"ნურავინ ეცდება, გაგვკიცხოს, ჩვენ უპატრონო ქვეყნის უპატ­რონო მოქალაქეები ვიყავით" - კვირის პალიტრა

"ნურავინ ეცდება, გაგვკიცხოს, ჩვენ უპატრონო ქვეყნის უპატ­რონო მოქალაქეები ვიყავით"

ორიოდე კვირის წინ, რუბრიკაში "თქვენთვის, ქალბატონებო" დაბეჭდილმა წერილმა, მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემმა ამბავმა,“განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. ჩვენი რესპონდენტი ქეთი მოგვითხრობდა ამბავს, რომელიც 1992-2004 წლებში გადახდა - ბედის უკუღმართობით თურქულ ბორდელში აღმოჩნდა და ვერც კი იფიქრებდა, რომ ოდესმე თავს დაიხსნიდა იმ ჯოჯოხეთისგან.

რედაქციაში უამრავმა ადამიანმა დაგვირეკა - გვიამბობდნენ ქეთის მსგავსად, სხვადასხვა დროს დაკარგული გოგონების შესახებ. მშობლები გვთხოვდნენ ქეთისთან შეხვედრას, - ჩვენი შვილების ფოტოებს ვაჩვენებთ, იქნებ გოგონები ეცნოს, მათი ასავალ-დასავალი იცოდესო. ქეთი თანახმაა, ნახოს დაკარგულთა ფოტოები, მაგრამ გოგონების უმრავლესობა ძირითადად ბოლო წლებში გაქრა უგზო-უკვლოდ, იმ დროისთვის ქეთი კარგა ხნის დაბრუნებული იყო შინ. სატელეფონო ზარებს შორის ერთ-ერთმა განსაკუთრებით მიიქცია ყურადღება. უცნობმა ქალბატონმა, რომელიც მოგვიანებით მარიკად გაგვეცნო, გვითხრა, რომ ისიც ქეთის მსგავსად იყო დაზარალებული...

მარიკა: - გული მატკინა კომენტარებმა, რომელიც ქეთის ამბავთან დაკავშირებით დაწერა ზოგიერთმა მკითხველმა. რომ ამბობენ, გამოსულიყავი და პოლიციას ჩაბარებოდიო, უნდა ესმოდეთ, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების და ახლანდელი თურქეთი ერთი და იგივე არ არის. ახლაც ყვავის იქ უკანონო, იატაკქვეშა პროსტიტუცია და ტრეფიკინგი იმ წლებში კი უარესი მდგომარეობა იყო. პოლიციაში ბევრი მფარველი ჰყავდათ და ალბათ ახლაც ჰყავთ.

თურქეთში პირველად 1991 წელს წავედი. ვეზიდებოდით საბჭოთა ნაწარმს, ნავაჭრი ფულით "დუბლიონკებს" ვყიდულობდით და აქ მოგვქონდა გასაყიდად. თურქეთში ძირითადად, კაცებთან გვქონდა ურთიერთობა, რადგან ვაჭრობის სფეროში მაშინ ქალები თითქმის არ მინახავს.

ერთხელ ერთმა თურქმა "პარტნიორმა" მე და ორი ქალი ოჯახში დაგვპატიჟა. წავედით, გაგვაცნო ცოლი, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ქალი სატყუარა იყო, რათა შემდეგ ჩასვლაზე უფრო თამამად ვსტუმრებოდით. ამის შემდეგ მარტო მომიწია თურქეთში წასვლამ. ექრემმა მითხრა, სასტუმროში ფული რატომ უნდა დახარჯო, ჩვენთან წამოდი, ჩემი ცოლიც გაიხარებს, ძალიან მოეწონეო. წავყევი. მისვლისთანავე გული გადამიქანდა, იქაურობას საერთო არაფერი ჰქონდა პირვანდელ, ოჯახურ სიტუაციასთან. ვულგარულად ჩაცმული "ცოლი"  ვიღაც კაცებთან ერთად დაგვხვდა. სხვა, ასევე საეჭვო გარეგნობის ქალებიც იყვნენ. შევცბი, - სტუმრები გყოლიათ, ჩემი ადგილი აქ არ იქნება, ვერ შეგაწუხებთ-მეთქი და გამობრუნება დავაპირე. ექრემმა - რას ამბობ, ჩვენთან ერთად მაინც ივახშმე და გაგაცილებო. ეკლებზე ვიჯექი, ერთი სული მქონდა, გავქცეულიყავი. გული ავს მიგრძნობდა. როდესაც ავდექი, ექრემმა გაიცინა, - ახლა ქუჩაში სიარული სახიფათოა, უპასპორტოს შენც დაგაპატიმრებენ და მეც მომხვდებაო. შევიცხადე, უპასპორტობა რა შუაშია-მეთქი და ჩანთა მოვიკითხე, რომელიც პალტოსთან ერთად დავკიდე შემოსასვლელში. პასპორტი აღარ იყო. ამომაცალეს. რომ წარმოვიდგინე, რა მელოდა, კინაღამ გონება დავკარგე შიშით. არა უშავს, პოლიციას ვეტყვი, რომ დამეკარგა-მეთქი. არაფერსაც არ ეტყვი, ვერსადაც ვერ წახვალო - ხელი უხეშად წამავლო ექრემმა, ოთახში შემაგდო და კარი ჩამიკეტა. ასე დაიწყო ჩემი ჯოჯოხეთი.

ორი წელი სიკვდილს ვნატრობდი. საშვილოსნოს ფიბრომა მქონდა. ექიმის მოთხოვნას აზრიც არ ჰქონდა, არც მოიყვანდნენ, ამასთან, ისე მინდოდა სიკვდილი, რომ კვნესით ვიტანდი ტკივილებს. ბოლოს, მონასავით ვიღაც ფერმერს მიმყიდეს პლანტაციებში სამუშაოდ. იქ რუსი, უკრაინელი, ყაზახი ქალებიც ჰყავდათ, ყველა ჩემსავით ბორდელებიდან ჩამოწერილი. ალბათ ჩემზეც იტყვიან, რას მიეთრეოდი თურქეთშიო. ქვრივი ვიყავი, ორი შვილი მყავდა გასაზრდელი და სამსახურები რომ დაიკეტა, პურის ფულიც კი არ გვქონდა. რა გამოსავალიც გამოჩნდა მაშინ, იმას მივმართე.

...ერთ დღეს პლანტაციაში მუშაობაც ვეღარ შევძელი. ფეხზე ვეღარ წამოვდექი. გამწარებული დედას ვუხმობდი, მიშველე-მეთქი... ზედამხედველს ბებია ჰყოლია ქართველი. ეცნო ქართული სიტყვები. შევეცოდე. ჩვენს პატრონს სთხოვა, მე მივხედავ, თუ ნებას მომცემთო. საავადმყოფოში წამიყვანა, ოპერაცია გამიკეთეს, ყველაფრის ხარჯი თვითონ გაიღო. ჩემი პასპორტიც დაიბრუნა ექრემისგან. დამაყენა ფეხზე და საზღვრამდე მომაცილა. იმ კაცისა და მისი ოჯახის მიმართ სახალხოდ გამოვხატავ მადლიერებას... ძალიან მინდოდა ექრემისთვის პასუხი მეგებინებინა, მაგრამ ყველა ტკივილი გულში დავმარხე, რომ ჩემი უბედურება უფრო არ გახმიანებულიყო...

ბევრმა ქალმა გადაიტანა მსგავსი ტრაგედია და ნურავინ ეცდება, გაგვკიცხოს, ქვა გვესროლოს. ჩვენ უპატრონო ქვეყნის უპატრონო მოქალაქეები ვიყავით. სახელმწიფოს არც ის შეეძლო, რომ დავესაქმებინეთ და ოჯახები გვერჩინა და არც უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დაკარგულებს გვეძებდა. დედაჩემმა მაშინდელ სამართალდამცავებს კი მიმართა, მაგრამ ვერ მიაგნეს ჩემს კვალს. სავარაუდოდ, არც უძებნიათ. ახლაც არ არიან დაცული ემიგრანტები, მაშინ კიდევ უფრო დაუცველები იყვნენ.

სოფო გამრეკელი

იხილეთ ასევე: მეძავად გაყიდული გოგონას თავზარდამცემი ამბავი