"ქმარ-შვილის საფლავზე თითქოს თავიდან დავიბადე" - კვირის პალიტრა

"ქმარ-შვილის საფლავზე თითქოს თავიდან დავიბადე"

წერილს კარგა ხანს ვინახავდი. დროს ვურჩევდი. ქეთი მაცაბერიძემ თავისი მეგობრის ტრაგედია გვიამბო, რომელიც დიდი სიკეთის საფუძველი გამხდარა.

- ჩემი მეგობრის ერთადერთი ვაჟი და ორსული რძალი ავტოავარიას ემსხვერპლნენ. დარჩნენ მარტოდმარტო 50 წლის გურამი და 48 წლის ელენე. განადგურებულებს თვალებში ვერ ვუყურებდით. გურამმა ვერ გაუძლო ამ უბედურებას და ერთ წელიწადში გულმა უმტყუნა. თავს მოვიკლავდი, მაგრამ იმ ქვეყნად ჩემს ქმარ-შვილს ვერ შევხვდებიო, - ამბობდა ელენე. ქალი მეტ დროს სასაფლაოზე ატარებდა.

ერთხელ მამუკა - ვაჟი დასიზმრებია, - მალე შენს შვილიშვილს ნახავო. ელენეს უფიქრია, ალბათ, დალოცვილი ღმერთი ჩემს წაყვანას აპირებს და მამუკას სიტყვებიც ამის ნიშანი იყოო.

ბრწყინვალე შვიდეულის შემდეგ, სამშაბათს, საფლავთა კურთხევის დღეს, მოხდა სასწაული. საფლავთან ელენეს მტირალი ქალი და პატარა ბიჭი დახვედრია. ქალი თურმე რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ თანდათან ფერს კარგავდა და უცებ ჩაკეცილა. ბავშვი ტირილით მოხვევია, - დედა, არ მომიკვდეო... მოკლედ, ის ბავშვი მამუკას შვილი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც ოჯახმა არაფერი იცოდა. ნინოს და მამუკას ერთმანეთი ჰყვარებიათ. მერე მათი ურთიერთობა გაცივდა. რომანის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნინო ორსულად იყო...

"არც მიფიქრია, რომ ეს ორსულობა დანგრეული ურთიერთობის შესაკოწიწებლად გამომეყენებინა, მაგრამ მამუკას არ დავუმალე, რომ მამა გახდებოდა. მითხრა, დავქორწინდეთო, მაგრამ ცხადია, ჩვენი ოჯახი დიდხანს ვერ იარსებებდა, ამიტომ უარი ვუთხარი.  ძალიან მზრუნველი მამა იყო. თუმცა, ვერ შეძლო თქვენთვის ამ ამბის გამხელა. მერე ცოლი მოიყვანა... როდესაც დაიღუპა, კინაღამ გული გამისკდა. არ ვიცოდი, როგორ მოვსულიყავი, მენუგეშებინეთ და გამეხარებინეთ, რომ თქვენი მამუკა უკვალოდ არ წასულაო", - უთქვამს ნინოს ელენესთვის...

უკვე სამი წელია, ელენე და ნინო ერთად ცხოვრობენ და ლუკასთან ერთად ნაშვილებ ტყუპს ზრდიან. მრავალშვილიანი ოჯახიდან წამოუყვანიათ პატარები... ელენეს გული სწყდება, რომ მისი მეუღლე ვერ მოესწრო ლუკას ნახვას. მისი არსებობა რომ სცოდნოდა, ახლა ცოცხალი იქნებოდა... ლუკას გამოჩენამ სხვანაირად დამანახა ცხოვრება და დამაფიქრა, რომ სამყაროში არაფერი ხდება შემთხვევითო, - ამბობს ელენე.

სოფო გამრეკელი