრებაც მარტივად არ აეწყო. მარინეც ერთი მათგანია, ვისაც ვერ გაუგეს, ვერ აპატიეს, რომ საზოგადოებისგან დადგენილ ჩარჩოებს გასცდა. ახალგაზრდა ქალმა ვერ გაუძლო ოჯახის წევრების გულგრილობას და ის, რასაც შეცდომად უთვლიდნენ, მორიგი შეცდომით გამოასწორა...

მარინე: - 18 წლის ვიყავი, სამედიცინო ტექნიკუმში ვსწავლობდი. პედაგოგი შემიყვარდა. ძალიან სიმპათიური იყო. ყველას თვალს უბრმავებდა. მან მე ამირჩია, უფრო სწორად, გასართობად შემარჩია. ყველაფერი ერთი შეხედვით ბანალურად მოხდა. დავფეხმძიმდი. მან უარი თქვა ჩემზეც და ბავშვზეც. გამომიცხადა, არ ღირს წივილ-კივილი, გაგიმართლა, რომ სასწავლებელს ამთავრებ, თორემ შენს თავს გავარიცხვინებდიო. სოფლიდან ჩამოსული, გამოუცდელი, სულელი გოგოს შეშინება იოლი აღმოჩნდა. გული მისკდებოდა. ვგრძნობდი, ოჯახში რა დღესაც დამაწევდნენ. არავინ მიმიღო, ყველამ ხელი მკრა, დედაჩემმა მითხრა, მერჩივნა, მომკვდარიყავი, ეს რა სირცხვილი გვაჭამე, სანამ მუცელი დაგტყობია, აბორტი გაიკეთე, ჩვენგან ნურაფრის იმედი ნუ გექნებაო. თბილისში დავბრუნდი. ტექნიკუმში სწავლისას ვისთან ერთადაც ვცხოვრობდი, იმ გოგომ, მაკამ, სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. მითხრა, მოდი, ჩემთან იცხოვრე და ცხოვრება დაგვანახებს, როგორ მოვიქცეთო. სიხარულით დავთანხმდი - მე ხომ სხვა გზა არც მქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მეგობარმა გულით მიმიღო, მაინც წავედი აბორტის გასაკეთებლად. ექიმმა - ნაყოფი დიდია და ვერ გავრისკავო. მუხლებზე დავარდნილი ვემუდარებოდი, მაგრამ აბორტის გაკეთებაზე ვერ დავითანხმე. მერე შემომთავაზა, ახლობელ ცოლ-ქმარს უნდა ბავშვის აყვანა. ძალიან კარგი ოჯახია, თუ შვილს გაუჩენ, მთელი ორსულობის განმავლობაში გიპატრონებენ და იმდენ ფულსაც მოგცემენ, რომ ცხოვრების მოსაწყობად გეყოს, ოღონდ მათ ვერასდროს შეგახვედრებ, ერთმანეთის ვინაობაც არ გეცოდინებათო. ულაპარაკოდ დავეთანხმე. დანაპირები შეასრულეს. საკეისრო დამჭირდა. ბიჭი გამიჩნდა, მაგრამ თვალით არ მინახავს, ისე წაიყვანეს. ვიტანჯებოდი, ღამით ბავშვის ტირილი მელანდებოდა, ვიჯექი ლოგინში და  ვტიროდი. მივხვდი, რა საშინელებაც ჩავიდინე.

- ოჯახის წევრები შეგირიგდნენ?

- არც მიცდია მათთან ურთიერთობის აღდგენა. როდესაც ყველაზე მეტად  მიჭირდა, მაშინ მკრეს ხელი. სასოწარკვეთილი თავის მოკვლას ვაპირებდი. ერთ დღესაც მაკამ მითხრა, შენს შვილს მივაგენი. ის ოჯახი ძიძას ეძებს და თავი ხელში აიყვანე, მიზანს რომ მიაღწიოო. იმდენად ძლიერი იყო ბავშვთან ყოფნის სურვილი, რომ თითქოს მკვდრეთით აღვდექი.

დაბადებიდან 4 თვის თავზე პირველად ვნახე ჩემი შვილი.

- არასდროს გიფიქრიათ, რომ ბავშვს თქვენს ვინაობას გაუმხელდით?

- არა. ასე დავისაჯე თავი. ოღონდ ჩემი ვაჟი იყოს ბედნიერი და არაფერს დავეძებ. მადლობა ღმერთს, რომ მასთან მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოფნის შანსი მომეცა - ახლა მის შვილებს ვზრდი. ვიცი, რომ მის ხელში თუ არა, სადმე, მის გვერდით დავლევ სულს. იცით, როგორი მზრუნველია, როგორ ვუყვარვარ? ქალი, რომელმაც იშვილა, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ჩვენს ვაჟს ხშირად უთქვამს, კიდევ კარგი, რომ შენ მყავხარ, თორემ დედაჩემის სიკვდილს ვერ გადავიტანდიო.

- თქვენი შვილის ნამდვილი მამის შესახებ რა იცით?

- ნარკოტიკის დიდი დოზით დაიღუპა ძალიან ახალგაზრდა. მაკასაგან ვიგებდი მის ამბებს. მერე იმ კაცის არსებობა საერთოდ დავივიწყე. ალბათ გაგიჭირდებათ ამის დაჯერება, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ჩემს თავს შთავაგონე, რომ ბავშვის ნამდვილი მშობლები მისი მშვილებლები არიან, მე კი გამზრდელი ვარ. არ მინდოდა რამე შემშლოდა და ბიჭისთვის ცხოვრება დამენგრია, ამიტომაც მოვიქეცი ასე. მე მისი თვალებით ვხედავ სამყაროს, მისი გულით ვგრძნობ და საკუთარი აღარაფერი გამაჩნია. ყველაფერი შვილს მივეცი. ის ამაყობს მამით, რომელმაც გაზარდა და თავისი ბიოლოგიური მამა ჰგონია. ამაყობდა ძალიან კარგი დედით, ბედნიერია თავისი წარმომავლობით და რა საჭიროა იცოდეს, რომ ჰყავდა საცოდავი ბიოლოგიური მამა, რომელმაც საკუთარი შვილი უარყო და ცხოვრება ნებსით თუ უნებლიეთ თვითმკვლელობით დაასრულა. ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ თავი დავისაჯე ამ ერთი შეხედვით, თავის მსხვერპლად შეწირვით, მაგრამ ეს სასჯელი კი არა, ბედნიერებაა ისეთი ქალისთვის, რომელმაც შვილი ცხრა თვე მუცლით ატარა, მერე მისი მოცილება მოინდომა და ბოლოს დაუფიქრებლად გააშვილა. ღმერთს ვყვარებივარ, რომ მთელი სიცოცხლე მაინც შვილის გვერდით გამატარებინა.

სოფო გამრეკელი