მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი - კვირის პალიტრა

მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი

ოჯახი ქეთის დიდი ხნის დაკარგულად მიიჩნევდა. 18 წლის გოგონა ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა - კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, ქალებით მოვაჭრე აღმოჩნდა. ქეთის მსგავსად ბევრი ჰყავდა გაუბედურებული. მართალია, ყველამ დააღწია თავი იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც საყვარელი კაცის წყალობით ჩავარდნენ, მაგრამ დიდი ძალისხმევის შედეგად.

ქეთი: - ჩემი 12-წლიანი გაუჩინარების შემდეგ მამას დედაჩემისთვის უთქვამს, ჩვენს შვილს სიმბოლური საფლავი მაინც გავუკეთოთო. დედა ჯიუტად უარობდა - გული მიგრძნობს, ჩემი შვილი ცოცხალია და გამოჩნდებაო. ასეც მოხდა - 30 წლის, ნაადრევად დაბერებული ჩემი ბინის კართან ვიდექი და ვერ ვბედავდი ზარის დარეკვას. მერე მამაჩემის ხმა გავიგონე, კარისკენ მოდიოდა. უცებ თვალთ დამიბნელდა, ჩავიკეცე. გონს იმ ოთახში მოვედი, სადაც ბავშვობა გავატარე. მშობლებმა ძლივს მიცნეს...

- რა მოხდა მაშინ, როდესაც დაიკარგეთ?

- უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი. რეპეტიტორთან დავდიოდი და გვიან მიწევდა შინ დაბრუნება. ერთხელაც სადარბაზოდან გამოსვლისას წავიბორძიკე და დავეცი. ამ დროს ვიღაც ახალგაზრდა კაცი შემოდიოდა, მომვარდა, წამომაყენა, ბინამდე მიმაცილა. ახლობელთან მივდიოდიო, - მითხრა. მეორედაც სადარბაზოში შემხვდა. მერე მივხვდი, რომ შემთხვევითი შეხვედრის სცენა გაითამაშა. ძალიან სიმპათიური იყო და საოცარი ხმა ჰქონდა, თბილი. თუმცა, რამდენადაც კარგი იყო გარეგნულად, იმდენად ავი სული ჰქონდა. დამიახლოვდა, შემიყვარდა. 1992 წელი იყო. ძალიან ცუდი დრო - ახალგაზრდას არ შეეძლო გართობა, ახალგაზრდულად ცხოვრება. გოგას წვეულებებზე დავყავდი, სადაც ძირითადად უცხოელები იკრიბებოდნენ, უფრო ნავთობკომპანიებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოკლედ, იმ კაცთან სიახლოვე მაშინდელ უფერულ ყოფას მიფერადებდა.

ერთ საღამოს მითხრა, ცოლად გამომყევიო. დავთანხმდი. ახლავე გამომყევი და თურქეთში წავიდეთო. მეგონა, მეხუმრებოდა... პასპორტი თან არ მქონდა. არ გვჭირდება პასპორტიო, დაძრა მანქანა და წავედით. გორს რომ გავცდით, მივხვდი, არ ხუმრობდა. ვთხოვე, - სადმე ტელეფონი ვნახოთ და მშობლებს დავურეკავ-მეთქი. დილით დავურეკოთო. ძალიან რომ ავფორიაქდი, უცებ გააჩერა მანქანა, საჭესთან ახლოს პატარა უჯრა გამოსწია, იქიდან რაღაც კოლოფი ამოიღო და მითხრა, დაყნოსე, გესიამოვნება და ცოტა ხანი დაგაწყნარებსო. დავუჯერე... მერე კარგა ხანს არ მოვსულვარ გონზე.

მოკლედ, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, გოგა ტრეფიკინგს ეწეოდა თურქეთში. არ ვიცი, როგორ გადამიყვანეს საზღვარზე. კარგა ხანს ისიც კი არ ვიცოდი, რომელ ქალაქში ვიყავი.

...როდესაც გონს მოვედი, თავს საშინლად ვგრძნობდი, უღონოდ ვეგდე საწოლზე. გოგა ჩემ გვერდით იწვა. ვევედრებოდი, შინ დამარეკვინე, მშობლებს დამალაპარაკე-მეთქი. მითხრა, თბილისში დაბრუნებისთანავე ვინახულებ შენიანებსო. კინაღამ გავგიჟდი, - მე აქ მტოვებ-მეთქი? უპასპორტოდ გარეთ ვერ გაგიყვან, მით უფრო საზღვარზე აუცილებლად დაგაპატიმრებენ. თბილისიდან მალე პასპორტით დავბრუნდები და წაგიყვანო. ავკივლდი - ახლავე დამაბრუნე შინ-მეთქი. ამაოდ...

ორი წლის შემდეგ კიდევ ერთი ქართველი გოგო მოიყვანეს. ისიც ძალიან ახალგაზრდა. ისიც თითქმის ჩემნაირად წამოუყვანია გოგას. ოთხი წლის თავზე უკვე რვა ქართველი გოგო ვიყავით - ყველა გოგას მსხვერპლი. არც ერთს პასპორტი და გარეთ ცხვირის გაყოფის შანსიც კი არ გვქონდა. არავინ დამიწყოს გაკიცხვა, თავის მოკვლაც ბევრჯერ ვცადეთ. იქ არ არსებობდა სიტყვა - არ მინდა, არ შემიძლია და მსგავსი. გცემდნენ, სიკვდილის პირას მიგიყვანდნენ და როგორც ნეკროფილები, ისე იკლავდნენ ჟინს. ერთადერთი გამოსავალი გვრჩებოდა, როგორმე ერთ-ერთს უნდა გამოეღწია იმ ჯოჯოხეთიდან, რომ დანარჩენებს დახმარებოდა. ერთი გოგო გვყავდა, ნათია, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი. ერთი ირანელი მოხიბლა. იმ კაცს შეუყვარდა და იყიდა ბორდელის მეპატრონეებისგან. ერთხანს საყვარლად ჰყავდა, მერე ცოლად შეირთო. დიდი დრო დასჭირდა ნათიას ყველა ჩვენგანის დასახსნელად. მისმა ირანელმა ქმარმა გვიშველა - ყველა ჩვენგანი გამოისყიდა. ისე ვიყავით გაუბედურებულები, რომ იმ ბორდელს გროშადაც აღარ ვუღირდით. მერე ჩვენს ლეგალიზაციას დასჭირდა დრო. ორი წელი ველოდი პასპორტს. ბევრჯერ მინდოდა შინ დარეკვა, მაგრამ თავს ვიკავებდი, გული არ გაუსკდეთ-მეთქი.

- ის გოგა არ დაისაჯა?

- ჩვენს გათავისუფლებამდე დასაჯა განგებამ. ავარიაში მოკვდა. არ ვიცით, ვინ ეხმარებოდა. ეგ რომ გვცოდნოდა, არ გავახარებდით. არადა, გავლენიანი დამხმარეების გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. ცხოვრება დაგვინგრიეს... ახლაც არავინ ვარ. რა არის ჩემი ბოლო? ვის უნდა ჩემნაირი ქალი გვერდით? უშვილძიროდ გადაგებული წავალ ამ ქვეყნიდან. სანამ მშობლები ცოცხალი მყავს, მათ დავკანკალებ. მაგრამ ისინი რომ აღარ იქნებიან, ჩემი ცხოვრებაც აზრს დაკარგავს...

სოფო გამრეკელი